საქმე # 330100119003306309
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №79აპ-21 ქ. თბილისი
ლ–ი ა., 79აპ-21 4 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ლ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით ხუთი წლის წინ, ქ. თ..........ში, ...........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ში, უმნიშვნელო მიზეზით, ა. ლ–მ თავის არასრულწლოვან შვილს - გ. ლ–ს სახის არეში ხელი დაარტყა და თმა მოქაჩა. იმავდროულად, ძალის გამოყენებით გადააადგილა იგი სააბაზანო ოთახში და წყლით სავსე ჯამში ჩააყოფინა თავი რამდენიმე წამის განმავლობაში. ა. ლ–ს ქმედების შედეგად, გ. ლ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის მაისში, უმნიშვნელო მიზეზით, ა. ლ–მ ძალის გამოყენებით, კეფაში ხელის მოკიდებით, თავისი არასრულწლოვანი შვილი - გ. ლ–ი ეზოდან აიყვანა ქ. თ...........ში, ...........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ში, სადაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სარტყელი ოცდაათჯერ დაარტყა საჯდომის არეში. ა. ლ–ს ქმედების შედეგად, გ. ლ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ქ. თ..........ში, ......ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ში, ა. ლ–ი თავის არასრულწლოვან შვილს - გ. ლ–ს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2019 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თ.......ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ში, უმნიშვნელო მიზეზით, ა. ლ–მ თავის არასრულწლოვან შვილს - გ. ლ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა. ა. ლ–ს ქმედების შედეგად, გ. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განაჩენით ა. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი ეპიზოდი), 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულ ა. ლ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან გ. ლ–სა და მის საპროცესო წარმომადგენელს უნდა ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ა. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი, რელევანტური სასჯელის დანიშვნას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი ეპიზოდი), 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა. ლ–ს არასრულწლოვანმა შვილმა - დაზარალებულმა გ. ლ–მ, ასევე მისმა ყოფილმა მეუღლემ - მოწმე ხ. ა–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.
8. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ა. ლ–ს მიერ შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
9. სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით დადგენილია, რომ მოქალაქე გ. ლ–ს სხეულზე (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.
10. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნით დადგენილია, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, გ. ლ–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია, ამავე დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი პირის - გ. ლ–ის მიერ გადმოცემული შინაარსი არის წინააღმდეგობრივი, ფრაგმენტული, ზედაპირული.
11. დაზარალებულის რეპეტიტორის - მოწმე თ. ფ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი მეცადინეობის დროს დაზარალებული გ. ლ–ი იქცეოდა უწესრიგოდ - არ უჯერებდა რეპეტიტორს, ხმაურობდა და არ მეცადინეობდა, რის გამოც გ. ლ–ს მამამ მშვიდად მოუწოდა, დაწყნარებულიყო, თუმცა გ. ლ–ი გახდა აგრესიული, უყვიროდა და სხვადასხვა ნივთს ესროდა მამას - ა. ლ–ს, რის გამოც ა. ლ–მ მას ყური აუწია.
12. მოწმე - ნ. ლ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ა. ლ–ი არის კარგი მამა და არასდროს უძალადია შვილზე - გ. ლ–ზე, მას ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია და ადასტურებს მხოლოდ მოწმე თ. ფ–ს მიერ მითითებულ ინციდენტს და ა. ლ–ს მხრიდან ყურის აწევის ფაქტს. რაც შეეხება მოწმე თ. ხ–ს, მისი გამოკითხვის ოქმის თანახმად დგინდება, რომ იგი ა. ლ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი რომელიმე ქმედების არც თვითმხილველია და არც გადმოცემით ფლობს რაიმე ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, მან მხოლოდ გამომძიებელთან ერთად დააკავა ა. ლ–ი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემდეგ.
13. მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მაგალითად, 269-ე, მე-13, 82-ე მუხლები) იმპერატიული დანაწესებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე