Facebook Twitter

ას-325-619-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ... მდებარე ¹75 ბინა პირადი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელე მ. ჯ.-ის სახელზე.

აღნიშნული ბინა 2001წ. 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოპასუხე ტ. კ.-ის სახელზე. ზემოაღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ჯ.-ის უფლებამოსილი პირის _ გ. კ.-სა და მოპასუხე ტ. კ.-ს შორის, რომელიც მოქმედებდა მოსარჩელე მ. ჯ.-ის მიერ გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს მინდობილობით.

მ. ჯ.-მა და მისმა მეუღლემ ე.. მ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს, მოპასუხეების – გ. კ.-ისა და ტ. კ.-ის, მესამე პირების – ახალციხის ნოტარიუსის – ც. ნ.-ის და თბილისის ნოტარიუსის _ ნ. მ.-ის მიმართ, მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით, მ. ჯ.-ისა და ე.. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მინდობილობისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ.-მ და ე.. მ.-მ და მოითხოვეს, რომ მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე განიხილონ ხელახლა და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი სარჩელი მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

სააპელაციო საჩივარი დაფუძნებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:

ა) აპელანტთა მოსაზრებით, მ. ჯ.-ის მიერ გ. კ.-ზე ბინის გასხვისების შესახებ გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს მინდობილობა ბათილად იქნეს ცნობილი სკ-ის 81-ე მუხლით, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება შემდეგ გარემოებათა გამო:

მათი განმარტებით, ისინი გ. კ.-ს არ იცნობდნენ და გაიცნეს მათი სიძის (ქალიშვილის მეუღლის) – გ. ნ.-ის ძმის _ მ. ნ.-ის მეშვეობით. გ. ნ.-ემ სთხოვა მათ, რომ ბინის გასხვისებით დახმარებოდნენ ამ უკანასკნელის ძმის _ გ. კ.-ისაგან აღებული ვალის დაფარვაში, სანაცვლოდ კი, როცა მ. ნ.-ეს გამოუსწორდებოდა საქმე ე.წ. ბენზინის “ბიზნესში”, მათ თბილისში უყიდდა ორ ოთახიან ბინას, რის შემდეგ დაუჯერეს მ. ნ.-ეს და მ. ჯ.-მა გასცა მინდობილობა გ. კ.-ის სახელზე გ. ნ.-ის ვალის დაფარვის მიზნით, მაგრამ მოატყუეს და ბინა აღარ უყიდიათ. მინდობილობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სადავო ბინა წარმოადგენდა მეუღლეთა – მ. ჯ.-ისა და ე. მ.-ის თანასაკუთრებას და სადავო მინდობილობის გაცემისას მ. მ.-ისათვის მეუღლეთა – მ. ჯ.-ისა და ე. მ.-ისათვის, როგორც ბინის თანამესაკუთრისათვის, ნოტარიუსს მინდობილობის გაცემისას უნდა მოეთხოვა წერილობითი თანხმობა.

აპელანტების განმარტებით, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მ. ჯ.-ის უფლებამოსილი პირის _ გ. კ.-სა და მის მეუღლე ტ. კ.-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან მათი მოსაზრებით, მ. კ.-მ გარიგება დადო თავის თავთან.

მათივე მოსაზრებით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და ყადაღა ჰქონდა დადებული.

მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, სადავო ბინა საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მ. ჯ.-ის სახელზე, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და ბინის გასხვისების უფლებით მინდობილობა გასცა მ. კ.-ის სახელზე, რაც დამოწმებულია სანოტარო წესით. მასვე მიაჩნია, რომ მინდობილობისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსის მიერ არ დარღვეულა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩნებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო აპელანტი მ. ჯ.-ი. დადგენილია ისიც, რომ აპელანტებმა დახმარება გაუწიეს თავიანთ სიძის ძმას _ მ. ნ.-ეს და მის მიერ მ. კ.-ისაგან აღებული ვალის დაფარვის მიზნით, მ. ჯ.-მა მინდობილობა მისცა კ. კ.-ს, რათა ბინის გასხვისებაში აღებული თანხა მ. ნ.-ისათვის ჩაეთვალა ვალში.

სააპელაციო პალატა უთითებს, რომ სკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა ვერც რაიონულ სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ. ჯ.-მა გ. კ.-ზე სადავო მინდობილობა გასცა შემდეგი პირობით, კერძოდ _ შემდგომში მ. ნ.-ესა და მ. კ.-ს მისთვის უნდა ეყიდათ თბილისში 2 ოთახიანი ბინა, რაც არ შეასრულეს.

აპელანტებმა თვითონვე დაადასტურეს, რომ მათ აღნიშნული დაპირების შესახებ რაიმე წერილობითი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მინდობილობა მ. ჯ.-მ გასცა თავისუფალი ნების საფუძველზე და გარიგება მოტყუების საფუძველზე არ დადებულა. არა არგუმენტირებულია მათი მოსაზრება მ. კ.-ის მიერ მათთვის მინდობილობის სანაცვლოდ ბინის ყიდვის დაპირების თაობაზე, რადგან მ. ჯ.-მა, მ. კ.-ს ბინის გასხვისების უფლებით მინდობილობა მისცა, რათა მას ბინის გასხვისებაში აღებული თანხა მ. ნ.-ისათვის ვალში ჩაეთვალა.

