Facebook Twitter

ას-314-611-04 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდრო ქონების გადაცემა.

შეგებებული სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა ნ. მ-ის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მიუთითა, რომ 2000წ. 10 დეკემბრის ანდერძის საფუძველზე მას უნდა მიეღო დედის კუთვნილი ქონება. მამამისი ცხოვრობდა ქ. ბოლნისში გეოლოგების დასახლებაში, სადაც ჰქონდა კომუნალური საცხოვრებელი ბინა.

სადავო სახლი დედამისის _ ნ. მ-ის საკუთრება იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ, 2001წ. 19 აგვისტოდან, მამამისი – ნ. მ-ი ცხოვრობს აღნიშნულ სახლში. ვინაიდან არ იცოდა, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა მიემართა ნოტარიუსისათვის, გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდრო ქონების მისთვის გადაცემა.

მოპასუხე – ნ. მ-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სახლი, რომელიც მოანდერძემ უანდერძა მოსარჩელეს, არასოდეს ყოფილა მოანდერძის საკუთრება. თავის მხრივ ნ. მ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ანდერძი არ არის რეგისტრირებული ქვემო ბოლნისის საკრებულოში და სანოტარო ბიუროში. ანდერძს ხელს აწერენ მოწმეები, რომელთა სახელი, გვარი და დაბადების დრო არ არის მითითებული.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე არ იყო მოწვეული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების უტყუარი მტკიცებულება,

აღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო პალატამ 2003წ. 11 ნოემბრის განჩინებით გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის განჩინება და მ. მ-ის საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ის წარმომადგენელმა, რომელიც მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მოწვეული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობდა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ წინაპირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (თუ მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას (როცა არ ცხადდება მოპასუხე).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 2002წ. 7 ოქტომბერს 11 საათზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნულ დღეს სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, დაკითხა მოწმეები, სასამართლომ ფაქტობრივად დაამთავრა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევა. საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო 16 ოქტომბერს, მაგრამ მ. მ-ი არ გამოცხადდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესი. ვინაიდან 7 ოქტომბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. მ-ი გამოცხადდა და საქმის განხილვაც თითქმის დამთავრებული იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კი საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოპასუხე სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობით აღიარებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას ან უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე, სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. მოსარჩელემ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უფლება ჰქონდა გამოეტანა არა დაუსწრებელი, არამედ საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე გადაწყდებოდა არსებითად.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. მ-ი სასამართლოს სხდომაზე არ იყო მოწვეული სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მითითებული ნორმების თანახმად, სასამართლოს ეკრძალება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხარის შეუტყობინებლად კანონით დადგენილი წესით. ამ მოთხოვნის დარღვევით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება და იგი უნდა გაუქმდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის წარმომადგენელის _ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.