ას-340-630-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მარნეულის აგრარული ბაზრის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 1997წ. 26 დეკემბერს მას და მარნეულის აგრარული ბაზრის მაშინდელ დირექტორს ე. ჩ-ს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, შემდგომი გამოსყიდვის მიზნით, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რძისა და ხორცის პროდუქტების სავაჭრო შენობაზე. ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით ანუ 2002წ. 10 ოქტომბრამდე. ერთი თვის საიჯარო ქირა შეადგენდა 550 ლარს. 5 წლის განმავლობაში მან პავილიონს ჩაუტარა 45000 ლარის ღირებულების რემონტი. 2002წ. 26 დეკემბერს, როდესაც ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, ბაზრის დირექციამ აღარ მიჰყიდა პავილიონი, უფრო მეტიც, საერთოდ გააუქმა მასთან გაფორმებული ხელშეკრულება. რ. მ-მა სარჩელით მოითხოვა მის მიერ რემონტზე გაწეული ხარჯის _ 45000 ლარის შენობის ღირებულების გადასახადში და ამ შენობის პრივატიზების უფლების მინიჭება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1997წ. 26 დეკემბერს მარნეულის ბაზარსა და რ. მ-ს შორის ფაქტობრივად დაიდო საიჯარო ხელშეკრულება და არა იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულება, რადგან მიიჩნია, რომ მასში არ არის მითითებული სადავო ნივთის ღირებულება. ამასთან, ჩათვალა, რომ ბაზრის დირექცია მაშინ წარმოადგენდა რაიკავშირის ფილიალს და მათი წესდების თანახმად, ბაზრის დირექციას უფლება არ ჰქონდა, ასეთი ხელშეკრულება გაეფორმებინა. მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს შენობის რემონტის თანხა _ 49000 ლარი, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან კანონის თანახმად, შენობის შესყიდვა უნდა მოხდეს იჯარა _ გამოსყიდვით, აუქციონით ან პირდაპირი გაყიდვით და სასამართლოს უფლება არ აქვს, ვინმეს მიაკუთვნოს ქონება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 1997წ. 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა იჯარის ხელშეკრულებას, რომლითაც მოიჯარე რ. მ-ს გადაეცა სადავო შენობა და განისაზღვრა მისი ვალდებულებები მეიჯარის მიმართ, კერძოდ, შენობის კაპიტალური რემონტის ჩატარება მოიჯარის თანხმობით და თვეში 550 ლარი საიჯარო ქირის გადახდა, სადავო ობიექტის მოსარჩელისათვის მიყიდვის ვალდებულება ამ ხელშეკრულებით არ დასტურდება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და მარნეულის აგრარული ბაზრის ხორცისა და რძის პროდუქტების სავაჭრო პავილიონის პრივატიზაციის პრიორიტეტული უფლების მასზე ცნობა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, ჩათვალა, რა სადავო ხელშეკრულება უბრალო საიჯარო ხელშეკრულებად, უგულებელყო „ცეკავშირის“ წესდება, რომლის მიხედვითაც გასხვისება-გაყიდვა იჯარის გამოსყიდვა დაიშვება რაისამომხმარებლო გამგეობის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, არასწორად გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებაზე არ იყო ბაზრის დირექტორის ე. ჩ-ის ხელმოწერა და იგი ყალბია. სააპელაციო სასამართლომ სცნო რა იჯარის ხელშეკრულება, მიიჩნია, რომ სარჩელი დავის საგნის გასხვისებას არ ექვემდებარება, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით აქვს პრივატიზაციის უფლება იმ ქონებისა, რომლითაც იგი სარგებლობდა და რომლის მეპაიეც იგი იყო. ამდენად, განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 391-ე, 396-ე, 409-411-ე მუხლების საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ რ. მ-ისა და მარნეულის ბაზრის დირექტორ თ. ნ-ს, მესამე პირი _ მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპკავშირის თავმჯდომარე ვ. ბ-ის მიერ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე _ მარნეულის ბაზრის დირექტორი თ. ნ-ი, მარნეულის რაიკოოპკავშირი გადასცემს მოსარჩელეს რძისა და ხორცის პავილიონს იჯარით. 2. მოსარჩელე რ. მ-ი იღებს სადავო რძისა და ხორცის პავილიონს ურთიერთშორის 2004წ. იჯარით დადებული ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურთ შეწყდეს წარმოება, რ. მ-ის სარჩელის გამო, მარნეულის რაიონის ბაზრის დირექტორისა და მარნეულის რაიპკოოპკავშირის გამგეობის მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ. მოსარჩელე რ. მ-ს პრეტენზია მოპასუხე მხარესთან არ ექნება ხორცისა და რძის პროდუქტების პავილიონის რემონტზე დახარჯული თანხაზე, თუ აღნიშნული პავილიონი იქნება მის მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელდა სსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. მ-ს, მარნეულის ბაზრის დირექტორ თ. ნ-ს, მე-3 პირი _ მარნეულის რაიონის სამომხმარებლო კოოპკავშირის თავმჯდომარე ვ. ბ-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით: 1. მოპასუხე _ მარნეულის ბაზრის დირექტორი თ. ნ-ი, მარნეულის რაიკოოპკავშირი გადასცემს მოსარჩელეს რძისა და ხორცის პავილიონს იჯარით. 2. მოსარჩელე რ. მ-ი იღებს სადავო რძისა და ხორცის პავილიონს ურთიერთშორის 2004წ. იჯარით დადებული ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურთ შეწყდეს წარმოება, რ. მ-ის სარჩელის გამო, მარნეულის რაიონის ბაზრის დირექტორისა და მარნეულის რაიპკოოპკავშირის გამგეობის მიმართ ვალდებულების შესრულების შესახებ. მოსარჩელე რ. მ-ს პრეტენზია მოპასუხე მხარესთან არ ექნება ხორცისა და რძის პროდუქტების პავილიონის რემონტზე დახარჯული თანხაზე, თუ აღნიშნული პავილიონი იქნება მის მფლობელობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.