ას-329-1016-03 21 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების გაუქმება და თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 7 ნოემბერს შპს «მ-მა» ინდივიდუალურ მენაშენეების ამხანაგობა «გ-ის» წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 158932 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
1995წ. 15 მაისს მან მოპასუხესთან დადო ნარდობის ხელშეკრულება მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენდა 300000 აშშ დოლარს. მათ მიერ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ვინაიდან 1998წ. სექტემბერში დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულება შეწყდა.
1998 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს იჯარით გადასცა ამწე, რომელსაც მოპასუხე დღესაც იყენებს.
მოპასუხეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება 158932 ლარი და იჯარით გადაცემული ამწის საიჯარო თანხა 155000 ლარი არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის უმოძრაოდ დატოვება, ვინაიდან იგი არ პასუხობდა სსკ-ს 135-ე, 178-ე და 179-ე მუხლების მოთხოვნებს.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 68292 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 1707,3 ლარისა და 1464,25 ლარის გადახდა. მოცემული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ, ისე მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით შეიცვალა რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3300 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 1995წ. 15 მაისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელეს უნდა აეშენებინა 8 სართულიანი 14 ბინიანი სახლი. მშენებლობის ღირებულება განისაზღვრა 300000 აშშ დოლარად.
1996-98 წლებში შესრულდა 158932 ლარის სამუშაო, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მაგრამ მოპასუხე მხარემ აღნიშნული სამუშაოების შემსრულებლად მიუთითა რ. ჟ-ი, რომელსაც გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
მართალია, რ. ჟ-ი სამუშაოებს აწარმოებდა შპს «მ-ის» დირექტორის დავალებით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 709-ე მუხლის საფუძველზე რწმუნებულისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაცემა კანონთა შესაბამისობაში მიიჩნია.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში სათანადო მხარედ მიიჩნია რ. ჟ-ი და არა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა «გ-ი», ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს შესთავაზა საქმეში სათანადო მოპასუხის ჩაბმა, მაგრამ მოსარჩელემ მოპასუხის შეცვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის შელშეკრულებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დაადგინა, რომ ამწე იჯარით იყო გადაცემული და საიჯარო ქირა შეადგენდა თვეში 300 აშშ დოლარს, სულ 20 თვისა კი – 6000 აშშ დოლარს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ-მა» 158932 ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, აგრეთვე, სააპელაციო საჩივარი შეიტანა საიჯარო ქირის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც და მიუთითა, რომ საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენდა 700 აშშ დოლარს და არა 300 აშშ დოლარს, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 158932 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სათანადო მხარის დადგენისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან და სარჩელზე მხარეებად გვევლინებიან შპს «მ-ი» (მოსარჩელე) და ამხანაგობა «გ-ი» (მოპასუხე). აქედან გამომდინარე, იმ ხელშეკრულების მონაწილე, რომელიც არ არის სადავო, (დავალების ხელშეკრულება) არ შეიძლება, ნარდობის ხელშეკრულებაში იყოს სათანადო მხარე. ვინაიდან სარჩელთან დაკავშირებით ფაქტობრივი თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, უნდა დაედგინა ეს გარემოებანი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლომ, სსკ-ს 102-ე მუხლის საფუძველზე, არ გაიზიარა კასატორის მოთხოვნა საიჯარო ქირის სახით ყოველთვიურად 700 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა «გ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «გ-ზე» საამშენებლო სამუშაოების ღირებულების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიიღო ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შპს «მ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 1995წ. 15 მაისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება 14 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 300000 აშშ დოლარს. ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სამუშაოს მიღების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა მიღება ჩაბარების აქტებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შესრულების ფაქტი.
საქმეში არსებულ ზემოთ მითითებულ აქტებს ხელს აწერს მხოლოდ რ. ჟ-ი. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ 1998წ. 25 ნოემბერს მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულება ამავე სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გააფორმა რ. ჟ-თან, რომელიც აწარმოებდა კიდეც ამ მშენებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მან ააშენა სახლის ნაწილი. სამუშაოთა მიღება – ჩაბარების აქტზე მოსარჩელის ბეჭდის არსებობა არ მიუთითებდა იმას, რომ იგი იყო აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი.
2003წ. 15 ივლისს შპს «მ-მა» საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 158932 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. რ. ჟ-ი სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტს კი არ აწერს ხელს, არამედ _ სამუშაოთა შესრულების აქტს;
2. საკასაციო სასამართლომ ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა რა საქმე, დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეები იყვნენ ნარდობის ხელშეკრულების მონაწილეები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული იყო 158932 ლარის სამუშაო. მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა მხოლოდ თანხის გადახდა და მიუთითა, რომ დაედგინა ფაქტობრივი გარემოება თანხის გადახდის ან გადაუხდელობის შესახებ, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მითითება არ შეასრულა;
3. კასატორის მითითებით, სამუშაოებს აწარმოებდა შპს «მ-ი», ხოლო რ. ჟ-ი იყო მისი სამუშაოთა მწარმოებელი. ამას ადასტურებს საქმეში არსებული დოკუმენტები: რ. ჟ-ის მიერ 1996წ. 1 აგვისტოს შეტანილი განცხადება სამუშაოთა მწარმოებლად მიღების თაობაზე, შპს «მ-ის» დირექტორის ბრძანება რ. ჟ-ის სამუშაოთა მწარმოებლად მიღების შესახებ, 1996წ. 19 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც რ. ჟ-მა გაიტანა 60 ლარი.
