ას-322-605-04 21 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
კასატორის თხოვნა: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თ. ნ.-მ ტელეკომპანია „...-ს“ 2002წ. 1 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებაში თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ “ამიტომ, როდესაც აფხაზეთი დაეცა, მე რა თქმა უნდა, დიდ ტრაგედიად აღვიქვი ის, მაგრამ მე არავითარი ბერკეტი არ მქონია და არავითარი თანამდებობა არ მეკავა, მაგრამ ჯ. გ.-ია ცეკვავდა ზუგდიდში გახარებული და იძახოდა: ავიღებთ ზუგდიდს, ავიღებთ ოჩამჩირეს, ავიღებთ სენაკს, ავიღებთ სოხუმს“.
გაზეთ „ჯ.-მ“ 2002წ. 8 აგვისტოს დაბეჭდა ინტერვიუები ჯ. გ.-იასა და თ. ნ.-თან. თ. ნ.-მა თავის ინტერვიუში მიუთითა, რომ „ ... მეც ვიტყვი _ 27 სექტემბერს, როცა სოხუმი დაეცა, ჯ. გ.-ია მღეროდა და ცეკვავდა. მე მაქვს ჩანაწერები სადაც ის ამბობს _ ჩვენ ეხლა უნდა ავიღოთ სამტრედია, ეს იმას ნიშნავს, რომ ავიღეთ ოჩამჩირე. ეხლა უნდა ავიღოთ თბილისი, ეს იმას ნიშნავს, რომ ავიღეთ სოხუმი და ა.შ. მას დაავიწყდა, რომ გვაქვს ისეთი დოკუმენტები, რაც გამოააშკარავებს მის საქციელს და ამხელს, როგორ აღვივებდა შუღლს ქართველებს შორის“.
თ. ნ.-მა ჟურნალი „...-ის“ 2002წ. 14-20 აგვისტოს გამოშვებაში განმარტა: „არ ვამბობ, რომ ჯ. გ.-ია 26-27-ში ზეიმობდა, ვამბობ ეს 1-5 ოქტომბრამდე ერთ-ერთ დღეს ხდებოდა. კასეტის მიხედვით ჩეჩნები არიან ზუგდიდში, აღმართული აქვთ ჩეჩნური დროშა და მათი ჩვეულებისამებრ წრეში დარბიან. მათ შორის არის გ.-იაც. ისინი სოხუმის დაცემას ზეიმობენ, იქვე არის გ.-იას მოწოდება ხუნტის დამხობისა და ქუთაისის აღებისაკენ, სხვა მასალებსაც მოვიტან“.
2003წ. 14 იანვარს ჯ. გ.-იამ სარჩელი აღძრა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოებში მოპასუხე თ.ნ.-ის მიმართ და მოითხოვა სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე თ. ნ.-ის მიერ ტელეკომპანია „...-ში“ 2002წ. 1 აგვისტოსა და გაზეთ „ჯ.-ის“ 2002წ. 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებებით, ასევე, მისთვის მიყენებული მორალური ზიანისათვის 450000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ. გ.-იას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-იამ.
აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. გ.-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ჯ. გ.-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ჯ.გ.-იას სარჩელი უსაფუძვლოა საქართველოს კონსტიტუციიტს 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ასევე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვეციის მე-10 მუხლის თანახმად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა საჯარო პოლემიკას მასმედიის საშუალებებით, რა დროსაც მხარეები გამოხატავდნენ მოსაზრებებს ერთმანეთის საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებით აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული პოლემიკისას მხარეები არ შეხებიან და არ შეულახავთ ერთმანეთის პირადი ცხოვრების საიდუმლოების საკითხები და უმწვავესი შეფასებები განეკუთვნებოდა მათი საჯარო საქმიანობის სფეროს. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან პრესასა და ტელევიზიაში გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა ითმინონ, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას, რასაც პალატის აზრით მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა პოლემიკისას გამოთქმული მწვავე შეფასებები (თუნდაც უტაქტო და არაკორექტული) თავსდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ აზრის გამოთქმისა და გავრცელების თავისუფლების ფარგლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.ნ.-ის განცხადებები არ სცილდება პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის საჯარო პოლემიკასთან დასაშვებ ფარგლებს და არ ლახავს მოსარჩელის საქმიან რეპუტაციას, პატივსა და ღირსებას, რის გამოც სკ-ის მე-18 მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-იამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და სკ-ის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად არ დაუდგენია თ.ნ.-ის საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებით დაირღვა თუ არა წონასწორობა პიროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, არსებობდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა სხვისი პატივისა და ღირსების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, შეეფერება თუ არა გავრცელებული ცნობები მოსარჩელის შესახებ სინამდვილეს და არ მიუთითა მტკიცებულებებზე, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ ბრალდებებს, რომელიც მოპასუხემ გაავრცელა. მითითებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული აზრის გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად იგი არ შეიძლება უსაზღვროდ თავისუფალი იყოს, არ შეიძლება თავისუფლად გამოხატულმა გამონათქვამებმა დაარღვიონ პატივისა და ღირსების დაცვისათვის დადგენილი საზღვრები. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები პოლიტიკური მოღვაწეები არიან, პოლიტიკური დებატების თავისუფლება მაინც არის გარკვეული ფარგლებით შეზღუდული. მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სამივე პირობას ადგილი არ აქვს. მოპასუხემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ განაცხადა, რომ კასატორის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა გააჩნია, მაგრამ მან სასამართლოს ვერ წარუდგინა ეს მტკიცებულება; იმავე მე-18 მუხლის შესაბამისად კი სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. გ.-იამ 2003წ. იანვარში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ტელეკომპანია “...-ში” 2002წ. 1 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებაში და გაზეთ “ჯ.-ის” 2002წ. 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა, რადგან ეს ინფორმაცია ხელყოფს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. მან თავისი პირადი ქონებრივი უფლებების დაცვა მოითხოვა სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის მეურე ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეკრულება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან”.
მითითებული ნორმით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცეს, რომ ისინი სინამდვილეს არ შეეფერება. აქედან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან რამდენიმე სიკეთის (პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან სხვა) ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურდიული კვალიფიკაცისათვის საკმარისია ამ ნორმით დაცული ერთ-ერთი სიკეთის ხელყოფაც.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002წ. 8 აგვისტოს გაზეთ “ჯ.-ის” მეშვეობით გამოქვეყნდა თ. ნ.-ის და ჯ. გ.-იას ინტერვიუები შემდეგი სათაურით: “ნ.-ი ბუზებს ითვლის”, “გ.-ია რწყილივით თავზე დაგვაჯდა”. მოცემულ ინტერვიუში ძირითადი თემა იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თ. ნ.-ისა და საქართველოს პარლამენტის წევრ ჯ. გ.-იას შორის არსებული დაპირისპირება. ინტერვიუში გაშუქებულია ჯერ ჯ. გ.-იას პოზიცია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის თ. ნ.-ის მიმართ, სადაც ჯ. გ.-იას მიერ მწვავედ შეფასებულია მისი საქმიანობა, ხოლო შემდეგ გაშუქებულია თ. ნ.-ის შეხედულება ჯ. გ.-იაზე და დაფიქსირებულია პოზიცია ჯ. გ.-იას მიერ გამოთქმული კრიტიკის მიმართ, სადაც ჟურნალისტის შეკითხვაზე თ. ნ.-ი აკეთებს საპასუხო განცხადებას: “გამოდის ახლა და იძახის ნ.-ი ისეთი და ასეთიაო, მეც ვიტყვი 27 სექტემბერს, როცა სოხუმი დაეცა ჯ. გ.-ია მღეროდა და ცეკვავდა. მე მაქვს ჩანაწერები, სადაც ის ამბობს – ჩვენ ეხლა უნდა ავიღოთ სამტრედია, ეს იმას ნიშნავს, რომ ავიღეთ ოჩამჩირე. ახლა უნდა ავიღოთ თბილისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ავიღეთ სოხუმი და ა.შ. ასევე, ამავე წლის 20 აგვისტოს ჟურნალ “...-ში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში სათაურით “ნ.-ი ბაღათურიას თავისი სასახლის მოურავად ნიშნავს” თ. ნ.-მ განაცხადა, რომ არ ვამბობ, რომ ჯ. გ.-ია 26-27-ში ზეიმობდა, ვამბობ ეს 1-5 ოქტომბრამდე ერთ-ერთ დღეს ხდებოდა. კასეტის მიხედვით ჩეჩნები არიან ზუგდიდში, აღმართული აქვს ჩეჩნური დროშა და მათი ჩვეულებისამებრ წრეში დარბიან, მათ შორის არის ჯ. გ.-იაც, ისინი სოხუმის დაცემას ზეიმობდნენ”.
ასევე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2002წ. 1 აგვისტოს ტელეკომპანია “...-ის” მეშვეობით გაშუქდა თ. ნ.-ის მიერ ჯ. გ.-იას მიმართ გაკეთებული შეფასებები, რაც, როგორც თავად აპელანტი მიუთითებს, გამოწვეული იყო 2002წ. 1 აგვისტოს ყრილობაზე მასზე თავდასხმის შედეგად, რაზეც გააკეთა განცხადება თ. ნ.-ის მიმართ ტელეარხ “...-ზე”, განცხადებას თ. ნ.-ის მხრიდან მოჰყვა საპასუხო ინფორმაცია მასმედიის საშუალებებით, რასაც მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნევს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. აღნიშნული უფლებები არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, მისი პროგრესის აუცილებელი პირობა. ეს პრინციპები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრესისათვის. საქართველოში პრესა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ეს თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული (კონსტიტუციის 24-ე მუხლის II პუნქტი). კერძო პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და კრიტიკის დროს მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ არიან ეს პირები და რამდენად აუცილებელია საზოგადოებისათვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კრიტიკა. პრესის თავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა პოლიტიკური ლიდერის იდეებისა და საქმიანობის შესაფასებლად.
პოლიტიკოსების და მათთან გათანაბრებული საზოგადო მოღვაწეების შესახებ პრესას შეუძლია ინფორმაციებისა და მონაცემების გამოქვეყნება, რასაც მნიშვნელობა აქვს მათი პიროვნების საზოგადოებრივი შეფასებისათვის, ასევე დაიშვება მათი თავისუფალი კრიტიკა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა საჯარო პოლემიკას მასმედიის საშუალებებით, რა დროსაც მხარეები გამოხატავდნენ მოსაზრებებს ერთმანეთის საჯარო საქმიანობასთან დაკავშირებით აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული პოლემიკისას მხარეები არ შეხებიან და არ შეულახავთ ერთმანეთის პირადი ცხოვრების საიდუმლოების საკითხები და უმწვავესი შეფასებები განეკუთვნებოდა მათი საჯარო საქმიანობის სფეროს, ანუ საჯარო ფუნქციის განხორციელების საკითხს.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ როგორც ბეჭდვით, ისე სატელევიზიო მედიაში გამოთქმული ზემოდდასახელებული ფრაზები არის შეფასებითი მსჯელობები მხარეთა საჯარო საქმიანობის შესახებ, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. გ.-ია არის დეპუტატი, ხოლო მოპასუხე თ. ნ.-ი იყო აფხაზეთის ა/რ ხელმძღვანელი. ამდენად, პალატა თვლის, რომ პოლემიკისას გამოთქმული მწვავე შეფასებები (თუნდაც უტაქტო და არაკორექტული) თავსდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ აზრის გამოთქმისა და გავრცელების თავისუფლების ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, საქმეზე “ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ” განმარტა, რომ “პოლიტიკური მოღვაწის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდის მიმართ”. “პოლიტიკური მოღვაწე, ჩვეულებრივი ინდივიდისაგან განსხვავებით, წინასწარ შეცნობილად და აუცილებლად უქვემდებარებს თავის ქმედებებს და ჟესტებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და საზოგადოების კონტროლს”. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. ნ.-ის ინტერვიუებში ადგილი აქვს ჯ. გ.-იას მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გამოქვეყნებას (დიფამაცია), ვინაიდან პოლიტიკური და საჯარო სამსახურის მოხელეთა მიერ ერთმანეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები, ე.ი “დასაშვები კრიტიკის ფარგლები”, შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდის (მოქალაქის) მიმართ. ამ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და “ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის” მე-10 მუხლებით. კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, რომ უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე “მოიცავს პიროვნების თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გასცეს ინფორმაცია და იდეები”. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ამ ნორმის საფუძველზე, საქმე “კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ” მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტების შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს განსახილველი სტანდარტები. კერძოდ, განმარტა, რომ “დასაშვები კრიტიკის ფარგლები მთავრობის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე რიგითი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ, თუ ეს კრიტიკა უხეშად არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას და ხელშეუხებლობას. ამ შემთხვევაში რეპუტაციის (პატივის, ღირსების) ინტერესი წონასწორდება საზოგადოების ინტერესთან – თავისუფლად განიხილოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
სააპელაციო სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას გამოიკვლია და შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა საჯარო პოლემიკაში მოპასუხესთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ როცა მხარეები საჯარო პოლემიკაში მონაწილეობენ, პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა მისცეს შეფასება იმ გარემოებას, თუ რა ფონზე განვითარდა პოლემიკა. მხარეთა საპასუხო პუბლიკაციებში შესაძლებელია დაცული არ იყოს მაქსიმალური ტაქტი, ამავე დროს, პასუხი შეიძლება იყოს არაობიექტური, გადაჭარბებული და წარმოადგენდეს ემოციურ “თავდასხმასაც კი, მაგრამ პალატა თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ითმინოს მოპასუხისაგან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ. ნ.-ის განცხადებები არ სცილდება პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის საჯარო პოლემიკისათვის დასაშვებ ფარგლებს, რის შესაბამისადაც, სკ-ის მე-18 მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ჯ. გ.-იას მითითება, რომ თ. ნ.-ის საჯარო განცხადებები მიმართული იყო მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შესალახად, რადგან სახეზეა ურთიერთსაპასუხო შეფასებები. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიტიკურ მოღვაწეთა საჯარო პოლემიკისათვუს დამახასიათებელი მწვავე, თუნდაც სუბიექტური შეფასებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. გ.-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაცო პალატის 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.