საქმე # 010141221004270484
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3731-21 23 ივნისი, 2021 წელი
ზ–ი გ., 3731-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. გ. ზ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ზ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 მაისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გ. ზ–ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათით. იგი გათავისუფლდა დაწესებულებიდან 2020 წლის 9 ნოემბერს.
3. 2021 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ზ–სის პირადი საქმე.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ზ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით №....... საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათით და მოსახდელი სასჯელის ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 686 საათით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინების სამოტივაციო ნაწილი და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ზ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით №........ საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათი და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2058 საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა - 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩენილ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ზ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
7. მსჯავრდებულმა გ. ზ–მ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ,,ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათით - ერთი მეოთხედით შემცირება, რაც შეადგენს 686 საათს.
8. მსჯავრდებულ გ. ზ–ს საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 15 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ზ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, საიდანაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ზ–ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2017 წლის 12 მაისიდან.
4. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გ. ზ–ს აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათით - მოხდისაგან. საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ზ–სს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“
6. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებას ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. ამნისტიის შესახებ კანონი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების აღდგენას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტი ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ზ–სის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გ. ზ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელსა და 9 თვეს, საიდანაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
4. მსჯავრდებულ გ. ზ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, რის გამოც გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 2745 საათით - მოხდისაგან;
5. საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. ზ–ს მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე