საქმე # 020100120003530740
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №31აპ-21 ქ. თბილისი
ა–ა ი., 31აპ-21 9 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებული ი. ა–ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანასა და ი. ა-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ი. ა–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 108-ე მუხლით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა - ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ი. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 1 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, ხ........ს მუნიციპალიტეტის სოფელ ...........ში, ს. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, ამ უკანასკნელსა და მასთან სტუმრად მყოფ ნათესავს - ი. ა–ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. კონფლიქტის დროს ი. ა–ამ დანის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა ს. ყ–ს, რომელიც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, იმავე დღეს გარდაიცვალა სს „ე-ს კ-ს“ ხ.......ს საავადმყოფოში.
2020 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხ.....ს მუნიციპალიტეტის სოფელ ............ში, დ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ი. ა–ამ განზრახ მოკვლის მიზნით, ხის სკამის გამოყენებით, თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დ. კ–ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დ. კ–ა 2020 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა საავადმყოფოში.
2020 წლის 2 თებერვალს ს. ყ–ს განზრახ მკვლელობასა და დ. კ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი. ა–ა საგამოძიებო მოქმედებაში - ამოცნობაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ს-ს რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ............ო ..........ის პოლიციის დეპარტამენტის .......ის პოლიციის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ამოცნობის დაწყებამდე ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის მუშაკებს და თავს დაესხა პოლიციელს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბრალდებულმა ი. ა–ამ თავი დაარტყა სახის არეში საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...........ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ვ. ჭ–ს, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ტკივილი და ვერ შეძლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (ს. ყ–ს განზრახ მკვლელობის ეპიზოდი) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით (დ. კ–ს განზრახ მკვლელობის ეპიზოდი) - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 1 თებერვლიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი (საქმეზე ჩატარებული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ა–ს აღენიშნება პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, რის გამოც ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, იგი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია) და მსჯავრდებულ ი. ა–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე