Facebook Twitter

საქმე # 080100119002829930

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №960აპ-20 ქ. თბილისი

დ–ი კ., 960აპ-20 10 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატგ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დ. კ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

დ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. ზ...............ში, დ. ა.................ის ქუჩის N.., .., .., ..-ში არსებული შენობების წინამდებარედ, შპს ,,............ის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმოს“ სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს - დ. კ–სა და ბ. ღ–ს მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება მათ შორის განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა ურთიერთშეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის პროცესში დ. კ–ემ განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მარჯვენა ხელში მომარჯვებული ხის კეტის თავის არეში არაერთი ძლიერი ჩარტყმით ბ. ღ–ს შუბლის მიდამოში, მარცხნივ და თხემის მიდამოში, ცენტრალურად მიაყენა დაზიანებები ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად შეშუპების გამო (ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით), ბ. ღ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა მსჯავრდებულ დ. კ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ დ. კ–ს ადვოკატმა გ. დ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და ითხოვა დ. კ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

კასატორის პოზიციით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. კ–ს მიმართ განზრახ მკვლელობით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რადგან არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დ. კ–ს შურისძიების მოტივით მოქმედება და განზრახვა, თავის არეში ხის ჯოხის ჩარტყმით სიცოცხლე მოესპო ბ. ღ–თვის; საქმეზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს, რომ დ. კ–ე თავდაცვის მიზნით იქნევდა ჯოხს ბ. ღ–ს მიმართულებით და არა - მისთვის ზიანის მისაყენებლად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. ზ..............ში, ........ის ქუჩაზე, საწარმოს კონტროლიორები - დ. კ–ე და ბ. ღ–ე შელაპარაკდნენ (მათ შორის განაწილებული ავტოსადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით), რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის პროცესში დ. კ–ემ ხის კეტი არაერთხელ ჩაარტყა თავის არეში ბ. ღ–ს და მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, რის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპების გამო (ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით), ბ. ღ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

8. შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერის თანახმად, კონფლიქტის ინიციატორი იყო დ. კ–ე, რომელიც თავად მივიდა ბ. ღ–სთან საკითხის გასარკვევად. ამასთან, მიახლოებისას დ. კ–ე იყო აგრესიული (ის ხელს იქნევს და ისე უახლოვდება ბ. ღ–ს). ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, აგრესიის საპასუხოდ ხელი ჰკრა მსჯავრდებულს, რომელმაც, თავის მხრივ, დაიწყო ხელჯოხის ქნევა. კერძოდ, ჩანაწერში დ. კ–ე 14:24:04 საათზე ორჯერ უქნევს ხელჯოხს ბ. ღ–ს თავის მიმართულებით, პირველ შემთხვევაში ბ. ღ–ე უკავებს ხელს დ. კ–ეს და არ აძლევს დარტყმის შესაძლებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში 14:24:05 საათზე მარცხენა ხელს სწევს ხელჯოხის მიმართულებით და იცილებს მის მოქნეულ ხელჯოხს. მიუხედავად ამისა, დ. კ–ს აგრესია არ წყდება, მათ შორის გრძელდება ფიზიკური დაპირისპირება. 14:24:10 საათზე დ. კ–ს მიერ მოქნეული ჯოხი არაერთხელ ხვდება ბ. ღ–ს უშუალოდ თავის არეში. 14:24:11 საათზე კადრში ჩნდებიან გამვლელი მოქალაქეები, რომლებიც ახერხებენ ბ. ღ–ს და დ. კ–ს გაშველებას. 14:24:19 საათზე ქუდს იხდის ბ. ღ–ე და 14:24:24 საათზე კადრში ნათლად ჩანს, რომ მას თავის არე აქვს სისხლიანი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ღ–ს გვამს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: შუბლსა და თხემის მიდამოში თითო განივ-ირიბად მდებარე, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, ბ. ღ–ს გვამს აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები შუბლის მიდამოში მარცხნივ და თხემის მიდამოში ცენტრალურად, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ქალა-სარქველისა და ქალა-ფუძის ძვლების დამსხვრეული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები, თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. კ–ე ყოველ ჯერზე უშუალოდ თავის მიმართულებით უქნევდა ჯოხს ბ. ღ–ს. მათ შორის მანამდე, ვიდრე ბ. ღ–ე მოახერხებდა მის შებოჭვას, შემობრუნებას და იქვე მდგარ ავტომანქანაზე მიბჯენას. ამ უკანასკნელმა არაერთხელ შეძლო დარტყმის აცილება. მიუხედავად ამისა, დ. კ–ემ რამდენჯერმე მაინც მოახერხა მისთვის თავის არეში დარტყმა, რაც, გარდა ვიდეოჩანაწერისა, დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, ბ. ღ–ს გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი არაერთი დაზიანება: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები შუბლის მიდამოში, მარცხნივ და თხემის მიდამოში ცენტრალურად. ამასთან, დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

11. მოწმეთა ჩვენებებისა და შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. კ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. კ–ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

16. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით დ. კ–ეს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის - (შეზღუდულ შერაცხადობა) გათვალისწინებით, განესაზღვრა ადეკვატური სასჯელი (მინიმუმთან ახლოს მყოფი).

17. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ დ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატგ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე