ას-311-614-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. და ი. ქ.-ების სარჩელი, თ. მ.-ა და რ. ჩ.-ი გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდს მათ მიერ დაკავებული 33 კვ.მ ოთახიდან და 18 კვ.მ დამხმარე ფართიდან თანმხლებ პირებთან ერთად.
სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. მ.-სა და რ. ჩ.-ის სარჩელი და მ. ქ.-ს, თ. მ.-სა და რ. ჩ.-ს შორის 2000წ. 30 მარტს დადებული ხელშეკრულება ცნო ბათილად.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს, როგორც მ. ქ.-მ, ისე რ. ჩ.-მ და თ. მ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ივ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თ. მ.-ისა და რ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი.
გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ. მ.-სა და რ. ჩ.-ის თანამხლებ პირებთან ერთად თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მათ მიერ დაკავებული 33 კვ.მ ოთახისა და 18 კვ.მ დამხმარე ფართიდან გამოსახლების ნაწილში და ივ. ქ.-ის სარჩელი მათი გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ივ. ქ.-ის საჩივარი დადუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ქ.-მ სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვა მას შემდეგ, როცა არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოსამართლე ზ.კ.-ს აცილების თაობაზე და სხდომა გაგრძელდა. ივ. ქ.-მა სხდომის დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა წარმომადგენლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ ივ. ქ.-ს მისცა საშუალება თავის წარმომადგენელს გასაუბრებოდა სხდომის დარბაზის დატოვების შედეგებზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება რომ იგი იყო ავად და ამიტომ დატოვა სხდომის დარბაზი.
სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია ისნის რაიონის ¹... პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა ჰიპერტონიული კრიზის არსებობის შესახებ და მიუთითა, რომ ეს ფაქტი ვერ გამოდგებოდა იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლოს დარბაზის დატოვების დროს მას არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის ავადმყოფობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ მან ავადმყოფობის გამო დატოვა სხდომის დარბაზი და ავადმყოფობის შესახებ შესაძლებლბა არ ჰქონდა ეცნობებინა სასამართლოსათვის.
2004წ. 15 მარტს მ. ქ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე.
მ. ქ.-მ მოქირავნეებს _ რ.ჩ.-სა და თ.მ.-ს გადასცა 2000 აშშ დოლარი ქ. თბილისში, ...-ის ქუჩა ¹32-ში ამ მოქირავნეების მიერ დაკავებული 51 კვ.მ-ის გათავისუფლებასა და ამ ფართიდან წასვლის სანაცვლოდ.
თავის მხრივ, რ.ჩ.-ი და თ.მ.-ა ვალდებულებას კისრულობენ, რომ უკვე მიღებული 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2004წ. 15 ივლისამდე დაცლიან მათ მიერ დაკავებულ ფართს, გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს და სახლის მესაკუთრე მ. ქ.-ს მათზე რიცხულ ... ტელეფონს ჩააბარებენ დავალიანების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მორიგება უნდა დამტკიცდეს და მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 272-ე მუხლის „“დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ამ შეთანხმების საფუძველზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
მ. ქ.-მა მოქირავნეებს რ. ჩ.-სა და თ.მ.-ას გადასცა 2000 აშშ დოლარი ქ.თბილისში, ...-ის ქუჩა ¹22-ში ამ მოქირავნეების მიერ დაკავებული 51 კვ.მ ოთახის დაცლისა და ამ ფართიდან წასვლის სანაცვლოდ.
თავის მხრივ, რ.ჩ.-ი და თ.მ.-ა ვალდებულებას კისრულობენ, რომ მიღებული 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 2004წ. 15 ივლისამდე, დაცლიან მათ მიერ დაკავებულ ფართს, გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს და სახლის მესაკუთრე მ. ქ.-ს მათზე რიცხულ ... ტელეფონს ჩააბარებენ დავალიანების გარეშე.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ივნისის განჩინგება 2003წ. 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდეს.
განემარტოთ მხარეებს, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.