Facebook Twitter

საქმე # 010100119003019639

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №934აპ-20 ქ. თბილისი

შ–ე ლ. 934აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს და რ. მ–ს, - დაბადებულს - 19.. წელს, - ბრალი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) ჩადენაში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ლ. შ–ე და რ. მ–ე, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩასადენად, ორი ავტომანქანით მივიდნენ ქალაქ ბ...........ში, ..............ის ქუჩა N..-ში მდებარე ღამის კლუბ ,,.......ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ. ა–ს გაჩერებული ჰყავდა მისი კუთვნილი ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით ........ და იმავე ავტომანქანაში ესაუბრებოდა მეგობარს, ო. ს–ს. ლ. შ–ე და რ. მ–ე, სხვა პირებთან ერთად, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და თავიანთი ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად, თავს დაესხნენ გ. ა–ს და ო. ს–ს, რაც გამოიხატა მათ მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და უცენზურო ლანძღვა-გინებაში. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ლ. შ–ე, რ. მ–ე და მათი თანმხლები პირები დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში ძალადობით გამოხატავდნენ საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას, რითაც მყუდროება დაერღვა იქ მყოფ საზოგადოებას, შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა, შემთხვევის ადგილზე შეგროვდნენ მოქალაქეები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის განაჩენით ლ. შ–ე და რ. მ–ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ლ. შ–ისა და რ– მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ლ. შ–ისა და რ– მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მოსაზრებით:

- საქმე თავისი შინაარსით, სამართლებრივი პრობლემებითა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, მტკიცებულებების შეფასებითა და დანაშაულის კვალიფიკაციით მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ ლ. შ–ისა და რ– მ–ს ქმედებები და მათ მიმართ არსებული მტკიცებულებები შეაფასა არასწორად, ასევე არასწორად განმარტა კანონი, სისხლის სამართლის საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

- სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმის რეალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა უდავოდ ადასტურებს ლ. შ–ისა და რ– მ–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტს.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ კრიტიკული ანალიზის გარეშე შეაფასა ცალკეულ მოწმეთა (კ. კ–ს, ა. შ–ს, გ. წ–ის, ა. ვ–ს, გ. მ–ს, მ. ბ–ს, ი. ქ–ს, ნ. თ–სა და მ. ბ–ის) მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები. ხსენებული მოწმეები არიან დაინტერესებული პირები, ფარული მიყურადების ამსახველი კრებსებით აშკარად იკვეთება, რომ ისინი ცდილობენ მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, ყალბი ალიბების შექმნას და სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რომ აიცილონ როგორც საკუთარი, ასევე გამართლებულების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს, ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობის შედეგად, გ. ა–სმ ბრალდებულებთან - რ. მ–სა და ლ. შ–სთან ერთად, თავდამსხმელებში ამოიცნო: კ. კ–ე, ნ. თ–ე, გ. მ–ე და ი. ქ–ე. ბრალდების მხარე ასევე არ იზიარებს მოწმეების: რ. დ–სა და დ. ჩ–ს ცრუ ჩვენებების კრიტიკული ანალიზის გარეშე შეფასებას, ვინაიდან ხსენებული მოწმეები გამოძიების პროცესში ამხელდნენ ბრალდებულებს - ლ. შ–სა და რ. მ–ს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენაში.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოცემულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რისი მხედველობაში მიღებითაც, განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამდენად, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების (ამოცნობის) ოქმი, რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის 752აპ-20 გადაწყვეტილება).

9. ლ. შ–ისა და რ– მ–ს ბრალდების დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება არის დაზარალებულ გ. ა–ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლო პროცესზე, მართალია, გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული მამხილებელი მოწმის უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რაიმე ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც გამორიცხავდა გ. ა–ს სასამართლო განხილვაში მონაწილეობას.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ო. ს-მ, მართალია, დაადასტურა, რომ მასა და გ. ა–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არ იცის, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც თავს დაესხნენ, მაგრამ ახსოვს სახეზე და მათი ამოცნობა შეუძლია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:50:53 – 14:51:12); კატეგორიულად გამორიცხა ლ. შ–ისა და რ– მ–ს მხრიდან თავდასხმა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:51:45 – 14:51:55; 14:53:00 – 14:53:10).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაბალანსება პინებით, მათ შორის - ძლიერი პროცედურული გარანტიებით, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას (იხ.: Al-Khawaja and Tahery v. UK, no. 26766/05, 22228/06, §119, ECtHR, 15.12.2011).

12. მოცემულ შემთხვევაში ლ. შ–ისა და რ– მ–ს ბრალდების ძირითად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას წარმოადგენს გ. ა–ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ. შ–სა და რ– მ–ს მხრიდან ხულიგნობის ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 23 ოქტომბრის ამოცნობაში მონაწილე პირი არის სწორედ გ. ა–ს, ვისი სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შესაძლებლობაც დაცვის მხარეს არ მიეცა. შესაბამისად, არ გამოკვლეულა აღნიშნული მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობა და თვით მოწმის სანდოობა სასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, მითუფრო, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოწმე წარმოადგენდა ნეიტრალურ, გარე დამკვირვებელს და ის არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული პირი.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება, გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულება იმავე რეჟიმში განიხილებოდეს, როგორც გადამწყვეტი [მტკიცებულება]“ (Al-Khawaja and Tahery, no. 26766/05, 22228/06, §131, ECtHR, 15.12.2011).

14. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ არსებობდა მოწმე გ. ა–ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. იმავდროულად, ამავე მოწმის ჩვენება და მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ოქმი, იყო ძირითადი მამხილებელი მტკიცებულება, რადგან სხვა მოწმეთა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები, საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, ფარული მიყურადების ამსახველი კრებსები, ბრალდებულების იდენტიფიცირებისა და მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ნაწილში არ შეიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ლ. შ–ისა და რ. მ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის.

15. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად განსაზღვრული სტანდარტით, არ დასტურდება ლ. შ–ისა და რ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე