Facebook Twitter

ას-339-633-04 14 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს.-მ 2002წ. 21 ნოემბერს სარჩელი აღძრა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს მიმართ 2002წ. 12 ნოემბრის ¹104 ბრძანების გაუქმების შესახებ.

იმავე სასამართლოში 2002წ. 23 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელი შეიტანა ი. ს.-მ და მოითხოვა: სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 4 ნოემბრის ¹3 სხდომის ოქმის გადაწყვეტილების გაუქმება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹104 ბრძანების გაუქმება და სს „ბ.-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1976 წლიდან მუშაობდა ბორჯომის საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში ჯერ ექიმად, ხოლო 1985 წლიდან განყოფილების გამგედ. 1996 წლიდან «ს.-ი» გამოეყო საავადმყოფოს და გახდა „ს.-ის“ მთავარი ექიმი.

1999წ. დეკემბრიდან „ს.-ის“ ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოება, სადაც 91%-ს შეადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს წილი.

2002წ. 12 ივლისს სს „ბ.-ი“ შეამოწმა სამედიცინო დახმარების ფარმაცევტული და ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ინსპექციამ და შეადგინა აქტი.

იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩაბარებული სახელმწიფო-სასერტიფიკაციო გამოცდა „ჯანდაცვის ორგანიზაციაში“, 2002წ. 16 ოქტომბერს სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზემოთ მითითებულ ინსპექციისაგან მიიღო მომართვა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2002წ. 4 ნოემბერს შედგა სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაადგინეს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მისი დირექტორობიდან გამოწვევა მოხდა სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 4 ნოემბრის სხდომის ¹3 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონდარღვევით შედგა, აგრეთვე, მიღებულ იქნა ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹104 უკანონო ბრძანებაც და მოითხოვა მათი გაუქმება, ასევე _ სს „ბ.-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამშობიაროში 1997 წლიდან კონფლიქტური სიტუაციაა ექიმთა დატვირთვის გამო, რაც აისახებოდა პაციენტებთან ურთიერთობაზე. აღნიშნულს დაერთო ჯანდაცვის სამინისტროდან მოსული წერილიც, სადაც აღნიშნული იყო, რომ დირექტორს ლიცენზია არ ჰქონდა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ბორჯომის სამმართველოს 2002წ. 12 ნოემბრის ¹104 ბრძანება.

უარი ეთქვა ი. ს.-ს სს „ბ.-ის“ 2002წ. 4 ნოემბრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენაზე.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ორგანიზაციაში შექმნილი იყო არაჯანსაღი ურთიერთობა, რისი აღმოფხვრაც დირექტორმა ვერ შეძლო. დირექტორს არ გააჩნდა „ჯანდაცვის ორგანიზაციის“ სერთიფიკატი და არღვევდა კანონს „საექიმო საქმიანობის შესახებ“.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ს.-მ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის და აპელანტის სს „ბ.-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სს „ბ.-ის“ წესდების 5.1 მუხლის მიხედვით საზოგადოებას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება დამფუძნებლის მიერ დანიშნული 3 წევრისაგან.

სს-ის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა წესდების 6.1 მუხლის მიხედვით დაკისრებული ჰქონდა დირექტორს, რომელიც ინიშნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. იმავე წესდების 6.2 მუხლის თანახმად, დირექტორი ხელმძღვანელობს საზოგადოების მიმდინარე საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის, აღნიშნული წესდების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭო აპელანტის გათავისუფლებისას მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების გადამეტებით იმ საფუძვლით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55.8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპენტენციაა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 56.1 მუხლის მიხედვით საზოგადოების ხელმძღვანელობა დირექტორის არა მარტო უფლებაა, არამედ ვალდებულებაცაა, აღნიშნული უფლება-მოვალეობები მან უნდა განახორციელოს ამავე კანონის 56.4 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ.

სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 4 ნოემბრის სხდომის ¹3 ოქმის მიხედვით დირექტორის _ ი. ს.-ის მუშაობა ადმინისტრაციულ დარგში ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად და იგი გამოწვეულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არ დაადგინა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ¹3 ოქმში მითითებული აპელანტის განთავისუფლების მიზეზების სისწორე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სს „ბ.-ის“ დირექტორს არაჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა თავის კოლეგებთან ექიმთა დატვირთვის ნორმატივების დარღვევისა და საოპერაციო საათების არასწორი განაწილების გამო. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია მნიშვნელოვან საფუძვლად, რაც სს „ბ.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს აძლევდა უფლებას, (შეეძლო) ი. ს.-ი გამოეწვია დირექტორის თანამდებობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 2004წ. 26 იანვრის განჩინებით ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედება. კასატორის აზრით, სამეთვალყურეო საბჭომ დაარღვია კანონი და შეიჭრა დირექტორის ფუნქციებში, ჩაერია აღმასრულებელი ორგანოს მუშაობაში. კასატორს მიაჩნია, რომ ლიცენზიის არქონა, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია მისი გათავისუფლების საფუძვლად, რადგან მისი დაჯარიმების შესახებ დადგენილება გაუქმებულია და ამჟამად იგი უკვე ლიცენზირებულია, ხოლო რაც შეეხება მოწმეების განმარტებებს, კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მათი განმარტება არ უნდა გაეზიარა, რადგან ისინი მტრულად არიან მის მიმართ განწყობილი, ამასთან ისინი დისციპლინური წესით არიან დასჯილები.

კასატორი თვლის, რომ სამეთვალყურეო საბჭომ კანონის დარღვევით დანიშნა ახალი დირექტორი ჟ. გ.-ი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.7 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ამავე კანონის 56.4 მუხლის თანახმად, დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სს „ბ.-ის“ დირექტორს არაჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა თავის კოლეგებთან ექიმთა დატვირთვის ნორმატივების დარღვევისა და საოპერაციო საათების არასწორი განაწილების გამო. საზოგადოებაში კონფლიქტური სიტუაციის გამო 2002წ. 4 ნოემბერს შედგა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც ი. ს.-ის მუშაობა ადმინისტრაციულ დარგში შეფასდა არადამაკმაყოფილებლად და იგი გამოწვეულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის.

დირექტორების გამოწვევის (გათავისუფლების) საფუძვლებს კანონი არ განსაზღვრავს. აღიარებული შეხედულების მიხედვით, დირექტორის გასათავისუფლებლად უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტური ურთიერთობა კოლექტივის წევრებთან, ექიმთა დატვირთვის ნორმატივების დარღვევა, საათების არასწორი განაწილება მიჩნეულ უნდა იქნეს დირექტორის გათავისუფლების მნიშვნელოვან საფუძვლად.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55.8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა.

მართალია, სამეთვალყურეო საბჭოს არა აქვს უფლება, შეასრულოს დირექტორების ფუნქციები (55.8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), მაგრამ, როგორც აქციონერთა წარმომადგენელ ორგანოს, ფართო უფლებამოსილება გააჩნია, გააკონტროლოს დირექტორების მიერ საქმიანობის მართლზომიერება. კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას სამეთვალყურეო საბჭო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც არის, მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამეთვალყურეო საბჭო ჩაერია აღმასრულებელი ორგანოს მუშაობაში. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სამეთვალყურეო საბჭომ კანონის დარღვევით დანიშნა ახალი დირექტორი, აღნიშნული გარემოების მიმართ საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან ეს არ ყოფილა სარჩელის საგანი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი, ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.