საქმე # 160100119002818127
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №216აპ-21 ქ. თბილისი
ი–ი ზ., 216აპ-21 3 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე, მ..........ს რაიონის სოფელ ............ში, ი. მ–ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე ი–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ზ. ი–მ, სახის არეში გაშლილი ხელის ერთჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ა. ი–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით ა. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ზ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით ს. ი–ს (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი თანხა - 5000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
ზ. ი–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ზ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ა. ი–მ (მეუღლე) და მოწმე ს. ი–მ (მამა) პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მეუღლისა და შვილის - ზ. ი–ს წინააღმდეგ.
9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით - გარეგანი დათვალიერებით ა. ი–ს 31.12.18 წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
10. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა ა. ი–მ ხელის დემონსტრირებით მიუთითა მისაღები ოთახის მარჯვნივ მდებარე სამზარეულო ოთახისაკენ, სადაც 2018 წლის 31 დეკემბერს მისმა ქმარმა - ზ. ი–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა როდესაც დაზარალებული სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარს ამბობს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის, როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20).
11. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ბრალდებულის ბრალეულობა მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული ქმედების ჩადენაში.
12. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.
13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე