Facebook Twitter

ას-336-629-04 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 აგვისტოს ბ. ქ-ემ, უ. ბ-ემ, მ. დ-ემ და ნ. ჩ-ა-ვ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოგვიანებით მოსარჩელეებმა, უ. ბ-ემ, ბ. ქ-ემ და მ. დ-ემ სასამართლოში შეიტანეს დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომლითაც სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან ერთად მოითხოვეს მათ მიერ, 1999წ. 16 მარტიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე, რეალურად (ნაცვლად 0,5-ისა, მთლიანი განაკვეთის) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, თითოეულზე 6000 ლარის ოდენობით, ასევე წარმომადგენლის ხარჯები 900 ლარის ოდენობით.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალში ოპერატორ-მემანქანის თანამდებობაზე. მოპასუხემ მოიმიზეზა რა საწარმოო აუცილებლობა, 1999 წლიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე, ისინი გადაიყვანა ნახევარ (0,5) განაკვეთზე, თუმცა ამუშავებდა სრული, 8 საათიანი სამუშაო რეჟიმით, ხოლო ხელფასს ნახევარი განაკვეთისას უხდიდა, თუმცა ჰპირდებოდა, რომ მომავალში აუნაზღაურებდა, რაც არ შეასრულა. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბანკში მოქმედებდა საკონტრაქტო სისტემა. 2003წ. 16 იანვარს მოპასუხემ მათ წარუდგინა მორიგი შრომითი კონტრაქტები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა ერთი წლით. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალის მაშინდელმა მმართველმა დ. ბ-ემ, მაგრამ მას ხელი არ მოაწერა უშუალოდ სს „ს. ბ.“ მმართველმა ე. ს-ემ. მოსარჩელეებს 2003წ. 16 აპრილს დადებული 3 თვიანი შრომითი კონტრაქტების ვადა 2003წ. 16 ივლისს ამოიწურა, ისინი გათავისუფლებლდნენ სამსახურიდან შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის მოტივით. მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი სამთვიან კონტრაქტებზე, სინამდვილეში კი, 2003წ. 16 იანვარს დადებული კონტრაქტებისა თანახმად, მათ კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავათ. 2003წ. 16 აპრილს დადებული 3 თვიან კონტრაქტებზე ხელმოწერას მოსარჩელეები იმით ხსნიდნენ, რომ ისინი მოატყუეს, კერძოდ, მოპასუხემ მათ აუხსნა, რომ კონტრაქტებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ამასთან შეპირდა შრომის ანაზღაურების დავალიანების ერთბაშად გადახდას, რაც მათ სრულად აკმაყოფილებდათ.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2003წ. 16 იანვრის ერთწლიან კონტრაქტებზე სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორმა ე. ს-ემ ხელი არ მოაწერა და მასზე მხოლოდ ფილიალის მმართველის მიერაა გაკეთებული ხელმოწერა, მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ ეს კონტრაქტები მაინც უნდა ჩაითვალოს დადებულად, რადგან ფილიალის მმართველს დებულებით ასეთი უფლებამოსილება გააჩნდა.

მოპასუხემ სასამართლოში სარჩელი არ ცნო, რომლითაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შრომითი კონტრაქტების ვადის გასვლის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 5 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა სხდომის მონაწილეთა შუამდგომლობა და ნ. ჩ-ა-ვ-ის მოთხოვნის ნაწილში, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დატოვა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 2003წ. 16 აპრილს დადებული შრომითი კონტრაქტები, მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 2003წ. 14 ივლისს მიღებული ¹270-ე, ¹269-ე ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალში ... თანამდებობაზე, ასევე მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თითოეულზე 909 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხემაც.

უ. ბ-ემ, ბ. ქ-ემ და მ. დ-ემ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მოპასუხეზე 27000 ლარის დაკისრება.

სს „ს. ბ.“ საპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სს «ს. ბ.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო უ.ბ-ის, ბ.ქ-ისა და მ.დ-ის სააპელაციო საჩივარი _ ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, თავდაპირველად აპელანტებმა (მოსარჩელეებმა) სარჩელი აღძრეს სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალის მიმართ, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო სს „ს. ბ.“ წინააღმდეგ.

სკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირის ფილიალი არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს, ან ახორციელებს მის ფუნქციებს. ფილიალი არც თავისი სახელით გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ ფილიალის მიერ განხორციელებულ მოქმედებაზე პასუხს აგებს უშუალოდ იურიდიული პირი. ამდენად, სასამართლოებში იურიდუილი პირის ფილიალის მიმართ სარჩელის წარდგენისას იგულისხმება, რომ სარჩელი წარდგენილია იმ იურიდიული პირის მიმართ, რომელსაც ფილიალი წარმოადგენს. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, როგორც მოსარჩელეების, ისე მოპასუხის სააპელაციო საჩივრებიდან ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის, წარმომადგენლის ხარჯებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება მოსარჩელეების _ ბ. ქ-ისა და მ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას დამალული დივიდენდებისა და სადეკრეტო შვებულების ანაზღაურების თაობაზე, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და ამ თვალსაზრისით მოსარჩელეებს არც სააპელაციო საჩივარი აღუძრავთ. ამდენად, პალატამ ვერ იმსჯელა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც აპელანტს სააპელაციო წესით არ მოუთხოვია.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები (მოსარჩელეები) წლების განმავლობაში მუშაობდნენ სს „ს. ბ.“ ბათუმის ფილიალში .... თანამდებობაზე. ბანკში მოქმედებდა საკონტრაქტო სისტემა. 2003წ. 16 იანვარს აპელანტებს სს „ს. ბ.“ წარუდგინა მორიგი ერთწლიანი კონტრაქტები. აღნიშნულ შრომით კონტრაქტებს ხელი მოაწერეს მუშაკებმა (მოსარჩელეები), რომელთა ხელმოწერის ქვეშ არის ბათუმის ფილიალის მაშინდელი მმართველის დ. ბ-ის ხელმოწერაც ვიზირების სახით. თუმცა, შრომით კონტრაქტებს ხელი არ მოაწერა უშუალოდ სს „ს. ბ.“ .... ე. ს-ემ, რის გამოც აღნიშნული კონტრაქტები მუშაკებთან არ გაფორმებულა. ამავე დღეს მათთან დაიდო სამთვიანი შრომითი კონტრაქტები. 2003წ. 16 აპრილს, როდესაც გავიდა სამთვიანი კონტრაქტების მოქმედების ვადა, მხარეებს შორის დაიდო ახალი სამთვიანი შრომითი კონტრაქტები. აღნიშნული კონტრაქტების ვადის გასვლის შემდეგ 2003წ. 14 ივლისს, სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ იქნა ¹269-ე ¹270-ე და ¹271-ე ბრძანებები და აპელანტები _ უ. ბ-ე, ბ. ქ-ე და მ. დ-ე 2003წ. 16 ივლისიდან დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან შრომითი კონტრაქტების ვადის გასვლის გამო.

აპელანტები _ უ. ბ-ე, ბ. ქ-ე და მ. დ-ე 1999წ. 16 მარტიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორის ბრძანებით გადაყვანილ იქნენ 0,5 განაკვეთზე. თუმცა, ამ პერიოდში მათთან იდებოდა შრომითი კონტრაქტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ შრომის პირობებს და ანაზღაურების ოდენობასაც.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოტივაცია და არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ დადებულად უნდა ჩაითვალოს 2003წ. 16 იანვრის ერთწლიანი კონტრაქტები, ხოლო სხვა კონტრაქტები უნდა გაუქმდეს, როგორც მოტყუებით დადებული მორიგებები. მხარეებმა სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თავად უნდა დაამტკიცონ საკუთარი მოთხოვნების საფუძვლიანობა და ის გარემოებანი, რომლებზედაც ისინი ამყარებენ მოთხოვნას. უ. ბ-ემ, მ. ქ-ემ და მ. დ-ემ ვერ წარუდგინეს სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ერთწლიანი შრომითი კონტრაქტები ნამდვილად იქნა დადებული, ხოლო სხვა კონტრაქტებს მოტყუებით, ბანკის მიერ გარკვეული შეპირებების გამო, მოაწერეს ხელი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003წ. 16 იანვარს მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტები არ დადებულა, რადგან კონტრაქტებზე არ არის სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორის ხელმოწერა, რომელიც შრომითი კონტრაქტის ერთ-ერთ მხარეს _ „ბ.“ წარმოადგენს. ამავე კონტრაქტის მე-2 მუხლის თანახმად, კონტრაქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, რაც გულისხმობს მხარეთა მიერ მის ხელმოწერას. რაც შეეხება ბანკის ბათუმის ფილიალის იმდროინდელი მმართველის _ დ. ბ-ის მიერ ამ კონტრაქტებზე გაკეთებულ ვიზირებას (თანხმობა), არ შეიძლება ჩაითვალოს კონტრაქტის დადებად. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დ. ბ-ემ დაადასტურა, რომ მან მისცა თანხმობა ერთწლიანი კონტრაქტების დადებაზე, დანარჩენი კი უშუალოდ სს „ს. ბ.“ ადმინისტრაციას უნდა გადაეწყვიტა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტებისა (მოსარჩელეები) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ, ვინაიდან ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველს, ფილიალის დებულებით ჰქონდა მინიჭებული უფლება, დაედო შრომითი კონტრაქტები. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ 2003წ. 16 იანვრის ერთწლიან შრომით კონტრაქტებზე დ. ბერიძის ხელისმოწერით დასტურდება მათი დადება. დ. ბ-ის ხელმოწერა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების (შრომითი კონტრაქტი) დადების საფუძველი, იმდენად, რამდენადაც იგი არ წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების მხარეს. ამასთან, მისი განმარტებით, მან მხოლოდ თანხმობა გამოხატა ასეთი ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო მასზე ბრძანებულებით მინიჭებული უფლება, რომ მუშაკებთან გააფორმოს შრომითი კონტრაქტები, არ გამორიცხავს უშუალოდ სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორის შესაძლებლობასა და უფლებამოსილებას, თავად დადოს ხელშეკრულებები, როგორც ფილიალის, ისე სხვა დაწესებულებების მუშაკებთან, ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ 2003წ. 16 იანვარს, რომ ნამდვილად დადებულიყო ერთწლიანი შრომითი კონტრაქტები, 2003წ. 16 აპრილს მხარეებს შორის დადებული ახალი შრომითი კონტრაქტები მაინც გააუქმებდა ერთწლიან კონტრაქტებს, რადგან დაუშვებელია არსებობდეს ერთსა და იმავე მუშაკის მიმართ ერთდროულად ორი, სხვადასხვა ვადით მოქმედი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ის კონტრაქტი (ხელშეკრულება), რომელიც უკანასკნელად დაიდო.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების (მოსარჩელეების) მითითება, რომ 2003წ. 16 იანვარს მათ მიერ ასევე არ ყოფილა ხელმოწერილი სამთვიანი შრომითი კონტრაქტებიც. აპელანტების მითითება, რომ აღნიშნულ კონტრაქტებზე მხარეთა ხელმოწერები თავისუფალ გვერდებზეა გაკეთებული და იგი სხვა დოკუმენტზე ხელმოწერას წარმოადგენს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, მათ მიერ ვერ იქნა მითითებული, თუ რომელი სხვა დოკუმენტის ან კონტრაქტის ნაწილს წარმოადგენს ეს ხელმოწერები. პალატამ აპელანტების (მოსარჩელეები) ის მოსაზრებაც არ გაითვალისწინა, რომ მათ ზოგჯერ თავისუფალ ფურცლებზეც აკეთებინებდნენ ხელმოწერებს და ბანკმა სწორედ ამით ისარგებლა. ასეთი მოტივაცია აშკარად არასერიოზულია და საქმეში არ არსებობს მისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ 2003წ. 16 აპრილის სამთვიანი კონტრაქტები მოტყუებით დადებული გარიგებებია და გაიზიარა აპელანტ სს „ს. ბ. დასაბუთება, რომ უ. ბ-ე, მ. დ-ე და ბ. ქ-ე შკკ-ის 30-ე მუხლის საფუძველზე, შრომითი კონტრაქტების ვადის გასვლის გამო, კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნენ გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან.

