Facebook Twitter

საქმე # 330100118002743513

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №287აპ-21 ქ. თბილისი

გ–ე ზ., 287აპ-21 28 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატ დ. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. გ–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 262-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით ზ. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 3 ოქტომბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ. გ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი - ა/მანქანა „ოპელ ასტრა“, სატრანზიტო ნომრით ......

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებები ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას ზ. გ–ს სახელზე რეგისტრირებულ მოტოციკლს “Harley Davidson” (გამოშვებული 2008 წელს, სახ.№...., ვინ კოდით №...), ქ. მ–ის სახელზე რეგისტრირებულ ა/მანქანას „NISSAN DUALS” სახ. №.... და ქ. მ–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ............ს რ-ნი, დაბა ............ი, ..............ის ქუჩაზე მშენებარე ფართი, სართული 6, ბინა №.., ფართი 43.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით:№.............

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. გ–მ საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 570,455 გრამი „მდმა“, 330,51 გრამი „ტეტრაჰიდროკარაბინოლი“, 31,275 გრამი „კოკაინი“ და 0,000114 გრამი „ლიზერგინის მჟავა“, რაც გ..............ის რესპუბლიკაში ნაყიდ ავტომანქანა „ოპელ ასტრაში“, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ფარულად მოათავსა და ამგვარი შენიღბული სახით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

2018 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ..............ში, ................ის გამზირისა და ...........ის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, ზ. გ–ს ავტომანქანა „ოპელ ასტრას“, ტრანზიტული ნომრით №........., ჩხრეკისას, ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 570,455 გრამი „მდმა“-ს (ე.წ „ექსტაზის“) შემცველი 5820 ცალი აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი; 330,51 გრამი „ტეტრაჰიდროკარაბინოლის“ (ე.წ „ჰაშიშის“) შემცველი, 10 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო-მომწვანო ნივთიერება; 31,275 გრამი „კოკაინის“ შემცველი, 2 ცალ პაკეტში დაფასოებული, მოთეთრო ფერის ფხვნილი და გრანულები; 0.000114 გრამი „ლიზერგინის მჟავის“ (ე.წ „ლსდ“) შემცველი, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში - დამნაშავედ ცნობასა და მისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. გ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 3 ოქტომბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზ. გ–ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი - ავტომანქანა „ოპელ ასტრა“, სატრანზიტო ნომრით .....

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებები ყადაღის დადების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას ზ. გ–ს სახელზე რეგისტრირებულ მოტოციკლს “Harley Davidson” (გამოშვებული 2008 წელს, სახ.№....., ვინ კოდით №.............), ქ. მ–ს სახელზე რეგისტრირებულ ა/მანქანას „NISSAN DUALS” სახ.№...... და ქ. მ–ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ...........ის რ-ნი, დაბა .........ი, ...........ის ქუჩაზე მშენებარე ფართი, სართული .., ბინა №..., ფართი 43.70 კვ.მ., საკადასტრო კოდით: №..........

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ზ. გ–ს ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებითა და მოწმეების - ა. ნ–ს, გ. ჩ–ს, გ. ქ–ს, შ. წ–ს, გ. ჩ–ს, ლ. გ–ს, ნ. გ–ს, პ. ზ–სა და სხვათა ჩვენებებით, მოწმე მ. ბ–ის გამოკითხვის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, დაკავების ოქმით, ამოღების ოქმით, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 4 ოქტომბრის წერილით, ექსპერტიზების დასკვნებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედებების ჩადენა.

9. კასატორი - ადვოკატი დ. მ–ე ითხოვს ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ ზ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება.

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ზ. გ–ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia , no. 19312/07, § 34, ECtHR, 02/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia , no. 18297/08, 14/04/ 2009). საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR, 18/07/2006, და Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე