Facebook Twitter

საქმე # 160100119002935232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №258აპ-21 ქ. თბილისი

მ–ი ა., 258აპ-21 29 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით მუხიაშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ა. მ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ა. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (ნ. გ–ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (ნ. ლ–ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (თ. დ–ს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (დ. მ–ს ეპიზოდი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. მ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 აპრილიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე შუალედში, ა. მ–მ შესასვლელი კარის გაღებით შეაღწია ქ. ....ში, ......ის N..-ში მდებარე რ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა რ. კ–ს მეუღლის - ნ. გ–ს კუთვნილ, დაახლოებით 2500 ლარამდე ღირებულ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს.

2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 12:00 საათიდან 16:50 საათამდე შუალედში, ა. მ–მ საძინებელი ოთახის ფანჯრიდან შეაღწია ქ. .......ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე თ. დ–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მის კუთვნილ, დაახლოებით 1525 ლარად ღირებულ ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის სამკაულებსა და ფულად თანხას - 30 ლარს.

2019 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 15:20 საათიდან 16:30 საათამდე შუალედში, ა. მ–მ სასტუმრო ოთახის ფანჯრის გაღებით შეაღწია ქ. ...........ში, ...........ის ქუჩა N..-ში მდებარე მ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ჯ–ს ცოლის დის - დ. მ–ს კუთვნილ, დაახლოებით 850 ლარად ღირებულ ოქროს, ვერცხლისა და ბიჟუტერიის სამკაულებსა და ფულად თანხას - 35 ლარს.

2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათიდან 13:00 საათამდე შუალედში, ა. მ–მ შესასვლელ კარზე არსებული გისოსისა და კარის საკეტის დაზიანებით შეაღწია ქ. ბ........ში, ..............ს ქუჩა N...-ში მდებარე ბ. ლ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ბ. ლ–ს მეუღლის - ნ. ლ–ს კუთვნილ ოქროს, ვერცხლის, ბიჟუტერიის სამკაულებს, ორ ცალ მაჯის საათსა და ერთ ყუთ შოკოლადს, რითაც ნ. ლ–ს მიაყენა დაახლოებით 12800 ლარის ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. მ–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის - მსჯავრდებულ ა. მ–ს მოთხოვნას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის: დაზარალებულების - ნ. გ–ს, თ. დ–ს, დ. მ–ს, ნ. ლ–ს ჩვენებებით, მოწმეების - რ. კ–ს, ზ. ფ–ს, დ. ვ–ს, მ. ბ–ს, გ. მ–ს, ლ. მ–ის, რ. წ–ის, ნ. ჯ–ის, ა. ქ–ის, ა. მ–ის, დ. კ–ის, ლ. მ–ის, ნ. ს–ის, ბ. ლ–ს, დ. კ–ის, თ. გ–ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, 2019 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით, 2019 წლის 1 აპრილის №...... ხელშეკრულებით, დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის №... და №.... დასკვნებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზების №..... დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების №..... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე