საქმე # 160100120003685007
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №219აპ-21 ქ. თბილისი
კ-ი ნ., 219აპ-21 22 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძისა და მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა.
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორივე ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ლ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. კ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 14 მაისის ეპიზოდი).
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 12 მაისს, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის შუალედში, მ........ს რაიონის სოფელ ..........ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნ. კ–მ ორჯერ თავის არეში და ერთხელ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ. კ–ზე, რის შედეგადაც რ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ. კ–მ 2019 წლის მაისიდან 2020 წლის 14 მაისამდე, ყოველ მეორე დღეს, სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების გზით, ფსიქოლოგიურად, ხოლო 2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ............ს რაიონის სოფელ .........ში, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მუშტის თავის არეში დარტყმის, ხელზე ხელის მოჭერისა და შენჯღრევის, ასევე, კედელზე მიჯახების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ. კ–ზე. ნ. კ–ს ქმედების შედეგად რ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ .........ში, თავის სახლში, ნ. კ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - რ. კ–ას. კერძოდ, უთხრა, რომ დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი სახლი, თორემ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა რ. კ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენით:
ნ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2020 წლის 12 მაისის ეპიზოდი).
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 მაისიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. კ–მ 2020 წლის 14 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მ......ს რაიონის სოფელ .........ში, მათ მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მუშტის თავის არეში დარტყმის, ხელზე ხელის მოჭერისა და შენჯღრევის, ასევე, კედელზე მიჯახების გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - რ. კ–ზე. ნ. კ–ს ქმედების შედეგად რ. კ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებას ნ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ეპიზოდში და ამ ნაწილშიც მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მსჯავრდებულ ნ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2020 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ. კ–ს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებისათვის.
8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ნ. კ–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძისა და მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე