Facebook Twitter

საქმე # 150100120003917089

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №78აპ-21 ქ. თბილისი

ს–ი მ., 78აპ-21 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

მ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 28 ივლისიდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული - გირაო.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩამდურაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების განმავლობაში, მ. ს–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ. პ–ს, ლანძღავდა, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, მ. ს–ი სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ. პ–ს. მათ შორის 2020 წლის 9 იანვარს, საღამოს საათებში, ა............ის რაიონის სოფელ .......ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სახეში გაარტყა გაშლილი ხელი. ასევე, 2020 წლის 2 თებერვალს, მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი დაარტყა ცხვირის არეში. გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 19 თებერვალს, საღამოს საათებში, სახლში ყოფნის დროს, ხელი წაუჭირა ყელში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. მ. ს–ს ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებების შედეგად ლ. პ–მა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ა..........ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების განმავლობაში, მ. ს–ი სისტემატურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ. პ–ს, რის გამოც ეს უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან, რის შემდეგაც, 2020 წლის 13 მაისს, მას ტელეფონით დაუკავშირდა მ. ს–ი და უთხრა, რომ თუ იგი არ გააგრძელებდა მასთან თანაცხოვრებას, მოკლავდა. მ. ს–ს ქმედების გამო ლ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ მ. ს–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა მ. ს–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე