Facebook Twitter

ას-30-332-04 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ბ-ე 1980 წლიდან მუშაობდა ქ.თბილისის ¹... ბაგა-ბაღის გამგედ, ხოლო 2002წ. 8 ოქტომბრიდან ამავე ბაგა-ბაღის ქართული ჯგუფის მე-2 ცვლის აღმზრდელად. 2002წ. 25 დეკემბერს სამუშაო საათებში ი. ბ-ესა და თბილისის ¹... ბაგა-ბაღის გამგის – თ. გ-ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება, ამ უკანასკნელის ბაგა-ბაღის დირექტორად დანიშვნის თაობაზე, რა დროსაც ი. ბ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ. გ-ეს, რის შედეგადაც მას მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. კონფლიქტთან დაკავშირებით, 2002წ. 26 ნოემბრის ¹230-ე ბრძანებით, ი. ბ-ე, რომელიც აღმზრდელობით ფუნქციებს ასრულებდა 2002წ. 25 ნოემბრიდან გათავისუფლდა ¹...-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან შკკ-ს ...-ე მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად.

ი. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თბილისის ¹... ბაგა – ბაღის ადმინისტრაციის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2202წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ე აღდგენილ იქნა ქ.თბილისის ¹... ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ არ შეიძლება ჩაითვალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მუშაკს შორის, პირადი დამოკიდებულების გამო, მომხდარი კონფლიქტი ამორალურ გადაცდომად და თანაც ისეთად, რომელიც თითქმის 23წ. პედაგოგიური სტაჟის მქონე მუშაკს უფლებას წაართმევს, განახორციელოს აღმზრდელობითი მუშაობა. შკკ-ს 37-ე მუხლის შესაბამისად, იმ საწარმოში, დაწესებულებისა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ პროფკავშირის ნებართვის გარეშე დაუშვებელი იყო ადმინისტრაციის ინიციატივით მოსარჩელეს სამუშაოდან დათხოვნა. ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სარჩელი სასამართლოში კანონით დადგენილ ვადის დარღვევით აქვს შეტანილი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის ¹...-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა თ. გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის ¹... ბაგა-ბაღის დირექტორის _ თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ი. ბ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2002წ. 27 ნოემბრიდან ი.ბ-ისთვის ცნობილი გახდა მისი სამუშაოდან დათხოვნის, ბრძანების არსებობის თობაზე. მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვილ იქნა 2003წ. 26 ნოემბერს, მან კი სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 7 მარტს ანუ 3 თვისა და 7 დღის შემდეგ. დადგენილად ცნო ისიც, რომ ი.ბ-ეს უკანასკნელი ანგარიში გაუსწორეს 2002წ. დეკემბერს ანუ იგი დაეთანხმა სამუშაოდან დათხოვნას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ი.ბ-ეს გაშვებული აქვს სასამართლოსთვის მიმართვის შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო სამართლის ნორმების დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სამუშაოზე აღდგენაზე იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელეს ერთი თვის ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რითაც მან გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მას ბრძანება გათავისუფლების შესახებ ჩაბარდა 2003წ. 27 თებერვალს და საბოლოო ანგარიშსწორების თანხა არ მიუღია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ბ-ე 1980 წლიდან მუშაობდა თბილისის ¹... ბაგა-ბაღის გამგედ, ხოლო შემდეგ 2002წ. 8 ოქტომბრიდან ამავე ბაგა-ბაღის ქართული ჯგუფის მე-2 ცვლის აღმზრდელად. დადგენილია ისიც, რომ 2002წ. 25 დეკემბერს სამუშაო საათებში ი.ბ-ესა და თბილისის ¹... ბაგა-ბაღის გამგის თ.გ-ეს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ი.ბ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ-ეს, რის შედეგადაც მას მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. კონფლიქტთან დაკავშირებით 2002წ. 26 დეკემბრის ¹230-ე ბრძანებით, ი. ბ-ე 2002წ. 26 ნოემბრიდან განთავისუფლდა ¹... ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული გარიგებაა.

პალატა თვლის, რომ ¹... ბაგა-ბაღი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ამავე ბაგა-ბაღის გამგის მიერ ბრძანების დაშვება განხილულ უნდა იქნეს საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო შრომის ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმე განეკუთვნება არა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის, არამედ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯად საქმეთა კატეგორიას და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით, სააპელაციო პალატამ კი მოცემული დავა განიხილა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხემძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.