4. რ. ჟ-ი მოქმედებდა შპს «მ-ის» დავალებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 1995წ. მაისიდან არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება და იგი შეწყდა 1998წ. სექტემბერში. 1998წ. 25 ნოემბრიდან კი მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულება გააფორმა რ. ჟ-თან, რომელიც აწარმოებდა კიდეც ამ სახლის მშენებლობას. სააპელაციო სასამართლოს, ასევე დადგენილად აქვს მიჩნეული ის გარემოება, რომ სამუშაოთა შესრულების დოკუმენტებზე ხელმოწერები შესრულებული აქვს მხოლოდ ჟ-ს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით და თვით ჟ-ის განმარტებით, ირკვევა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების დოკუმენტები არ არის დედნები. მართალია, მასზე ხელს აწერს ჟ-ი, მაგრამ დოკუმენტებზე დასმულია შპს «მ-ის» ბეჭედი. ამასთან, ჟ-ი განმარტავს: იგი სადავო სახლის მშენებლობას აწარმოებდა 1995 წლიდან, მშენებლობის დაწყების წინ მას დახვდა მხოლოდ ქვაბული, სამუშაოებს ანხორციელებდა თავისი სახელით, მასალით მომარაგებას აწარმოებდა, როგორც ყ-ი, ისე ა-ე, ამ სახლის მშენებლობის მანძილზე მას ყ-ი და ა-ე ერთი მხარე ეგონა, მუშებს თვითონ უხდიდა ხელფასს, როცა თანხას აძლევდა ხელმძღვანელობა. ფულს ხან ყ-ი, ხან ა-ე და ხან დ-ე აძლევდა.
საქმეში არსებული ზემოთ მითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ჟ-ი მოქმედებდა შპს «მ-ის» დავალებით, წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სახლის მშენებლობა წარმოებდა, როგორც ამხანაგობის, ისე შპს «მ-ის» დირექტორის მიერ მიწოდებული საამშენებლო მასალებითა და თანხებით.
ვინაიდან აღნიშნული გარემოება ეჭვის ქვეშ აყენებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას, სადავო სახლის მხოლოდ ამხანაგობის სახსრებით აშენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებანი იმის შესახებ, რომ სადავო სახლი აშენდა მხოლოდ ამხანაგობის სახსრებით და ამ სახლის მშენებლობაში შპს «მ-ს» მონაწილეობა არ მიუღია, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, დაუსაბუთებელია.
სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
იმის გარკვევა, თუ როდის და რა ოდენობით მიაწოდა ჟ-ს სადავო სახლის მშენებლობისათვის შპს «მ-ის» ხელმღვანელობამ მასალები და თანხა, რაც შეადგენს სადავო სახლის მშენებლობის დროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებლად მიიჩნია. ასევე, დასადგენია შპს «მ-ი» რისთვის უხდიდა თანხას და რატომ აწვდიდა მასალებს ჟ-ს. შპს «მ-ი» ან მისი დირექტორი ა-ე (როგორც კერძო პირი) ამ სახლის თანაამშენებლად ითვლებოდნენ, როგორც ამას ჟ-ი განმარტავს, თუ იგი იყო მენარდე და ჟ-ი მისი მუშაკი.
სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხთა გარკვევის მიზნით დამატებით უნდა დაკითხოს შპს «მ-ის» ხელმძღვანელობა და ჟ-ი, დაადგინოს ა-ის მიერ ჟ-ზე გადაცემული თანხისა და მასალების სახეობა, მოცულობა, მისი წარმოშობის წყარო და გადაცემის მიზანი. უტყუარად უნდა გაირკვეს, თუ როდის შედგა საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების დოკუმენტები, ვის მიერაა იგი შედგენილი, მასში მითითებული მასალების წარმოშობის წყარო და რატომ აქვს დასმული ამ დოკუმენტებს შპს «მ-ის» ბეჭედი, თუკი შპს «მ-ი» არ ითვლებოდა ამ სახლის ამშენებლად. სასამართლომ მხარეებს უნდა შესთავაზოს ამ დოკუმენტების დედნების წარმოდგენა და იგი დაურთოს საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სსკ-ს 135-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყვიტოს წარმოდგენილი ასლებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ გარემოებაზე: სასამართლო პროცესზე თ. ა-ემ დაადასტურა შესრულებული სამუშაოებისათვის 15000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და ასევე, განმარტა, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ტრესტის ხარჯებით, უმეტესად კი მისი საკუთარი სახსრებით. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა სამუშაოების შესრულებისთვის მიიღო ა-ემ 15000 აშშ დოლარი. შპს «მ-ის», ტრესტის, თუ რომელ სხვა საბუღალტრო დოკუმენტებში აისახა მისი მიღება, რას შეადგენს სადავო სახლის მშენებლობაზე ტრესტისა და ა-ის მიერ გაწეული ხარჯები, ასევე უნდა დადგინდეს, თუ რატომ აწარმოებდა ან რატომ უნდა დაეხარჯა პირადი სახსრები ა-ეს სადავო სახლის მშენებლობის დროს. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად თუ ჩათვლის სადავო სახლის მშენებლობის დროს ა-ის მხრივ პირადი სახსრების ხარჯვას, მაშინ უნდა გაარკვიოს ამხანაგობასთან მისი ურთიერთობის სამართლებრივი დამოკიდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.