Facebook Twitter

ას-328-626-04 1 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

იურიდიულმა ფირმამ „ხ-ა და პარტნიორებმა“ გ. პ-ის სახელით სს „გ-ის“ მიმართ წარდგენილ სარჩელში განმარტა, რომ გ. პ-მა 2002წ. 22 ნოემბერს სს „გ-ის“ მთაწმინდის ფილიალში, ამავე ბანკის აუდიტორული დეპარტამენტის აუდიტორის _ მ. მ-ის წინადადებით შეიტანა 17000 აშშ დოლარი. ბანკის მიერ გ. პ-ზე გაიხსნა მოთხოვნამდე საანაბრე ანგარიში და მასზე გაიცა საანაბრე წიგნაკი, რის შემდეგაც მ. მ-ემ გ. პ-ს გამოართვა საანაბრე წიგნაკი და განუცხადა, რომ სჭირდებოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის საკითხის მოსაგვარებლად. გარკვეული დროის შემდგომ პ-მა მოსთხოვა მ. მ-ეს თავისი საანაბრე წიგნაკი, სადაც აღმოჩნდა ჩანაწერები მის ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ. მ. მ-ემ განმარტა, რომ ანაბრის თანხა მან ბანკიდან გაიტანა გაყალბებული მინდობილობით და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის.

გ. პ-მა ბანკს სიტყვიერად აცნობა მისი კუთვნილი თანხების მითვისების თაობაზე, რის შესახებაც ბანკმა ჩაატარა შემოწმება. მ. მ-ემ აღიარა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით გ. პ-ის ანგარიშიდან 17000 აშშ დოლარის გატანა.

აღნიშნულ პერიოდში ბანკში შეტანილი თანხით განზრახული ჰქონდა ლ. ს-ისაგან ბინის შეძენა, ვისზეც 2002წ. 19 დეკემბერს გაფორმებული „ბეს“ ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა 5000 აშშ დოლარი. იმის გამო, რომ სს „გ-მა“ თანხის დაბრუნებაზე უარი განუცხადა, მოსარჩელემ ვერ შეძლო დარჩენილი თანხის დაფარვა, რის შედეგადაც გ. პ-მა „ბეს“ თანხა დაკარგა.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე სს „გ-ისათვის“ ანაბრის ძირითადი თანხის _ 17000 აშშ დოლარის, ანაბარზე დასარიცხი პროცენტის, ადვოკატის ჰონორარის _ 1000 აშშ დოლარისა და „ბეს“ სახით გადახდილი 5000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტების მიხედვით, ანაბარზე ოპერაციები განხორციელდა «კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესების» მე-7 და მე-10 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ანაბრიდან თანხები მ. მ-ემ გაიტანა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობისა და წარდგენილი შემნახველი წიგნაკის საფუძველზე. მინდობილობის ნამდვილობის დადგენა, მოპასუხის განმარტებით, ბანკის ოპერატორის მიერ შეუძლებელი იყო სათანადო მოწყობილობების უქონლობის გამო.

მოპასუხეს მიაჩნია, რომ ყალბი მინდობილობით თანხის გატანას ხელი შეუწყო გ. პ-ის მიერ მ. მ-ეზე საანაბრე წიგნაკის გადაცემამ.

მოპასუხემ სარჩელი „ბეს“ თანხის ანაზღაურების ნაწილში არ ცნო იმ მოტივით, რომ სკ-ის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ბანკისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. ბანკისათვის წინასწარ არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ანაბარზე შეტანილი თანხით აპირებდა ბინის ყიდვას და „ბეს“ ხელშეკრულების გაფორმებას.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სს „გ-ს“ დაეკისრა ანაბარზე შეტანილი 17000 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 200 აშშ დოლარის გადახდა.

ანაბარზე დარიცხული პროცენტების, „ბეს“ სახით გადახდილი 5000 აშშ დოლარისა და ადვოკატის მომსახურების დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება გ. პ-მა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტის მოსაზრებით, სკ-ის 874-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ანაბარზე უნდა დარიცხულიყო პროცენტები. საქმეზე წარდგენილი ამონაწერების თანახმად, ბანკი პ-ის ანაბარს არიცხავდა 1 პროცენტს, რაც 2003წ. 15 იანვრიდან 12 თვის განმავლობაში შეადგენს 170 აშშ დოლარს. აპელანტის აზრით, ბანკს უნდა გადახდეს 17000 აშშ დოლარის დაუბრუნებლობის გამო მიყენებული ზიანი, „ბეს“ სახით გადახდილი 5000 აშშ დოლარი და ადვოკატის მომსახურების დარჩენილი თანხა _ 680 აშშ დოლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს „გ-მაც“. მისი მოსაზრებით, ანაბრის თანხის გაცემისას ბანკი მოქმედებდა მართლზომიერად, კანონმდებლობის სრული დაცვით. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სს „გ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ანაბარზე დასარიცხი პროცენტის, „ბეს“ სახით 5000 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებით სს „გ-ს“ დაეკისრა გ. პ-ის სასარგებლოდ ანაბარზე დასარიცხი პროცენტის, მიყენებული ზიანისა და ადვოკატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, სულ _ 5850 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „გ-ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა არა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის არსებობა-არარსებობაზე, არამედ იმ გარემოებაზე, მიუძღვის თუ არა ბრალი ბანკს ანაბრიდან ყალბი მინდობილობის საფუძველზე თანხის გატანაში. კასატორის აზრით, ბანკი მოქმედებდა მართლზომიერად, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ პ-მა თავისი ნებით გადასცა მ-ეს საანაბრო წიგნაკი, რითაც თვითონ შეუწყო ხელი ანაბრიდან თანხის გატანას.

