ას-316-609-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 17 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ც-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. კ-ისა და რ. ქ-ის მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ. ქ-სა და რ. კ-ს მ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის დროს შესაბამისი კურსით ე.ი. 1998წ. 13 ოქტომბერს; მ. ც-ის სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს რ. კ-ის მიმართ 1500 ლარის დაკისრების შესახებ, უარი ეთქვა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ქ-მა და რ. კ-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 17 ნოემბრის განჩინებით თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვებულ იქნა უცვლელად სარჩელის უარყოფის ნაწილში, ხოლო მოპასუხეთათვის 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა ამ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2003წ. 13 ნოემბერს მ. ც-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 17 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, იმ მოტივით, რომ ამ განჩინების გამოტანაში მონაწილეობდა მოსამართლე გ. თ-ე, რომელსაც კანონის მიხედვით, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო მოცემული დავის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში შემდეგ გარემოებათა გამო: მისი განმარტებით, მისი სიძე ბ. ა-ე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნოტარიუსად, ხოლო ამ დროს კადრების სამმართველოს უფროსი იყო გ. თ-ე. 1992 წელს მისმა სიძემ ბ. ა-ემ სარჩელი აღძრა იუსტიციის სამინისტროს მიმართ, ხელფასის ანაზღაურებისა და შრომის წიგნაკში ჩანაწერების შესწორების შესახებ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1992წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992წ. 10 დეკემბრის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ განჩინების გამოტანისას მონაწილეობდა გ. თ-ე, რომელიც მოსამართლედ დანიშვნამდე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროტესტი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992წ. 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1994წ. 19 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე ზემოაღნიშნული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა კოლეგიის სხვა შემადგენლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსამართლე გ. თ-ე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრების სამმარველოს უფროსად, იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა განრიდებოდა ამ დავის საკასაციო წესით საქმის განხილვას, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მოსართლე ვერ იქნებოდა ობიექტური, რაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 320-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენდა. განმცხადებლის მ. ც-ის მოსაზრებით, იგი 1998წ. 17 ნოემბერს, გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროს სასამართლო სხდომას რომ დასწრებოდა, ამ საფუძვლით დააყენდებდა ამ სხდომაში მონაწილე მოსამართლე გ. თ-ის აცილების საკითხს, როგორც დაინტერესებული პირისა, რაც დაკმაყოფილდებოდა ანუ მისი მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გ. თ-ე ამ საქმეს ობიექტურად ვერ განიხილავდა, რის გამოც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლება, რომ მონაწილეობა მიეღო ამ დავის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ც-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მოცემულ დავაში მხარეები არიან მოსარჩელე მ. ც-ე და მოპასუხეები _ რ. ქ-ი და რ. კ-ი და არა ბ. ა-ე. მიიჩნია, ის გარემოება, რომ მოსამართლე გ. თ-ე, ბ. ა-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ხელფასის ანაზღაურების შესახებ დავაში ჩაითვალა იმ პირად, რომელსაც უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვასა და გადაწყვეტილებაში არ ნიშნავს, რომ გ. თ-ეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალული ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო დავაში, მ. ა-ის მეუღლის დის - მ. ც-ის სარჩელის გამო. მოპასუხეებთან რ. ქ-სა და რ. კ-თან თანხის გადახდევინების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნინული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 17 ნოემბრის განჩინება უკანონოა, მიღებულია მოქმედი საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, კერძოდ, სასამართლო კოლეგიის 1998წ. 17 ნოემბრის სხდომაზე მონაწლეობდა მოსამართლე გ. თ-ე, რომელსაც არ ჰქონდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ დავაში მხარეები არიან, მოსარჩელე მ. ც-ე და მოპასუხეები _ რ. ქ-ი და რ. კ-ი და არა ბ. ა-ე, რომელიც არის მ. ც-ის დის მეუღლე. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე გ. თ-ეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ სამოქალაქო დავის განხილვაში. გ. თ-ე, ბ. ა-ის სარჩელით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ხელფასის ანაზაურების შესახებ დავაში ჩაითვალა იმ პირად, რომელიც ვერ მიიღებდა მონაწილეობას ამ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაში. საკასაციო პალატა თვლის, ის გარემოება, რომ ბ. ა-ე მოცემულ დავაში მოსარჩელე მხარის მ. ც-ის დის ქმარია, კანონის თანახმად არ შეიძლება გახდეს მისი საქმიდან ჩამოშორების საფუძველი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი, რომლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც დავის გადაწყვეტის დროს მოქმედი სსკ-ის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე ამჟამად მოქმედი სსკ-ის 31-ე მუხლის „დ“ პუნქტით, მოსამართლემ არ შეიძლება, განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. პალატა თვლის, რომ რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1992წ. 10 დეკემბრის განჩინება გაუქმდა იმ მოტივით, რომ მოსამართლე გ. თ-ე ჩაითვალა დაინტერესებულ პირად, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსად, აღნიშნული გარემოება მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი ვერ გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.