საქმე # 080100120003677681
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №289აპ-21 ქ. თბილისი
ა–ა გ., 289აპ-21 22 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ა–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ. ა–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ა–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ს–ში, .........ს ქ.№..-ში მცხოვრები ს. ბ–ა 2010 წლიდან დაქორწინებული იყო გ. ა–ზე. 2019 წლის ივნისიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბ–ში. იქ ცხოვრების პერიოდში გ. ა–ა ეჭვიანობდა ცოლზე, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა. აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 4 თებერვალს გ. ა–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 2020 წლის 4 მარტამდე ეკრძალებოდა მეუღლესთან კომუნიკაცია და მასთან მიახლოება. აღნიშნულის გამო ს. ბ–ა საცხოვრებლად დაბრუნდა ქ. ს–ში, მშობლებთან და გადაწყვიტა ქმართან განქორწინება.
2020 წლის 18 თებერვალს ს. ბ–ამ სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა გ. ა–ს და აუწყა, რომ ს-ს სამოქალაქო რეესტრში შეიტანდა განცხადებას განქორწინების შესახებ. განქორწინების მოთხოვნით განაწყენებული გ. ა–ა 2020 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, მივიდა ქ.ს–ში, რ......ს ქუჩა №..-ში განთავსებულ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ს.......ის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში და მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი დანით ს. ბ–ას დაზიანებები მიაყენა გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, ლავიწის შუა ხაზზე, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის, პერიკარდიუმის გამჭოლად და ასწვრივი აორტის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ, რის შედეგადაც ს. ბ–ა ადგილზე გარდაიცვალა.
2020 წლის 4 თებერვალს გ. ა–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას აეკრძალა მეუღლესთან - ს. ბ–ასთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუმცა გ. ა–ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2020 წლის 18 თებერვალს მივიდა ქ.ს–ში, რ......ს ქუჩა №..-ში განთავსებულ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ს...........ის ფილიალში, სადაც იმყოფებოდა ს. ბ–ა და მასთან ჰქონდა პირადად კომუნიკაცია.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. კასატორი ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. ა–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; ამასთან, მან დღისით, საჯარო ადგილას, ხალხის თვალწინ, მეუღლეს - ს. ბ–ს მიაყენა დანით სასიკვდილო დაზიანებები, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა), ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე