Facebook Twitter
საქმე # 330100120003964143

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №80აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ი ი., 80აპ-21 28 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ი. ბ.–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

- საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ბ.–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

ი. ბ.–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლიდან ი. ბ.–ი ყოფილ მეუღლეს - თ. ა–ს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე მკვლელობის ამსახველ ვიდეოებს, აფრთხილებდა არ გაებრაზებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიაკითხავდა ნაჯახით, უკავშირდებოდა ტელეფონით და ემუქრებოდა, რომ გამოჭრიდა კისერს, რაც თ. ა–ემ აღიქვა რეალურად, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა მორალური ზიანი.

2017 წელს ი. ბ.–ი განქორწინდა მეუღლესთან - თ. ა–სთან, რის შემდეგაც ცდილობდა მასთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენას. 2017 წლიდან ი. ბ.–ი ყოფილ მეუღლესთან - თ. ა–სთან ცდილობდა პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. კერძოდ, თ.....ში, ..........ზე, ...........ის ქუჩა №..-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ი. ბ.–ი თ. ა–ს თითქმის ყოველდღიურად უთვალთვალებდა, ემუქრებოდა, უკან დაჰყვებოდა. მიუხედავად თ. ა–ს უარისა, ცდილობდა მასთან საუბარს. ასევე სისტემატურად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, აკონტროლებდა და სთხოვდა ანგარიშს, თუ სად იმყოფებოდა. აღნიშნული ქმედებებით თ. ა–ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული ხდებოდა, შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი, ეშინოდა სახლიდან გასვლის. ი. ბ.–ის ქმედებებით თ. ა–ემ განიცადა მორალური ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ი. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებული ი. ბ.–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეცვლას პირობითი მსჯავრით ან/და სხვა არასაპატიმრო სასჯელით.

6. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქართველიშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ი. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ბ.–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ თ. ა–ს, მოწმეების - თ. ა–ის, ლ. ა–ის, გ. ა–ის, მ. ყ–ის, ი. ჯ–ის, გ. ბ–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, მოცემული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 12 აგვისტოს ( ე.წ. „სქრინშოტების“) დათვალიერების ოქმზე და განმარტავს, რომ კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებიდან ინფორმაციის მოპოვების წესს ადგენს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 1432-14310-ე მუხლების დებულებები, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული იმ დანაშაულთა წრე, რომლებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესაძლებელია კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვა (მოპოვება).

13. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 12 აგვისტოს მოწმე თ. ა–მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ შეუძლია დათვალიერების მიზნით წარმოადგინოს ტელეფონი და თანხმობა განაცხადა ე.წ. „სქრინშოტების“ წარდგენაზე. 2020 წლის 12 აგვისტოს (ე.წ. „სქრინშოტების“) დათვალიერების ოქმის თანახმად, თ. ა–ს ტელეფონის გალერეაში, მისივე თანხმობით, დათვალიერებულ იქნა მეუღლის, ი. ბ.–ის მიერ გადმოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებების ფოტოები და „სქრინშოტები“. ოქმის თანახმადვე ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩნდა მსჯავრდებულის მიერ 19 იანვრის თარიღით დაზარალებულისთვის გაგზავნილი ბმული. თ. ა–ს განმარტებით, ბმულის გახსნისას აღმოჩნდა ვიდეო, სადაც მამაკაცი კლავს ყოფილ მეუღლეს ნაჯახით, ბმულის ქვეშ არის მინაწერი ,,არ გამაბრაზო, თორემ მოვალ ნაჯახით ჩუმად“(ოქმის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული იყო სქრინშოტი, ჩანდა მხოლოდ ბმული, ვიდეოს გახსნა შესაძლებელი არ იყო) . ამავე ოქმის თანახმად, გამომძიებლის მიერ მოხდა ზემოთ აღნიშნული „სქრინშოტების“ ამობეჭდვა თ. ა–ს თანხმობით, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს ( იხ. ტ.1, ს.ფ.7).

14. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ინფორმაცია მოპოვებული იქნა ტელეფონში დაცული ინფორმაციის დათვალიერებით, ტელეფონშივე გაკეთებული ე.წ. „სქრინშოტების“ დათვალიერების ოქმში გადატანისა და ამობეჭდვის გზით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დათვალიერების ოქმებიდან ჩანს, ტექნიკური საშუალება არ ყოფილა გამოყენებული როგორც საგამოძიებო მოქმედების თანმდევი საშუალება. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მისთვის საინტერესო ე.წ. „სქრინშოტები“ ამობეჭდა დაზარალებულის თანხმობით და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს ( იხ. ტ.2, ს.ფ.14), რაც წარმოადგენდა კომპიუტერულ სისტემაში გამოსახული ინფორმაციის მოპოვებას და ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საკასაციო სასამართლო ი. ბ.–ის ბრალდების დასადასტურებლად მხედველობაში ვერ მიიღებს „სქრინშოტებს“ და მასში ასახულ ინფორმაციას.

15. აღნიშნულის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ თ. ა–სა და მოწმეების - თ. ა–ის, ლ. ა–ს, გ. ა–ს, მ. ყ–ის, ი. ჯ–ს, გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ბ.–ის მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

16. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ბ–სთვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ბ–სთვის პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, რადგან არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენების კანონისმიერი საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ბ.–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-3, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი



მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი



შ. თადუმაძე