კასატორი აპელირებს „კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მინდობილობით ანაბარი არ გაიცემა მეანაბრის წიგნაკის გარეშე, ხოლო იმავე წესების მე-6 პუნქტი მეანაბრეს ავალდებულებს, რომ ანაბრის წიგნაკის დაკარგვისას დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული ნორმებით დაცულია მეანაბრის ინტერესები. ბანკი არ საჭიროებდა სამეწარმეო გულისხმიერების გამოჩენას მეანაბრესთან დაკავშირების გზით, რადგან რწმუნებულის მიერ წარმოდგენილ იქნა შემნახველი წიგნაკიც, რაც ცალსახად მოწმობდა მეანაბრის მხრიდან ნების გამოვლენას. კასატორის აზრით, ბანკმა არ უნდა აგოს პასუხი იმისათვის, რომ პ-ი ბრმად ენდობოდა მ-ეს.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 412-ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში ბანკისათვის წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო, რომ ანაბარზე შეტანილი თანხით გ. პ-ი აპირებდა ბინის ყიდვას და, შესაბამისად, „ბეს“ ხელშეკრულების გაფორმებას. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 415-ე მუხლი, რადგან, მისი აზრით, გ. პ-მა თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას, ვინაიდან მან შემნახველი წიგნაკი გადასცა მ-ეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გ. პ-მა სს „გ-ის“ მთაწმინდის ფილიალში 2002წ. 22 ნოემბერს ანაბრის სახით მოთხოვნამდე შეიტანა 17000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა საბანკო დაწესებულებიდან გაიტანა სხვა პირმა, იმავე ბანკის თანამშრომელმა მ. მ-ემ. სკ-ის 874-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ფულადი თანხის შეტანით საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ფულადი თანხა ნებისმიერ დროს შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი. გ. პ-ის მიერ თანხის შეტანით ბანკი გახდა მითითებული თანხის მესაკუთრე. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე მას წარმოეშვა ვალდებულება, დაებრუნებინა მის საკუთრებაში გადაცემული თანხა მეანაბრის მოთხოვნის შემთხვევაში. მ. მ-ის მიერ სს „გ-იდან“ თანხის გამოტანით მოხდა ბანკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ისე, რომ გ. პ-ს არ უსარგებლია მითითებული ნორმის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით, ნებისმიერ დროს გამოეთხოვა ფულადი თანხა. მ. მ-ის მიერ ყალბი მინდობილობის საფუძველზე თანხის გამოტანით არ გამოვლენილა გ. პ-ის ნება თანხის მისთვის დაბრუნებაზე, ამიტომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ბანკი ვალდებულია, დააბრუნოს მისთვის გადარიცხული თანხა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ბანკი არ საჭიროებდა სამეწარმეო გულისხმიერების გამოჩენას და შემნახველი სალაროს წიგნაკის წარდგენა ცალსახად ნიშნავს მეანაბრის მხრიდან ნების გამოვლენას. თვით კასატორის მიერ მითითებული „კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესების“ მე-2 პუნქტის თანახმად, მხოლოდ მეანაბრის წიგნაკის წარდგენა არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას, გასცეს ფულადი თანხა. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სავალდებულოა მინდობილობის წარდგენაც. მ-ის მიერ გაყალბებული მინდობილობით თანხის ბანკიდან გამოტანა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც გ. პ-ის ნების გამოვლენა თანხის მისთვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ბანკს უნდა გამოევლინა სწორედ მეწარმის გულისხმიერება მინდობილობის შემოწმებისას.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, არსებობდა თუ არა გ. პ-ის ბრალი მ-ის მიერ თანხის გამოტანისას ანუ ხომ არ არსებობდა სკ-ის 415-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბანკისათვის ზიანის _ 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმე ამ საკითხთან მიმართებაში ხელახლა უნდა იქნეს განხილული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „გ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს სს „გ-ისათვის“ გ. პ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.