რაც შეეხება აპელანტების (მოსარჩელეები) მოთხოვნას 1999წ. 16 მარტიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე მათ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების თაობაზე, პალატა არ დაეთანხმა აპელანტების მითითებას, რომ ანალოგიის გზით გამოყენებული უნდა იქნეს შკკ-ის 86-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობას იძენს შემდეგი გარემოებები: 1999წ. 6 მარტიდან 2002წ. 23 ოქტომბრამდე სს „ს. ბ.“ გენერალური დირექტორის ბრძანებით აპელანტები გადაყვანილ იქნენ 0,5 განაკვეთზე. მართალია, შრომის კანონთა კოდექსი შრომითი ურთიერთობის ასეთ ფორმას არ იცნობს და შესაძლოა მართლაც იგულისხმება ნაცვლად 8 საათიანი სამუშაო რეჟიმისა, 4 საათიანი სამუშაო რეჟიმი, მაგრამ აპელანტმა სს „ს. ბ.“ წარმოადგინა მუშაკებთან ამ პერიოდში დადებული შრომითი კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ 8 საათიან სამუშაო დღეს და შესაბამის ანაზღაურებას. აღნიშნული კონტრაქტებით, აგრეთვე, განსაზღვრული იყო შრომის პირობები და მოთხოვნები მუშაკების მიმართ. შრომის კონტრაქტი არის სამოქალაქო გარიგება და მუშაკის მიერ მასზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება შრომის იმ პირობებს, რომელსაც ადმინისტრაცია სთავაზობს. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტების (მოსარჩელეების) მითითება, რომ ისინი ამ პერიოდში მუშაობდნენ რა 8 საათიანი სამუშაო რეჟიმით, იმყოფებოდნენ დამატებითი დატვირთვის ქვეშ, რითაც ირღვეოდა მათი უფლებები და ამიტომ უნდა მოხდეს ამ შრომის ანაზღაურება, ხოლო სს „ს. ბ.“ წარმომადგენლის განცხადება, რომ 0,5 განაკვეთის მითითება, ფაქტობრივად ბანკში შექმნილი არასახარბიელო ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე იყო გამოწვეული და ფაქტიურად გულისხმობდა ხელფასების შემცირებას, პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია იმდენად, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 1999წ. მარტიდან ორგანიზაციულ-სტრუქტურული ცვლილებებთან დაკავშირებით დამტკიცდა საშტატო განრიგი და განისაზღვრა ახალი სახელფასო განაკვეთები. ამასთან, მხარეებს შორის იდებოდა შრომითი კონტრაქტები, რომლებიც ითვალისწინებდნენ 8 საათიან სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას, რაც ხელფასის სახით ეძლეოდათ მუშაკებს.

მართალია, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შკკ-ის 2141-ე მუხლის გამოყენება და ამ მუხლის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა, რადგან 2141-ე მუხლი არ არეგულირებს ხანდაზმულობის ვადებს, არამედ შეეხება მუშაკზე გასაცემი თანხების ოდენობის წესის განსაზღვრას, მაგრამ შკკ-ის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, შრომითი უფლებების დარღვევის დროს შრომის დავის განმხილველ ორგანოზე მიმართვის სამთვიანი ვადა. აღნიშნული ვადა ვრცელდება სასამართლოზე მიმართვის შემთხვევაშიც.

თუ აპელანტები (მოსარჩელეები) მიიჩნევდნენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია მათ არაკანონიერად ამუშავებდა 1999წ. 16 მარტიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე 8 საათიანი სამუშაო რეჟიმით და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს არ შეესაბამებოდა, მათი ანაზღაურება, შეეძლოთ და ამასთან, უნდა მიემართათ დარღვეული უფლების აღსადეგნად სასამართლოსათვის, ასეთი დარღვევის აღმოჩენიდან სამი თვის ვადაში, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პალატამ არ გაიზიარა აპელანტების (მოსარჩელეების) განცხადება, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არ გამოთქვამდნენ პრეტენზიას და არ მიმართავდნენ სასამართლოს, რომ ბანკი მათ ჰპირდებოდა დამატებითი ანაზღაურების გადახდას. აღნიშნული უარყო ბანკის წარმომადგენელმა და არც საქმის მასალებით დადგინდა მსგავსი შეთანხმების ან დაპირების არსებობა.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში აპელანტების (მოსარჩელეების) მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდახზმულიცაა.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ქ-ემ, უ. ბ-ემ და მ. დ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 7.4-ე მუხლი, რითაც სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის გარეშე დატოვა მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორებსა და მოპასუხეს შორის 2003წ. 16 იანვარს გაფორმებულ მორიგ ერთწლიან კონტრაქტებზე აღბეჭდილია სს «ს. ბ.» ბათუმის ფილიალის იმდროინდელი მმართველის და დ.ბერიძის ხელმოწერა, რაც კონტრაქტის ნამდვილობისათვის საკმარისია. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შკკ-ის 43-ე მუხლი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შრომის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ კასატორები სამუშაოზე მიიღეს ნახევარ შტატში, რასაც არ უარყოფს მოპასუხე, ისინი მუშაობდნენ მთლიან შტატში, ხელფასს კი ნახევარი განაკვეთისას იღებდნენ.