სააპელაციო პალატამ ასევე მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ, სკ-ის 59-ე მუხლიდან გამომდინარე, სწორედ უთხრა უარი აპელანტებს მინდობილობის ბათილად ცნობაზე.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ გასხვისებამდე იგი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მხოლოდ მ. ჯ.-ის სახელზე.

ე. მ.-ს სრული უფლება ჰქონდა, რომ სადავო ბინა მ. ჯ.-ის მიერ 1994წ. 18 ნოემბრის შეძენის შემდეგ, საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღერიცხა თავის სახელზე, რაც არ გაუკეთებია.

მ. კ.-ი არ იცნობდა აპელანტთა ოჯახს, კეთილსინდისიერად მოქმედებდა და დაუჯერა საჯარო რეესტრის ჩანაწერებს, რომ ბინის ერთადერთი მესაკუთრე იყო მ. ჯ.-ი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ. კ.-მ მინდობილობის საფუძველზე ბინის ნასყიდობის გარიგება გააფორმა რა თავის მეუღლესთან ტ. კ.-თან, აღნიშნულით მან გარიგება დადო თავის თავთან, სკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ამ გარიგების ბათილობის საფუძველია.

სკ-ის ზემოაღნიშნული ნორმით, “თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

სააპელაციო პალატამ ასევე მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენელს – მ. კ.-ს წარმოდგენილი პირის _ მ. ჯ.-ის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით გარიგება არ დაუდია, ასევე არ დაუდია გარიგება, როგორც მესამე პირის წარმომადგენელს ანუ მოცემულ შემთხვევაში მან გარიგება დადო წარმოდგენილი პირის – მ. ჯ.-ის სახელით არა საკუთარ თავთან თავისი სახელით, არამედ მეუღლესთან ტ. კ.-თან, რის გამოც ამ მოტივით აღნიშნული გარიგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს და მოცემულ შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს წარმომადგენლობით ძალაუფლებას.

იმ შემთხვევაშიც კი მ. კ.-ს თავის თავთანაც რომ დაედო ეს გარიგება, იგი უცილოდ ბათილი გარიგება კი არა, არამედ მერყევად ბათილი გარიგება იქნებოდა, წარმომადგენლის მხრიდან გარიგების მოწონების შემთხვევაში კი გარიგება თავიდანვე ნამდვილად ჩაითვლებოდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

კასატორი მიუთითებს, რომ მ. ჯ.-ის მიერ გ. კ.-ზე, ბინის გასხვისების შესახებ გაცემული 2001წ. 2 აგვისტოს მინდობილობა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სკ-ის 81-ე მუხლით, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება. კასატორთა განმარტებით, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მ. ჯ.-ის უფლებამოსილი პირის _ გ. კ.-სა და მის მეუღლეს – ტ. კ.-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან მათი მოსაზრებით, მ. კ.-მა გარიგება დადო თავის თავთან.

მათივე მოსაზრებით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და ყადაღა ჰქონდა დადებული.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო განჩინების ძირითად ნაწილს ამყარებს მისი ნათესავის _ მ. ნ.-ის ვალის დაფარვის მიზანზე, მაგრამ არანაირ შეფასებას არ აძლევს იმ გარემოებას, თუ რა ფასად გასხვისდა სადავო ბინა, რა ბედი ეწია მასში აღებულ თანხასა და ვის გადაეცა იგი.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 114-ე მუხლი. ამ მუხლში მითითებულია, რომ, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია, წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

მართალია, გ. კ.-ი და ტ. კ.-ი ერთი და იგივე პირები არ არიან, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის სამართლებრივი შედეგები, რასაც იწვევს გ. კ.-ისა და ტ. კ.-ის ქორწინება. სკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ნორმის მიხედვით გ. კ.-მ, როგორც წარმომადგენელმა, სადავო ბინა მიყიდა რა თავის მეუღლეს, თვითონაც ამ ბინის თანამესაკუთრე გახდა, ე.ი. ამ გარიგების დადებით მას წარმოეშვა წარმოდგენილი პირის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, ამიტომ ამ შემთხვევაში წარმომადგენელის მიერ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მის მეუღლესთან გაიგივებული უნდა იქნეს საკუთარ თავთან საკუთარი სახელით დადებულ გარიგებასთან.

ვინაიდან საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო პალატა ამ საქმეზე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება რა სკ-ის 114-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მ. ჯ.-ი მოითხოვს მის მიერ გ. კ.-ზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობას, შესაბამისად, ის მოითხოვს გ. კ.-ის უფლებამოსილების გაუქმებას.

სკ-ის 109-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით.

ვინაიდან უფლებამოსილების გაუქმება უფლებამოსილების გამცემი პირის შეუზღუდავი უფლებაა, უფლებამოსილება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. ჯ.-ისა და ე.. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი გ. კ.-სა და ტ. კ.-ს შორის 2001წ. 27 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და გაუქმდეს 2001წ. 2 აგვისტოს მ. ჯ.-სა და გ. კ.-ს შორის დადებული მინდობილობა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა