ას-297-595-04 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. პ-მა და ა. რ-ემ იკისრეს ვალდებულება ბ. გ-ის წინაშე გარაჟის მშენებლობისა და ბინის მიშენების შესახებ, რისთვისაც ბ. გ-ემ მათ გადაუხადა ბეს სახით თანხა. იმის გამო, რომ მშენებლებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ. პ-ისა და ა. რ-ის მიმართ და მოითხოვა მათზე 12000 ლარის დაკისრება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბ. პ-სა და ა. რ-ეს დაეკისრათ 12000 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად ბ. გ-ისათვის.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრები შეიტანეს ბ. პ-მა და ა. რ-ემ.
ამავე სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით ა. რ-ისა და ბ. პ-ის საჩივრები დაუსწრებელ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა მათი ზეპირი მოსმენა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 27 თებერვალს ბ. პ-ის, ა. რ-ისა და მისი წარმომადგენელი ა. გ-ის გამოუცხადებლობის გამო მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბ. პ-სა და ა. რ-ეს ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 12000 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად.
ა. რ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 17 ნოემბრის სხდომაზე ბ. გ-ის გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში, ბ. გ-ე არ ესწრებოდა საქმის განხილვას, ხოლო აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეს შეეძლო საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ბ. გ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 დეკემბრის განჩინებით ბ. გ-ის საჩივარი სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა მისი განხილვა სასამართლო სხდომაზე 2004წ. 30 იანვარს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინებით ბ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი არ იყო ისეთი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. 2003წ. 8 ოქტომბერს მოცემული დავის განხილვა გადაიდო იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარებია მოწინააღმდეგე მხარეს. 2003წ. 20 ოქტომბერს დანიშნული სხდომა გადაიდო ბ. გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა მისი ავადმყოფობის გამო, მის მიერ მითითებული დღეების გათვალისწინებით. შემდეგი სხდომა დაინიშნა 2003წ. 17 ნოემბრისათვის, რის შესახებაც ეცნობა ბ. გ-ეს. მან განცხადება შეიტანა სააპელაციო სასამართლოში, სადაც მიუთითებდა, რომ იყო ავად, რის გამოც მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის, გარდა მის მიერ განცხადებაში მითითებული დღეებისა. ბ. გ-ემ საქმის განხილვის გადადება მოითხოვა მეორედ, ავადმყოფობის გამო, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ბ. გ-ემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეს სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეუძლია საქმე სასამართლოში აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საოლქო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო 2003წ. 17 ნოემბერს 17 საათზე. ბ. გ-ე იმ დღეს საოლქო სასამართლოში სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობდა 11 საათიდან 13 საათამდე. ვინაიდან კასატორი მეორე ჯგუფის ინვალიდია და ხშირად ავადმყოფობს, იგი საჭიროებს სისტემატურად პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღებას. მას 2003წ. 17 ნოემბერს 14 საათზე გაუთავდა საჭირო წამალი, რის გამოც მან ვერ შეძლო სასამართლოში 17 საათისათვის დანიშნულ პროცესზე მონაწილეობის მიღება. მან ამის თაობაზე აცნობა მოსამართლის თანაშემწეს და განცხადება დატოვა კანცელარიაში, სადაც მიუთითა, რომელ დღეებში არ უნდა ჩაენიშნა სააპელაციო პალატას მოცემული საქმის განხილვა, რადგან ბ. გ-ეს სხვა საქმეების განხილვა ჰქონდა დანიშნული სასამართლოებში. სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა კასატორის მიერ საქმეში წარდგენილ მისი ავადმყოფობის ისტორიას, სადაც მითითებულია, რომ იგი დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობებით. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ ბ. გ-ეს შეეძლო წარმომადგენელის მეშვეობით ეწარმოებინა მოცემული საქმე, რადგან 2003წ. 17 ნოემბერს მას ამის პრაქტიკული შესაძლებლობა არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების და იმავე სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე რაიონული სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლო გასცდა ამ მოთხოვნის ფარგლებს და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გააუქმა მხოლოდ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ იმსჯელა იმავე სასამართლოს 2001წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არ დააკმაყოფილა კასატორის სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასწორად დააკისრა ბ. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით ა. რ-ის სასარგებლოდ, რადგან კასატორი ომის ინვალიდია და იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. რ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2003წ. 20 ოქტომბერს გადაიდო ბ.გ-ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი საქმის განხილვის გადადებას ითხოვდა მისი ავადმყოფობის გამო, მის მიერ მითითებული დღეების გათვალისწინებით. სასამართლო სხდომა გადაიდო 2003წ. 17 ნოემბერს, რის შესახებაც ბ. გ-ე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იყო გაფრთხილებული. მან 2003წ. 17 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მიუთითა, რომ იგი სასამართლო სხდომის დღეს გამოცხადდა საოლქო სასამართლოში, მაგრამ წნევამ აუწია და სხდომას ვერ დაესწრება და მოითხოვა სხდომის გადადება სხვა დროისათვის 26,27 და 28 ნოემბრის გარდა და ასევე 2,4,8,9 და 18 დეკემბრის გარდა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით ბ. გ-ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, რადგან იმ დღეს მისი ავადმყოფობა ვერ დაადასტურა სათანადო სამედიცინო ცნობით. მან ავადმყოფობის მიზეზით უკვე მეორედ მოითხოვა სააპელაციო პალატის სხდომის გადადება; სააპელაციო პალატამ ასევე კანონიერად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბ. გ-ეს შეეძლო საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის პირველი წინადადების შესაბამისად მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად გამოიყენა სსკ-ის 241-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 233-ე მუხლში მითითებული გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა; ხოლო ბ.გ-ის მიერ მითითებული მიზეზები კი არ ჩაითვალა სსკ-ის 241-ე მუხლში მითითებულ სხვა საპატიო მიზეზად.
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. გ-ეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
დადგენილია, რომ ბ. გ-ე არის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. «სახელმწიფო ბაჟის» შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ყველა სარჩელებზე. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ნორმა და სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2004წ. 30 იანვრის განჩინებით ისე დატოვა უცვლელად, რომ ბ.გ-ე არ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბ. გ-ისათვის ა. რ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული 30 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე.
ბ. გ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ა. რ-ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საქართველოს ბანკის დიდუბე-ჩუღურეთის ფილიალში გადახდილი თანხა 30 ლარი. ბანკის ¹220101564; ბანკის კოდი – 220101107 ანგარიშიდან, რომელიც გადახდილია თბილისის საოლქო სასამართლოში განსახილველი საქმისათვის.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის 2004წ. 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.