ბ.ქ-ემ, უ.ბ-ემ და მ.დ-ემ, აგრეთვე, მიუთითეს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა შკკ-ის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამ ნორმით დადგენილი 3-თვიანი ხანდაზმულობის ვადა მიიჩნია სასამართლოსათვის მიმართვის საერთო ვადად. ამრიგად, კასატორების 3,5 წლის განმავლობაში მიუღებელი თანხების მოთხოვნა უკვე ხანდაზმულად ჩათვალა. კასატორების განმარტებით, სს «ს. ბ.» ბათუმის ფილიალში საერთოდ არ არსებობდა შრომის დავის კომისია და ამიტომ ისინი მას ვერ მიმართავდნენ. ბ.ქ-ესა, უ.ბ-ესა და მ.დ-ეს გათავისუფლების ბრძანებები ჩაბარდათ 2003წ. 18 ივლისს, ხოლო დამატებითი სარჩელი მათ წარადგინეს სასამართლოში 2003წ. 17 ოქტომბერს ანუ 3-თვიანი ვადა არ დაურღვევიათ.

ამასთან, კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს განსახილველი დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 7.4-ე მუხლი და 2003წ. 16 იანვრის შრომის კონტრაქტი ნამდვილად ეცნო.

პალატა მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (2003წ. 16 იანვარს დაიდო შრომით კონტრაქტი ერთი წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლამდე დაიდო ახალი – სამთვიანი კონტრაქტი). სააპელაციო სასამართლომ სწორდა მიიჩნია წინა (2003წ. 16 იანვრის) ხელშეკრულება შეწყვეტილად მას შემდეგ, რაც მხარეებმა 2003წ. 16 აპრილს ახალი კონტრაქტი დადეს. აღნიშნული მოსაზრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია მხარეთა შეთანხმება. განსახილველ შემთხვევაში 2008წ. 16 აპრილის ახალი კონტრაქტის დადებით მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ საკონტრაქტო პირობებზე, რითაც ძველი, 2003წ. 16 იანვრის, კონტრაქტის მოქმედება შეწყდა. ამდენად, 2003წ. 16 იანვარს კონტრაქტი, რომელზეც „ბ.“ მხარეს წარმოადგენდა ფილიალი, მართალია, ნამდვილი იყო, მაგრამ იგი ახალი კონტრაქტის საფუძველზე შეწყვეტილად სწორად იქნა მიჩნეული.

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას შკკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმა ადგენს სამუშაო დროის ნორმალურ ხანგრძლივობას და არა კონტრაქტით განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობის გაზრდისას ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები (კასატორები) 1999წ. 16 მარტიდან 2002წ. 28 ოქტომბრამდე სს „ს. ბ.“ დირექტორის ბრძანებით გადაყვანილ იყვნენ 0,5 განაკვეთზე, შესაბამისად, დადებული იყო შრომის კონტრაქტები, რომლებითაც განსაზღვრული იყო სამუშაო დროის ხანგრძლივობა და ანაზღაურების პირობები. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ ისეთი მტკიცებულებანი, რომლებითაც დადასტურებდებოდა სარჩელში მითითებული გარემოებანი. კასატორების მიერ მითითებულ მტკიცებულებაზე (მოპასუხის ახსნა-განმარტება) კი პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ახსნა-განმარტებაში არ დაუდასტურებია სარჩელში მითითებული გარემოებანი კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაო დროზე მეტი ხნით მუშაობის თაობაზე. ამდენად, კასატორის პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ, დაუსაბუთებელია.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ შკკ-ის 204-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 3,5 წლის მანძილზე მიუღებელი ხელფასის ნაწილში, მართალია, უსაფუძვლოა, მაგრამ არა ხანდაზმული. სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, რადგან შრომის ანაზღაურების თაობაზე (პერიოდულად გადასახდელი თანხა) 204-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება, რადგან ამ ნორმით სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სარჩელებზე, დადგენილია ერთთვიანი ვადა, ხოლო სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა თანახმად, ხელფასის, როგორც პერიოდული გადასახდელი თანხის მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი. პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსი არ ადგენს ვადებს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადები (კანონის ანალოგიით).

ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ქ-ის, უ. ბ-ისა და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.