ას-304-601-04 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ა-მა 2003წ. ივნისში სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქ. თბილისში ..... მდებარე ¹89 სამოთახიანი ბინიდან ქ. ც-ისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლების შესახებ.
მოსარჩელემ აღნიშნული ბინა 2000წ. 14 მარტს შეიძინა ჯ. წ-ისაგან იმ დროისათვის ბინა დაკავებული ჰქონდა მ. ჯ-ისა და ა. ც-ის ოჯახს. ლ. ა-მა 2000წ. მარტში სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. ჯ-ის, ა. და კ. ც-ეების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბინა მათ ეკუთვნოდათ.
დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტლებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.
საკასაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე კ. ც-ე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
შემდგომში სადავო ბინაში ცხოვრება დაიწყო ა. ც-ისა და მ. ჯ-ის ქალიშვილმა ქ. ც-ემ, რის გამოც აღიძრა სარჩელი მისი და მასთან ერთად მყოფი პირების გამოსახლების შესახებ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
ქ. ც-ემ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს განჩინებით ქ. ც-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ქ. ც-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ქ. ც-ე თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან.
ქ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისში, ..... მდებარე ¹89 ბინის მესაკუთრეა ლ. ა-ი.
ქ. ც-ემ ბინა დაიკავა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და მას არ გააჩნდა ამ ბინის მფლობელობის უფლება.
რაიონული სასამართლოს მიერ ქ. ც-ის მიმართ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სსკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრესა და ქ. ც-ეს შორის არ არსებობდა არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ქ. ც-ემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სადავო ბინაზე მისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
სსკ-ის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ქ. ც-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქ. ც-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.