ას-313-612-04 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: შესასვლელი გზის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 იანვარს ლ. კ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ხ.-ის მიმართ გასასვლელი გზის მესაკუთრედ ცნობის, გალავნის დანგრევის, მავთულის ბადისა და მანქანის ძარის აღების, უკანონოდ დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ გასასვლელი გზის მესაკუთრედ ცნობა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მოხსნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო გზა მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს და მას სხვა გზით სახლში შესვლის საშუალება არ გააჩნია. ო.ხ.-ის განმარტებით, მისი ოჯახი წლების განმავლობაში სარგებლობდა ამ გზით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ო. ხ.-ს დაევალა მიტაცებული გზის ნაწილის გამოთავისუფლება, ხოლო შესასვლელი გზის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა იმის გამო, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება კოლეგიამ მიწის მართვის სამმართველოს პრეროგატივად მიიჩნია.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ო.ხ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. კ.-ს სკ-ის 183-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო სოფ. ...-ის თემის საკრებულოს 1999წ. 29 იანვრის ¹4 ოქმში, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, მითითებულია, რომ «სადავო გზა ეკუთვნის ლ. კ.-ს», თუმცა გაურკვეველია, იგულისხმება სარგებლობისა თუ საკუთრების უფლება.
ლ. კ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ლ.ს.-მ სააპელაციო პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატის მიერ მოცემული საქმის განხილვამდე მან მიმართა მიწის მართვის სამმართველოს, რათა სადავო გზა მის სახელზე აღერიცხა, თუმცა თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 2004წ. 14 იანვრის წერილით აცნობა, რომ მოცემულ ნაკვეთზე მიმდინარეობდა დავა საოლქო სასამართლოში და რეგისტრაცია მოხდებოდა მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას ო.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საკითხს განსახილველ დავასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. კასატორის განმარტებით, სადავო ნაკვეთის მისთვის მიკუთვნების საკითხი გადაწყვიტა ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანომ, რომლის გადაწყვეტილებას სანოტარო წესით დამოწმება არ ესაჭიროებოდა, ამდენად, აღნიშნული არგუმნეტზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა. მხარის მითითებით, იგი არასათანადოდ იქნა ინფორმირებული ნაკვეთის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის აღების საჭიროების თაობაზე. კასატორის აზრით, საჯარო რეესტრის დატვირთვა მდგომარეობს მესამე პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაში, ხოლო ო.ხ.-ი მესამე პირი არ არის და მან იცოდა, რომ ლ.კ.-ი სადავო ნაკვეთის მესაკუთრე იყო. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ახლებურად განმარტა საკრებულოს ოქმი ...-ის გამგეობის 2001წ. 13 მაისის წერილის საფუძველზე და სათანადოდ არ შეაფასა ოქმის 2003წ. 24 დეკემბრის ამონაწერი. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიმართა თელავის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიწის ნაკვეთის მიერ სახელზე დარეგისტრირების თაობაზე და მოითხოვა დასაბუთებული პასუხი, რომლის შემდგომ გასაჩივრებასაც შესძლებდა. უარის თქმის საფუძვლის არარსებობის გამო მისი განცხადება დაკმაყოფილდა. მხარის განმარტებით, საჯარო რეესტრში ნაკვეთის აღრიცხვის საფუძველი გახდა 2004წ. 8 იანვრის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის შესახებ სააპელაციო სასამართლოსთვისაც იყო ცნობილი. მხარემ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მის სადავო გზის მესაკუთრედ ცნობაზე, არამედ მოსარჩელის კუთვნილი ფართის გამოთავისუფლებაზე. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული, კერძოდ:
საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ. კ.-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ აპელანტს სადავო გზის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ მართებულად მიუთითა სკ-ის 183-ე მუხლზე, რომლის ძალითაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემული დავის განხილვისას მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი სოფ. ...-ის თემის საკრებულოს 1999წ. 29 იანვრის ¹4 ოქმი, ამავე სოფლის გამგეობის 2001წ. 13 მაისისა და 24 დეკემბრის წერილები უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად სავსებით სწორად არ იქნა მიჩნეული, ვინაიდან სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სადავო გზის ნაკვეთზე ლ. კ.-ის საკუთრება კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერს, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განლაგებულია საცხოვრებელი სახლის ფიზიკური პირის საკუთრებაში აღრიცხვა იმავდროულად არ იწვევს აღნიშნულ ნაკვეთზე მისასვლელი გზის საკუთრებაში გადაცემას.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ სადავო გზის გამოთავისუფლებასა და არა მის საკუთრებაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფაქტი უკვე დადგენილი იყო. სადავო გზის მესაკუთრედ ცნობა მის გამოთავისუფლებასთან ერთად ლ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა. სადავო გზის საკუთრებასთან დაკავშირებით განჩინების კვლევით ნაწილში სასამართლომ უკვე იმსჯელა, ხოლო რაც შეეხება გზის გამოთავისუფლებას, სკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე უფლებამოსილება მხოლოდ ნივთის მესაკუთრეს გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.