Facebook Twitter

ას-335-625-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ქონების მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 ნოემბერს გ. ს.-მ რ. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ის საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის შეცვლა და საცხოვრებელი სახლის მის სახელზე აღრიცხვა შემდეგი საფუძვლით:

იგი 1955 წლიდან ცხოვრობდა სოფ. ...-ში თავის მშობლებთან რ. და ტ. ს.-ესთან ერთად. კომლის უფროსი იყო რ. ს.-ე. მათ საკუთრებაში იყო ორსართულიანი სახლი. 1963 წელს მშობლები განქორწინდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით კომლის ქონების 2/3 მიეკუთვნა დედას.

2002წ. ზაფხულში მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი კომლის წევრად აღარ ირიცხებოდა და სოფ.-ში არსებული სახლი ირიცხებოდა თავისი ბიძის, მოპასუხის, მამკვიდრებლის _ ჰ. ს.-ის სახელზე.

ვინაიდან 1964 წლამდე სახლი ირიცხებოდა მამის _ რ. ს.-ის სახელზე და მხოლოდ 1964 წლიდან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იგი აღირიცხა ჰ. ს.-ის სახელზე უკანონოდ, ამიტომ ითხოვს საკომლო წიგნის ჩანაწერში ცვლილების შეტანასა და სახლის მის კომლზე რეგისტრაციას.

მოპასუსუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, მაგრამ სასამართლომ პროცესზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო სახლი აშენებულია თავისი პაპის _ ჰ. ს.-ის მიერ 1967 წელს. ამ სახლში არასდროს უცხოვრიათ არც მოსარჩელეს და მის მშობლებს და არც სახლის მშენებლობაში მიუღიათ მონაწილეობა, ამიტომ ამ სახლთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლოა, ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შეტანილ იქნა ცვლილება ყოფილი ბათუმის რაიონის ხელვაჩაურის სასოფლო საბჭოს 1964-66 წლებში საკომლო წიგნის ჩანაწერში. ჰ. ს.-ის საკუთრებიდან ამოირიცხა 1938 წელს აგებული ხისა და ქვის ორსართულიანი სახლი. დანარჩენ ნაწილში ჩანაწერი დარჩა უცვლელად.

არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 1967 წელს აშენებული ჰ. ს.-ის სახელზე რიცხული ქვის ორსართულიანი სახლის საკომლო წიგნში ჩანაწერების გაუქმებისა და ამ სახლის მოსარჩელზე გადაწერის შესახებ.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1961-63 წლებში, საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, მოსარჩელის მამის, რ. ს.-ის, კომლში ირიცხებოდა მეუღლე ტ., შვილი – თ., კომლს ეწერა 0,36 ჰა მიწის ნაკვეთი, 1935 წელს აგებული ქვისა და ხის ორსართულიანი სახლი. 1964-66წ. საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ეს სახლი გადაეწერა ჰ. ს.-ს, რ. ს.-ის ძმას ანუ მოპასუხის ბაბუას.

სახლის ჰ. ს.-ზე გადაცემის საფუძვლის თაობაზე საკომლო წიგნში არაფერია მითითებული და ამის თაობაზე ვერც მოპასუხემ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტები.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო რაიონულმა სასამართლომ ამ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

მოსარჩელის მოთხოვნა, 1967 წელს აშენებული ჰ. ს.-ის სახელზე აღრიცხული ორსართულიანი ქვის სახლის თაობაზე საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის შესწორებასა და ამ სახლის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილდა, ვინაიდან 1938 წელს აშენებულ ქვისა და ხის ორსართულიანი სახლი 1964-67 წლებში დაიშალა და მის ადგილზე მოპასუხის პაპამ ჰ. ს.-მ ააშენა დღეს არსებული სახლი, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა მოპასუხეს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰ. ს.-მ 1938 წელს აგებულ ორსართულიან სახლს მოხსნა ხის მეორე სართული და ქვის დააშენა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და მიუთითა, ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო 2002წ. ზაფხულიდან, როცა მოსარჩელემ შეიტყო, რომ სადავო სახლი გაფორმებული იყო ჰ. ს.-ის სახელზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.

ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ჰ. ს.-ის საკუთრებიდან ამოირიცხა 1938 წელს აგებული ხისა და ქვის ორსართულიანი სახლი, რომლის მესაკუთრედ აღირიცხა გ. ს.-ე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1967 წელს ჰ. ს.-ეს ახალი სახლი არ აუშენებია. მან მოახდინა 1938 წელს აშენებული სახლის რეკონსტრუქცია, რომელშიც ცხოვრობდა მოსარჩელე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, ამიტომ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც 1938 წელს აშენებული სახლის საკომლო წიგნში ჰ. ს.-ის სახელზე აღრიცხვა გაუქმდა, შესული იყო კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ჰ. ს.-მ სახლს ჩაუტარა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც არ შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მესაკუთრის შეცვლა.

სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 121-ე, 122-ე და 131-ე მუხლების საფუძველზე.

2004წ. 26 იანვარს მოპასუხემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამასთან, დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ:

1. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1963 წელს, როცა მოსარჩელის დედას კომლიდან გამოეყო კომლის ქონების 2/3, ჰ. ს.-ს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა და იგი ცხოვრობდა რ. ს.-ის კუთვნილ სახლში, მაშინ როცა საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ეს სახლი ჯერ კიდევ 1954-56 წლებში ჩანაწერებით ჰ. ს.-ის სახელზე ირიცხება. 1961-63 წლებში კომლის უფროსად მითითებულია რ. ს.-ე და სახლიც მას აწერია, მაგრამ რაიმე საფუძველი რეგისტრაციის შეცვლისა არც ჩანაწერებში მოიპოვება და არც მხარეს წარმოუდგენია სასამართლო პროცესზე;

2. სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება – მოსარჩელისა და მისი დედის კომლიდან გასვლის შესახებ, მხოლოდ იმის გამო, რომ არ იყო წარმოდგენილი ამ საბუთის დედანი, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 135-ე მუხლის მოთხოვნა;

3. მხედველობაშია მისაღები გარემოება, რომ რ. ს.-მ 1989 წელს კომლის მიწაზე ააშენა ახალი სახლი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჰ. ს.-ის სახელზე რიცხულ სახლთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, იგი გამოყოფილი იყო ჰ. ს.-ის კომლიდან;

4. ჰ. ს.-ე დაბადებიდან გარდაცვალებამდე ამ სადავო სახლში ცხოვრობდა და რაიმე პრეტენზია სახლთან დაკავშირებით რამდენიმე ათწლეულის მანძილზე არ განუცხადებია რ. ს.-ს, ამიტომ მისი მემკვიდრის _ რ. ს.-ის პრეტენზია საკუთრებასთანN დაკავშირებით უსაფუძვლო და ხანდაზმულია;

5. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლები, სკ-ის 107-ე და 131-ე მუხლები. არასწორად იქნა განმარტებული სკ-ის 75-ე 128-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება შემდეგში:

მოსარჩელე მოითხოვს საკომლო წიგნის ჩანაწერებში ცვლილების შეტანას და ხელვაჩაურის რაიონი სოფ. ...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის თავის სახელზე აღრიცხვას იმ საფუძვლით, რომ მითითებული სახლი 1964 წლამდე ირიცხებოდა თავისი მამის – რ. ს.-ის სახელზე, მაგრამ სათანადო საფუძვლის გარეშე გადაფორმდა ბიძის, ჰ. ს.-ის, სახელზე, რაც მან შეიტყო 2002 წელს.

მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო სახლი 1963 წელს მართლაც ირიცხებოდა მოსარჩელის მამის _ რ. ს.-ის სახელზე და იგი 1964 წელს აღირიცხა ჰ. ს.-ის სახელზე, მაგრამ საქმეში არსებული საკომლო ჩანაწერების მიხედვით 1954-56 წლებში, სადავო სახლი ირიცხებოდა ჰ. ს.-ის სახელზე და იგი მხოლოდ 1961-63 წლებში აღირიცხა რ. ს.-ის სახელზე (რაიმე დოკუმენტი სახლის სხვა მესაკუთრეზე აღრიცხვის შესახებ საქმეს არ ერთვის. ამის შესახებ არც საკომლო წიგნის ჩანაწერებშია მითითებული რაიმე). სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება შეფასების გარეშე დატოვა, რაც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას არ იძლევა.

სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა სახის კომლის ქონებაზე აცხადებს მოსარჩელე პრეტენზიას. (იგი საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული კომლის კატეგორიას).

სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა დროდან არ უცხოვრია სადავო სახლში მოსარჩელეს, როდის გარდაიცვალა მისი მამა – რ. ს.-ე, როდის გაიხსნა სამკვიდრო მამის ქონებაზე და სამკვიდრო მასაში შევიდა თუ არა სადავო სახლი; მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა თუ არა სადავო სახლის მესაკუთრეობის შესახებ დავა ეწარმოებინა სამკვიდროს გახსნის (მამის გარდაცვალების) დროიდან და ხომ არ გაუშვა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.