საქმე # 330802221004711482
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№375I-21 ქ. თბილისი
ი–ი ო., 375I-21 22 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ო. ი–ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2018 წლის 26 ივნისს თ-ს რესპუბლიკის ქ. ს-ს ა-ს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ო. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება), N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა 2 პირის მიმართ) და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა 3 პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ო. ი–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 49 წლისა და 22 თვის ვადით.
2019 წლის პირველ ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2020 წლის 9 ოქტომბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. ს-ს ა-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ო. ი–ს დაკავების ბრძანება.
2021 წლის 14 იანვრიდან ო. ი–ი თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ო. ი–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2020 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ო. ი–ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2021 წლის 19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ი–ი.
2021 წლის 20 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. ი–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2020 წლის 23 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ო. ი–ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
ამჟამად ო. ი–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ო. ი–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დაზარალებულ ს. დ–სა და მსჯავრდებულ ა. ქ–ს ჰქონდათ კონფლიქტი წარსულში მომხდარ უთანხმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირების შერიგების მიზნით, 2008 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ს. დ–ი, ჯ. ჯ–ი, ა. დ–ი, ს. ბ–უ, ს. ქ–ი, ე. ს–ი და უ. ჯ–ი ორი სხვადასხვა ავტომობილით გაემართნენ ქ. თ-ში, შეხვედრისთვის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას. შეხვედრის ადგილას ხსენებულ პირებს უკვე ელოდებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ო. ი–ი და ა. ქ–ი, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ს. დ–ისა და მისი თანმხლები პირების მოკვლა. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული თ–ი და ჰ. ა–ი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიმალნენ, რათა თავდასხმის დროს დახმარებოდნენ ო. ი–სა და ა. ქ–ს.
ს. დ–ისა და მისი თანმხლები პირების მოსვლის შემდგომ, ს. დ–ისა და ა. ქ–ის საუბრის მომენტში, ა. ქ–ი, ო. ი–ი, თ–ი და ჰ. ა–ი თავს დაესხნენ ს. დ–სა და მის თანმხლებ პირებს და ამ უკანასკნელთა მიმართულებით დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლა. სროლის შედეგად ჯ. ჯ–ი, ს. დ–ი და ა. დ–ი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო უ. ჯ–ი, ს. ბ–უ და ს. ქ–ი, მსჯავრდებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადაურჩნენ სიკვდილს.
4. 2021 წლის 7 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ო. ი–ს (O. Y.) თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ქ. ს-ს ა-ს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება), N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა 2 პირის მიმართ) და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა 3 პირის მიმართ).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ი–ს (O. Y.) თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ქ. ს-ს ა-ს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება), N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა 2 პირის მიმართ) და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა 3 პირის მიმართ).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ო. ი–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ო. ი–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, 35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
4. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო. ი–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 19 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ო. ი–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.
6. “ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ო. ი–მ შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მისი საქმის განხილვა. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
8. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენაშიც ო. ი–ი მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამრიგად, ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ო. ი–ი მსჯავრდებულია, დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით ო. ი–ს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.
9. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ო. ი–ი მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
10. ო. ი–ი მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ოქტომბერს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
11. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
12. ო. ი–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
13. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ო. ი–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.
14. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v Russia, no. 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no.28492/15, 49975/15, §79, ECtHR, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, ECtHR, 28/06/2011).
15. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ო. ი–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს დაზარალებულთა მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მითითებული საფრთხის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no.46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013) რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no.36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.
16. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ო. ი–მ მის მიმართ კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ მოახდინეს არაეფექტური რეაგირება. ასევე არ დასტურდება, რომ ო. ი–ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თ-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით.
18. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს (იხ. მაგ. განჩინება №2I-20, 29/01/2020წ), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება ( იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) .
19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ო. ი–ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ი–ი ისარგებლებს თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თ-ს რესპუბლიკა. გარდა ზემოაღნიშნული გარანტიისა, ვინაიდან საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ო. ი–ს დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომ ო. ი–ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ი–ს (Ozkan Yavuz) თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ქ. ს-ს ა-ს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება), N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა 2 პირის მიმართ) და ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა 3 პირის მიმართ) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი
მ. ვასაძე