Facebook Twitter

საქმე # 330100119003211603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №20აპ-21 ქ. თბილისი

ფ–ი ა., 20აპ-21 24 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით ა. ფ–ი - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ფ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;

ა. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 ივლისიდან;

ა. ფ–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს ,,აკად. ...........ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ (...........) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელოს საერთო წესით;

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ფ–მ დაუდგენელი პირისაგან შეიძინა, „ოპელ კომბო“ მოდელის №...... ავტომანქანაში უკანონოდ შეინახა და 2019 წლის 8 ივლისს ს-ს გამშვები პუნქტის გავლით ..........ში უკანონოდ შემოიტანა ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი აბი, 6 ცალი აბის ნატეხი და 2 ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული აბის ნატეხები ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 41,03 გრამი, რომელიც წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ აბებს, აბის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,82 გრამი.

აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 9 ივლისს ამოიღეს ა. ფ–ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ფ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენი ა. ფ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ა. ფ–ს ადვოკატმა ნ. ლ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში გამართლება.

კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ფ–ს მიმართ ...........ოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენი მითითებულ ეპიზოდში ძირითადად დააფუძნეს გამოძიების ეტაპზე ბრალდებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ მან გერმანიიდან საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ფ–ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no. 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.

3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ეპიზოდში ა. ფ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. კასატორის მტკიცებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა მისი ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. დაცვის მხარის მტკიცებით მსჯავრდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინა და შეინახა.

5. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 28 ნოემბრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N........... დასკვნით ა. ფ–ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - ..; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ამასთან, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა. ფ–ს აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, ზომიერად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

6. სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის - მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები, არ შეუძლია ჩვენების მიცემა - გათვალისწინებით საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისგან ინფორმაციის კონკრეტიზაცია ვერ მოხერხდა.

7. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ პ. მ–ს 2020 წლის 25 ივნისის პატაკის თანახმად, სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ ა. ფ–ი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და ეწევა მის უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციით, ა. ფ–ი 2019 წლის 19 ივნისს გაფრინდა ..........ას რესპუბლიკაში, საიდანაც ...........ში უკანონოდ უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას შესაძლოა, შენახული ჰქონდეს როგორც პირადად, ისე სხეულში შენიღბულად.

8. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ პ. მ–ს 2020 წლის 8 ივლისის პატაკის თანახმად, სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ ა. ფ–ი ..........ის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა ............ოს რესპუბლიკაში ავტომანქანა ,,ოპელ კომბოთი“, სატრანზიტო სანომრე ნიშნით №...... და მიემგზავრება თ..........ის მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, ა. ფ–მ ..............ში უნდა შემოიტანოს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს როგორც პირადად, ისე - ავტომანქანაში.

9. 2019 წლის 26 ივნისის საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, ა. ფ–ს 2010 წლის 1 იანვრიდან ხშირად უფიქსირდება ...........ოს სახელმწიფო ტერიტორიიდან გასვლა და უკან დაბრუნება, მათ შორის, 2019 წლის 19 ივნისს, 10:05 საათზე, ა. ფ–ი გავიდა ს..........ოს ტერიტორიიდან ...............ს საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ხოლო 2019 წლის 8 ივლისს, 15:02 საათზე, შემოვიდა ..........ოს ტერიტორიაზე ........ს გამშვები პუნქტის გავლით.

10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, დაცვის მხარის მიერ ......ის საბაჟო - გამშვები პუნქტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 2019 წლის 8 ივლისს, 14:30 საათზე, ა. ფ–ი „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანით შედის ..........ის საბაჟო - გამშვებ პუნქტში, სადაც იქ მყოფი მებაჟეები ა. ფ–თან ერთად ამოწმებენ ავტომანქანას. კადრში ჩანს მხოლოდ ავტომანქანის საბარგულში არსებული ნივთები და მათი ზედაპირული დათვალიერება. ავტომანქანის სალონში არსებული ნივთები ვიდეოჩანაწერში არ ჩანს.

11. ავტომანქანის ჩხრეკის 2019 წლის 9 ივლისის ოქმის თანახმად, 2019 წლის 9 ივლისს, 02:18 საათიდან 02:58 საათამდე დროის შუალედში, ..............ის 30-ე კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ა. ფ–ს „ოპელ კომბოს“ მარკის ავტომანქანის, ტრანზიტული სახელმწიფო ნომრით - №......., ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის სალონში მოთავსებული ბალახის საკრეჭი აპარატის ძრავის მექანიზმიდან ამოიღეს - მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში შეხვეული, მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის 99 ცალი აბი, თითოეულ მათგანზე ამოტვიფრული ლოგოთი „...“, 3 ცალი მოვერცხლისფრო ფერის კონვალუტის ნაჭერი, რომელთაგან ორ მათგანში მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 ნატეხი.

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში მითითებულია ა. ფ–ს განცხადება, რომლის თანახმად, მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული 99 ცალი აბი, 3 ცალი კონვალუტის ნაჭერი - ორ მათგანში მოთეთრო ფერის ნივთიერებით, ხოლო ერთ მათგანში - აბის 6 ნატეხით, ვინმე დ. ა-მ ფულადი თანხის სანაცვლოდ გ-დან გამოატანა ს-ში. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს თავად ა. ფ–ი.

12. 2019 წლის 9 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N............ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ა. ფ–ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე 99 ცალი მთელი აბი, 6 ცალი აბის ნატეხი და ორ ცალ კონვალუტის გადანაჭერზე განთავსებული აბის ნატეხები, ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 41,03 გრამი, წარმოადგენს ერთნაირი ქიმიური შემადგენლობის ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ აბებს, აბის ნატეხებსა და ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა - 0,82 გრამი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისათვის ჯერ კიდევ 2019 წლის 25 ივნისს იყო ცნობილი შესაძლო დანაშაულის - ა. ფ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების .............ოს ტერიტორიაზე შესაძლო შემოტანის - შესახებ (იხ. პ. მ–ს პატაკი და გამოკითხვის ოქმი). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმავე დღეს (2019 წლის 25 ივნისს) გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლთან ერთად დაიწყო ასევე საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით, ხოლო სასამართლოს განჩინება ა. ფ–ს პირადი ჩხრეკის შესახებ გაცემული იქნა 2019 წლის 26 ივნისს.

14. აღნიშნულის მიუხედავად, საქმეში არ არის წარმოდგენილი საბაჟო კონტროლისას ა. ფ–ს ავტომანქანის (საბარგულში და სალონში მოთავსებული ნივთების) დათვალიერების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა ბრალდების მხარის პოზიციას (საქმის მასალებში წარმოდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მსჯავრდებულის მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ საბარგულში არსებული ნივთები და მათი ზედაპირული დათვალიერება); საქმის მასალებით ასევე არ დგინდება ა. ფ–ზე საბაჟოდან გამოსვლის შემდეგ მის შეჩერებამდე უწყვეტი კონტროლის არსებობა ( იხ. ტ.1, ს.ფ.74-78). სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსგავსი ტიპის საქმეზე ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ზედაპირული შემოწმების ან/და ჩხრეკის ამსახველ დოკუმენტაციას - მათ შორის ვიდეოკამერის ჩანაწერს. ამასთან, გამოძიების ორგანოს მიერ ინფორმაციის წინასწარი ქონა, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სამართალდამცავ პირებს მოემზადონ და მოიპოვონ უტყუარი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში კი, მსჯავრდებულის ავტომანქანის ჩხრეკა მოხდა საბაჟო კონტროლისა და ტერიტორიის დატოვების შემდეგ 11 საათზე მეტი (საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, ა. ფ–ი 2019 წლის 8 ივლისს, 15:02 საათზე, ს-ს გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა ..........ოს ტერიტორიაზე, ხოლო ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა დაიწყო 2019 წლის 9 ივლისს, 02:18 საათზე ...................ის 30-ე კილომეტრზე) დროის ინტერვალით საბაჟოდან მოშორებით, მსჯავრდებულზე უწყვეტი დაკვირვების არ არსებობის პირობებში, რაც არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების ...........ოს ტერიტორიაზე შეძენას. უწყვეტი დაკვირვება და საბაჟო კონტროლისას მსჯავრდებულის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების სრული (სალონის ჩათვლით) ვიდეო ფიქსაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შეძენის გამორიცხვისთვის.

15. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკის ჩამტარებელი პირების - მ. მ–სა და შ. ქ–ს გამოკითხვის ოქმებზე (უდავოდ ცნობილი მტკიცებულება), რომელთა თანახმად, მსჯავრდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ტრანზიტული სანომრე ნიშნით ......... შემჩნეული იქნა ...........ის 30-ე კილომეტრზე, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მდგომარეობაში (ა. ფ–ი ავტომანქანით იყო გაჩერებული. იხ. ტ.1, ს.ფ.75,78).

16. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის აღმოფხვრილი გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ა. ფ–მ ნარკოტიკული საშუალებები ...........ოს ტერიტორიაზე შეიძინა და შეინახა. მტკიცებულებები - ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, გამომძიებლების - მ. მ–სა და შ. ქ–ს გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთიერება და ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ა. ფ–ს ავტომანქანიდან ამოღების ფაქტს.

17. იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასამართლო განხილვის ეტაპზე ა. ფ–ს არ შეეძლო სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა ფაქტები, ასევე არ შეეძლო ჩვენების მიცემა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას - გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნოს ა. ფ–ს მიერ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში გაკეთებულ განცხადებას ან/და გამოკითხვის ოქმს, სადაც ის უთითებს, რომ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გ...........დან .............ში ფულადი თანხის სანაცვლოდ გამოატანა ვინმე დ. ა-მ, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული განმარტებების გაკეთებისას ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა. ფ–ი იყო შერაცხადი. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

18. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ფ–ს მიერ ს...........ში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის მტკიცების ნაწილში იმაზე მითითებით, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტის ვიდეოჩანაწერში კადრს მიღმაა დარჩენილი ავტომანქანის სალონი, სადაც სათიბი (მისი პარამეტრების გათვალისწინებით), რომელშიც ნანახი იქნა ნარკოტიკული საშუალება, თავისუფლად მოთავსდებოდა. აღნიშნული მსჯელობა წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი.

19. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების ერთობლიობით (პატაკები, მოწმეთა ჩვენებები, ჩხრეკის ოქმები, დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, საზღვრის კვეთის მონაცემები და საქმეში არსებული სხვა მასალები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება, რომ ა. ფ–მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

20. საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაამკაცროს გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის გამო.

21. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. შესაბამისად, ა. ფ–ს, როგორც ნასამართლობის არმქონე პირს, 1/4-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ფ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ფ–ს 1/4-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5. ა. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 ივლისიდან;

6. მსჯავრდებულ ა. ფ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე