საქმე # 050100117002098854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №228აპ-21 ქ. თბილისი
ა–ი ე., 228აპ-21 23 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ა–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული ე. ა–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანასა და ე. ა–თვის სასჯელის მინიმუმის შეფარდებას.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ჩხაიძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ე. ა–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ე. ა–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 საათზე, ლ........ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში, ს.........ის ..-ე კილომეტრზე, ყ........ის რესპუბლიკის მოქალაქე ე. ა–ი ,,რენაულტის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით .........., თავისი ,,ლაგის’’ მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით ..........., მოძრაობდა ..........დან სუფსის მიმართულებით. ე. ა–მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 21-ის პუნქტი 12-ის და 13-ის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, მძღოლი ვალდებულია, მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, ასევე მძღოლს ეკრძალება მოძრაობა სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, რის შედეგად სატვირთო ავტომანქანის გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსს’’, სახელმწიფო ნომრით ...... შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მძღოლი - ი. ჯ–ს ძე ქ–ე, ასევე მგზავრები: გ. მ–ს ასული გ–ე, ა. ჯ–ს ასული ქ–ე, გ. ნ–ს ძე ბ–ე და ა. გ–ს ასული ბ–ე, ხოლო ჯ. ე–ს ძე ქ–მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა. სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება. ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (ე. ა–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული; ამასთან, მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის სატრანსპორტო დანაშაული, მოძრაობდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში არსებული გაუმართავი მისაბმელით, რის გამოც სატვირთო ავტომანქანის გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყვეტილი მისაბმელი შეეჯახა საპირისპირო სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომანქანას, რასაც შედეგად მოჰყვა ხუთი ადამიანის გარდაცვალება; მას დაზარალებულისა და გარდაცვლილთა ოჯახებისათვის, რომლებსაც დარჩათ მცირეწლოვანი შვილები და ასაკოვანი მშობლები, რაიმე სახის მატერიალური დახმარება არ გაუწევია) და ე. ა–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ა–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე