Facebook Twitter

ას-324-618-04 13 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 20 მაისს შპს «ა-მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ს/ს «თ-ის» მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და დავალიანების გადახდის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 27 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ¹100 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს «ა-ი» უზრუნველყოფდა მოპასუხის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მაგისტრალური აირსადენის საშუალებით გარდაბნის აირგამანაწილებელი სადგურიდან აირის გამზომ კვანძში და აწვდიდა მომხმარებელს. ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ითვალისწინებდა ბუნებრივი აირის ტრანზიტისას უაღდრო ანგარიშსწორებას, ხოლო 4.2 პუნქტი _ ტრანზიტული გადაზიდვებისას მომსახურების ღირებულებას 1,1 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ამავე ხელშეკურლების 4.4 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად, ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა ყოველი თვის 25 რიცხვში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის განვლილ პერიოდში გატარებული ბუნებრივი აირის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მოსარჩელემ წარმოადგინა 2003წ. 17 თებერვლის ანგარიშსწორების აქტი, რომლის მიხედვით, ამავე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ს/ს «თ-ს» შპს «ა-ისათვის», 1288630 ლარის დავალიანება, ხოლო 2003წ. 1 თებერვლიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 1600000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული თანხა გაანგარიშდა მხარეთა შორის დადებულ დამატებით ¹164 შეთანხმებაში გათვალისწინებული საურავების საფუძველზე. მხარემ აღნიშნა, რომ 2003წ. 1 მაისის ¹9 წერილით შპს «ა-მ» ს/ს «თ-ის» შემსრულებელ დირექტორს _ თ. გ-ს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა დავალიანების დაფარვა, ვინაიდან შესაბამისი თანხის გადაუხდელობით საზოგადოება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შეექმნა გაკოტრების საფრთხე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ წერილზე მიიღო მხოლოდ ზეპირი განმარტება, სათანადო თანხების უქონლობის გამო, დავალიანების დაფარვის შეუძლებლობის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული დავალიანების _ 1600000 ლარის, დაკისრება.

2003წ. 4 ივნისს სასამართლოსათვის წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ დაადასტურა მხარეთა შორის ზემოხსენებული ხელშეკრულებების არსებობა, თუმცა განმარტა, რომ ს/ს «თ-ში» არსებული ბუღალტრული დოკუმენტაციის თანახმად, მოპასუხეს 2003წ. 1 მაისის მდგომარეობით შპს «ა-ისათვის» გადასახდელი დარჩა დავალიანება 1175374,58 და არა 1600000 ლარის ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის მიზეზად მხარემ მიუთითა სათანადო თანხების არარსებობა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოში საქმის განხილვისას ს/ს «თ-მა» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემული ურთიერთობა წარმოიშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების საფუძველზე. უკანასკნელად მოსარჩელემ შესრულება განახორციელა 2000წ. აპრილში, ამდენად, შპს «ა-ის» მოთხოვნა სარჩელის შეტანის მომენტისათვის უკვე ხანდაზმული იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ 1999წ. 27 მაისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ასევე 1999წ. 8 დეკემბრის დამატებითი შეთანხმება. სადავო გარიგება წარმოადგნდა ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, შპს «ა-ის» ს/ს «თ-ისიათვის» უნდა გაეწია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მომსახურება. კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა სადავო ხელშეკრულების 4.4 მუხლზე, რომელიც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურებას ყოველი თვის 25-30 რიცხვში ითვალისწინებდა. ამასთან, კოლეგიამ მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გადახდის ვალდებულება ს/ს «თ-ს» მოსარჩელის წინაშე წარმოეშობოდა მოპასუხესა და იმ კომპანიას შორის შედგენილი აქტების საფუძველზე, რომელიც მოაწოდებდა მას ბუნებრივ აირს გარდაბნის აირგამანაწილებელ სადგურამდე, რის შემდგომი ტრანსპორტირება უნდა განეხორციელებინა შპს «ა-ის». ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ს/ს «თ-ის» მხრიდან გადახდის ვალდებულების წარმოშობისათვის ორი გარემოების თანხვედრა იყო საჭირო _ თვის გარკვეული რიცხვი და ზემოხსენებლი მიღება-ჩაბარების აქტი. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშსწორებათა აქტი ხელშეკრულების 4.4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შედგენილი, ამდენად, იგი ს/ს «თ-ის» ვალდებულების წარმოშობის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულების სათანადო პირებისა და ფორმის დაცვით შედგენილი ბუნებრივი აირის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ს/ს «გ-მა» გარდაბნის აირგანამაწილებელ სადგურში 1999წ. 23 სექტემბრიდან 2000წ. 18 აპრილის ჩათვლით მიაწოდა, ხოლო ს/ს «თ-მა» მიიღო 524.811.816 ნ.მ3 ბუნებრივი აირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებულ პირობებში შპს «ა-იმ» გასწია მომსახურება გარდაბნის აირგამანაწილებელი სადგურიდან ს/ს «თ-ამდე». სასამართლომ მიუთითა, რომ ბუნებრივი აირის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს «ა-ის» მოთხოვნის უფლების რეალიზაციის ბოლო ვადა დადგა 25-30 აპრილს. კოლეგიამ იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ შპს «ა-ის» სარჩელის წარდგენის ვადა ბოლო პერიოდისათვის, შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, ამოეწურა 2003წ. 30 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარუდგინა 2003წ. 20 მაისს, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლო კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს «ა-ის» დირექტორის _ ნ. კ-ის წარმომადგენელმა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, დაადგინა რა ხანდაზმულობის ვადის გასვლის დრო, არ მიუთითა, თუ როდიდან ან რის საფუძველზე აითვალა იგი და გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებათა ზერელედ შესწავლის პირობებში. მხარის აზრით, კოლეგიამ არასწორად არ მიანიჭა მტკიცებითი ძალა შპს «ა-ის» მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, ვინადიან სასამართლომ არ გაითვალისწინა ს/ს «თ-ის» მიერ წარმოდგენილ შესაგებელში საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მიერ აღნიშნული აქტის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ აღიარება. კასატორის განმარტებით, იმ გარემოებას, რომ შპს «ა-ის» სადავო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია, ადასტურებს საზოგადოების დირექტორის _ ნ.კ-ის 2001წ. 17 დეკემბრის წერილი «თ-ის» დირექტორის _ ზ. ბ-ის მიმართ. კასატორის მითითებით, ვინაიდან ხანდაზმულობის საკითხი საქმის განხილვისას წამოიჭრა, შპს «ა-ის» წარმომადენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროცესის გადადების თაობაზე, რათა შესაძლებლობა მისცემოდა საპირისპირო მტკიცებულების მოსაძიებლად და წარმოსადგენად, თუმცა მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა, კასატორის აზრით, უკანონოდ არ დაკმაყოფილდა.

შემდგომში შპს «ა-ის» წარმომადგენელმა დ. ხ-ამ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა სასამართლოს. კასატორმა იხელმძღვანელა სსკ-ის 132-133-ე, 341-ე და 144-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ იმ გარემოებათა გათვალისწინებით, როდესაც მოწინააღმდეგე მხარემ სადავო ვალდებულება აღაირა, ამასთან, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე იგი კანონით დადგენილი წესით არ გაუქარწყლებია, კოლეგიის მიერ მითითებული აღიარების უარყოფა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორმა ჩათვალა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას კოლეგიას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 137-ე და არა 129-ე მუხლი, რადგან ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მითითებას, თითქოს შპს «ა-ის» სარჩელის წარდგენის ვადა ბოლო პერიოდისათვის შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ამოეწურა 2003წ. 30 აპრილს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა ამავე წლის 20 მაისს, რის გამოც იგი ხანდაზმულია. მხარის აზრით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება სკ-ის 137-ე მუხლის მოთხოვნებს. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, სადავო აღიარება კოლეგიას საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაეთვალა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს «ა-ისათვის» შესაბამის მტკიცებულებათა წარსადგენად დრო უნდა მიეცა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრვი გარემოებები:

1999წ. 27 მაისს «სს «თ-სა” და შპს «ა-ის” შორის დაიდო ხელშეკრულება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაზე მომსახურების თაობაზე. 1999წ. 8 დეკემბერს მხარეები დამატებით შეთანხმდნენ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისას საურავის დაკისრების თაობაზე. ხელშეკრულების 4.4 მუხლის მიხედვით ტრანსპორტის ღირებულების ანაზღაურება ხდება ყოველი თვის 25-30 რიცხვში განვლილ პერიოდში ფაქტობრივად გატარებული ბუნებრივი აირის მიხედვით, მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ ბუნებრივი აირის მიღება-ჩაბარების აქტით შპს «ა-იმ” სს «თ-ის” სასარგებლოდ 2000წ. 18 აპრილის ჩათვლით გასწია მომსახურეობა 524,811,816 მ3 ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაზე.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით საოლქო სასამართლომ შპს «ა-ის” მოთხოვნის უფლების რეალიზაციის ბოლო ვადად დაადგინა რა 25-30 აპრილი, 2003წ. 20 მაისს შპს «ა-ის” მიერ შეტანილი სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, კერძოდ:

საქმეში წარმოდგენილი «ს/ს «თ-ის” აღმასრულებელი დირექტორის _ თ. გ-ის 2003წ. 3 ივნისის შესაგებლით მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სს «თ-ს” მ/წ 1 მაისის მდგომარეობით შპს «ა-ის” მიმართ გადასახდელი აქვს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ღირებულება 1175374,58 ლარის ოდენობით (საურავების ჩათვლით)”.

შესაგებელში მითითებული გარემოება ვალის არსებობის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენლის _ მ. ვ-ის მიერ უარყოფილ იქნა საქმის არსებითად განხილვისას – 2004წ. 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე იმ მოტივით, რომ «მარწმუნებლისათვის არ იყო ცნობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ” და სარჩელზე უარის თქმის არგუმენტად მითითებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა:

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასება არ მიუცია მოპასუხე მხარის მიერ სარჩელზე თავდაპირველად წარმოდგენილი შესაგებლისათვის, რომლითაც მხარე მასთან არსებული ბუღალტრული დოკუმენტაციის საფუძველზე ნაწილობრივ უარყოფს სარჩელში მითითებულ თანხას და სასამართლოსაგან ითხოვს შპს «ა-ის” მიერ მოთხოვნილი 1600000 ლარის დავალიანების 1175374,58 ლარამდე შემცირებას.

სასამართლოს უნდა ემსჯელა, წარმოადგენდა თუ არა მითითებული შესაგებელი სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარის აღიარებას და მისი გაქარწყლება შეესაბამებოდა თუ არა ამავე კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებებით, რომლებიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.

ზემოხსენებულ გარემოებათა გამოკვლევასთან ერთად სასამართლოს უნდა ემსჯელა მოპასუხე მხარის მიერ ვალის აღიარების უარყოფის მოტივის სკ-ის 144-ე მუხლთან შესაბამისობაზე, რომლის მეორე და მესამე ნაწილებით, დადგენილია, რომ თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხადაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებები კანონის შესაბამისად, გამოკვლეული არ არის, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ა-ის” წარმომადგენლის _ დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

სასამართლო ხარჯების საბოლოო განსაზღვრა მოხდეს საქმის განხილვის დამთავრებისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.