საქმე # 330100120003557981
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №75აპ-21 ქ. თბილისი
კ–ი ვ., 75აპ-21 24 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ვ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის ზაფხულში, თ........ში, ...........ის ხეივანი, მე-.. კმ, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. კ–ს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა მეუღლე - ი. კ–სთან. კონფლიქტის დროს ვ. კ–მ ი. კ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორჯერ ძლიერად ჩაარტყა მუშტი სახეში, მარჯვენა თვალთან. ვ. კ–ს ქმედებების შედეგად ი. კ–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის ზაფხულში, თ.......ში, ............ის ხეივანი, მე-.. კმ, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. კ–ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლე - ი. კ–სთან, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი უყურებდა ტელევიზორს. ვ. კ–მ ი. კ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი ჰკრა, წააქცია და ერთხელ ძლიერად ჩაარტყა მუშტი ცხვირის არეში. ვ. კ–ს ქმედებების შედეგად ი. კ–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში, თ.........ში, ...........ის ხეივანი, მე-.. კმ, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალ ვ. კ–ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლე - ი. კ–სთან, იმის გამო, რომ გაფუჭებული იყო გამათბობელი. ვ. კ–მ ი. კ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ლოყის არეში ერთხელ ძლიერად ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ი. კ–ა წაიქცა და მიიღო დაზიანება თავის არეში ჰემატომის სახით. ვ. კ–ს ქმედებების შედეგად ი. კ–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება თავის არეში ჰემატომის სახით.
- დაახლოებით 14 წელია ი. კ–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ. კ–თან. ისინი ერთად ცხოვრობენ თ...........ში, ..............ის ხეივანი მე-.. კმ, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ვ. კ–მ დაიწყო ალკოჰოლური სასმლის სისტემატურად მიღება და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა ი. კ–აზე. კერძოდ, უკრძალავდა სამსახურში წასვლას, მუშაობას, ტელევიზორის ყურებას და ა.შ. აღნიშნული მიზეზით ვ. კ–ი აგრესიას გამოხატავდა მეუღლის მიმართ, სისტემატურად აგინებდა და ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ამტვრევდა სახლში არსებულ ავეჯს და მინებს, ესროდა სხვადასხვა ნივთს, რითაც აყენებდა გაუსაძლის მდგომარეობაში. ვ. კ–ს ქმედებებით ი. კ–ა თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
მსგავსი ფაქტები განმეორდა 2018 წლის ზაფხულში, რა დროსაც საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი შელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე. კერძოდ, ვ. კ–მ რამდენჯერმე დედა შეაგინა ი. კ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა;
2019 წლის ზაფხულში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვ. კ–მ კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლეზე. კერძოდ, იმის გამო, რომ ი. კ–ა უყურებდა ტელევიზორს, ვ. კ–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე შეაგინა, რის შედეგადაც ი. კ–ამ განიცადა ტანჯვა.
ანალოგიური განმეორდა 2020 წლის 12 თებერვალს, როდესაც ვ. კ–მ ფსიქოლოგიურად იძალადა ი. კ–ზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე შეაგინა დედა. ასევე, 2020 წლის 13, 14, და 15 თებერვალს ვ. კ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლეზე, რის შედეგადაც ი. კ–ამ განიცადა ტანჯვა.
2020 წლის 17 თებერვალს, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. კ–მ კვლავ იძალადა ფსიქოლოგიურად მეუღლეზე, კერძოდ, ი. კ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამდენჯერმე შეაგინა დედა და დაამცირა იგი. ვ. კ–ს ქმედებების შედეგად ი. კ–ამ განიცადა ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ვ. კ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. კ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. კ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 თებერვლის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ დაენიშნა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 17 თებერვლიდან;
ვ. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორმა საჩივრით ითხოვა ვ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 თებერვლის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა დადგენილი სანქციის ფარგლებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2021 წლის 18 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა.
7. კასატორმა საჩივრით ითხოვა ვ. კ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში; ამასთან, მისთვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა დადგენილი სანქციის ფარგლებში და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 თებერვლის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გამოყენებული სასჯელის გამკაცრება.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში -საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
10. დაზარალებულმა ი. კ–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19).
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი. კ–ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ს. ხ–ის, ა. ხ–ს, ზ. ლ–ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ი. ყ–ს გამოკითხვის ოქმით - გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება 2019 წლის 17 თებერვალს, ვ. კ–ს მიერ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, ი. კ–სათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება - მარჯვენა ლოყის არეში ერთხელ ძლიერად მუშტის ჩარტყმა, რის შედეგადაც ი. კ–ა წაიქცა და მიიღო დაზიანება თავის არეში ჰემატომის სახით.
12. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის დამძიმების თაობაზე, რადგან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით ვ. კ–ს მიმართ გამოყენებულია სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, ხოლო ზომად - არამინიმუმი ხანგრძლივობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. კ–ი ინანიებს ჩადენილ ქმედებას (2020 წლის 17 თებერვლის ეპიზოდს), ხოლო დაზარალებულ ი. კ–ს არ აქვს პრეტენზია ვ. კ–თან და მის მიმართ ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. კ–ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი და არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
14. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებს, ვინაიდან აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით ბრალდება ძირითადად ეყრდნობა იგივე მტკიცებულებებს, არ არის წარმოდგენილი დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდში ვ. კ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, მათ შორის არ არსებობს აღნიშნული დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. მოცემულ შემთხვევაში ბრალდება 2020 წლის 17 თებერვლის ეპიზოდამდე ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით ეფუძნება იმავე მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილ იქნა 2020 წლის 17 თებერვლის ეპიზოდისათვის, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის ს. ხ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ვ. კ–ს მიერ ი. კ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მხოლოდ 2020 წლის 17 თებერვალს, ხოლო მოწმეების - ს. ხ–ს, ა. ხ–ს, ზ. ლ–ს ჩვენებები, ასევე მოწმე ი. ყ–ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის შინაარსის გაზიარების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ, ზოგადად, მსგავსი ტიპის (ოჯახური ძალადობის) საქმეებში დაზარალებულის პოზიცია და მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარი არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული და არ უნდა დაედოს საფუძვლად გამამართლებელ განაჩენს.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე