ას-310-604-04 4 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავი საგანი: ხელფასის გადახდევინება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ.ხ-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სააქციო საზოგადოება «ქ-ის» მიმართ მიუღებელი ხელფასის გადახდევინებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოთხოვნის საფუძვლად ზ. ხ-მ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ 1980 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება «ქ-ში». მისი ხელფასი შეადგენდა თვეში 85 ლარს, რაც 1996 წლიდან სრულყოფილად არ მიუღია. დაურიცხავი თანხის ოდენობა იყო 3060 ლარი, ხოლო სახელფასო დავალიანება – 4556 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა სახელფასო დავალიანება.
ზ. ხ-მ I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ზ. ხ-მ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ხელფასის უწყისებზე არ იყო მისი ხელმოწერა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის განჩინების გადაწყვეტილებით ზ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სააქციო საზოგადოება «ქ-ის» ზ. ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 419 ლარის და 83 თეთრის გადახდა.
ზ. ხ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ არასწორად მოხდა მიუღებელი ხელფასის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ყალბი ბრძანებები. გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა მითითებული, რომ იგი 1999წ. იანვრიდან აპრილამდე არასაპატიო მიზეზით არ დადიოდა სამსახურში და ამის გამო არ გამოეწერა ხელფასი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. ხ-ა მუშაობს სააქციო საზოგადოება «ქ-ში» ...ის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 85 ლარს.
დადგენილია, რომ ზ. ხ-ა სააქციო საზოგადოება «ქ-ის» დირექტორის ბრძანების საფუძველზე 1995წ. 1 დეკემბრიდან 1996წ. თებერვლამდე იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, ხოლო 1996წ. 26 თებერვლის ¹5კ ბრძანებით საწარმოს ყველა მუშაკისათვის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა ხელფასის 50%-ის ოდენობით.
სს «ქ-ის» 1996წ. 1 ივნისის ¹25 ბრძანებით საწარმოს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, მათ შორის მოსარჩელე, გადაყვანილი იქნა 4 საათიან სამუშაო დღეზე, 50% ანაზღაურებით, რაც გრძელდებოდა 1996წ. 2 სექტემბრამდე.
მოსარჩელემ უხელფასო შვებულებაში გაშვება მიიჩნია არასწორადბ თუმცა შესაბამისი ბრძანების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია.
შკკ-ის 26-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაშვებია შრომის არსებითი პირობების შეცვლა იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებისას.
შრომის არსებითი პირობებად მიიჩნევა შრომის ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის ცვლილება, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის შეცვლა, არასრული სამუშაო დროის დამტკიცება და ა.შ.
შკკ-ის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ ადრინდელი შრომის პირობები არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ხოლო მუშაკი არ არის თანახმა გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) წყდება ამ კოდექსის 30-ე მუხლის «ვ» პუნქტით ზ. ხ-ა აგრძელებდა ახალ პირობებში შრომით საქმიანობას.
მოსარჩელეს არ მოუთხოვია იმ ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლებითაც სს «ქ-ში» მოხდა მუშაკთა უხელფასო შვებულებაში გაშვება და 4 საათიანი სამუშაო დღეზე გადაყვანა ხელფასის 50%-იანი ანაზღაურებით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით სს «ქ-ს» ზ. ხ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1999წ. იანვრისა და აპრილის თვის ხელფასები, რადგან ამ პერიოდში მოსარჩელე უხელფასო შვებულებაში არ იმყოფებოდა.
მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის გადახდა 1999წ. აგვისტოს, 2002წ. მარტის, აპრილის და მაისის სახელფასო უწყისების მიხედვით, რომლებზედაც არ იყო ზ.ხ-ს ხელმოწერა. გათვალისწინებული იქნა აგრეთვე, პროცენტის დარიცხვა. სულ დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 419 ლარი და 83 თეთრი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1996 წ. შემდეგ ლარის მყიდველობითი უნარის შემცირების გამო მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სხვაობის ანაზღაურება.
სკ-ის 389-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი) ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადომ იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დროს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
მოცემული დავის გადაწყვეტისას არ იყო შესაძლებელი სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება, რადგან ამ პერიოდში ადგილი არ ჰქონდია დენომინაციას ან ვალუტის შეცვლას.
სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ მიუღებელ ხელფასზე პროცენტების დარიცხვა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ზ.ხ-ს მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.