საქმე # 330100120003788762
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №43აპ-21 ქ. თბილისი
თ-ი დ., 43აპ-21 9 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დ. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
გაუქმდა დ. თ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. თ........ში, ...........ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ მოძრაობისას, „ბმვ-ს“ ფირმის ავტომობილი, სახ.№......, რომელსაც მართავდა დ. თ–ი, გადავიდა სავალი გზიდან და დაეჯახა ნაგვის ურნას, შემდეგ კი ქვეით მ. ა–ს, რაც გამოწვეული იყო დ. თ–ს მხრიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მ. ა–მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - დ. თ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთევის ნაწილში განაჩენის შეცვლას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ დ. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ფ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. თ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი - მსჯავრდებულ დ. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ფ–ე განაჩენს ასაჩივრებს დ. თ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში და ითხოვს მის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, კერძოდ:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ: დ. თ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებლობითი დანაშაული, აცნობიერებს ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს საწყის ეტაპზე ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი.
5. ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“. ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.
6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულ მ. ა–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ მას არანაირი სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია მსჯავრდებულ დ. თ–ს მიმართ და თანახმაა, რომ მის მიმართ გავრცელდეს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. თ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე უნდა აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული დ. თ–ი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4. დ. თ–ს აღუდგეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე