საქმე # 120100120003766423
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №74აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ი გ., 74აპ-21 1 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ბ–ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გ. ბ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ბ–ს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე. გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 24 მარტიდან იმავე წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
გ. ბ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 23 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამმა გ. ბ–მ ქ. ბ........ში, .........ის ქ. №...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ბ–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით დააგდო საწოლზე და ფეხი დაარტყა ტანზე, თმა ძლიერად მოქაჩა და თავი, კერძოდ - სახის მარცხენა მხარე, თვალის და ლოყის არე დაარტყმევინა საწოლის თავზე. ძალადობრივი ქმედების შედეგადაც ი. ბ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მიიღო სახეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ტანჯვა.
2020 წლის 23 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნასვამმა გ. ბ–მ ქ. ბ......ში, .......ს ქ. N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა თავის მოჭრით და მის ხელთ არსებული პატარა გაზის ბალონიდან სითხის შესხურებით მოკვლით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას სასჯელის ნაწილში და გ. ბ–ს კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ბ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებები. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოებები (მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება - მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება) და გ. ბ–ს განუსაზღვრა მისი პიროვნების და ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
7. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე