Facebook Twitter

ას-341-1011-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: საკუთრების უფლებით კიბისა და აივნის სახლის წინამდებარე ეზოს მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-მა სარჩელი აღძრა ე. მ-ის წინააღმდეგ შემდეგი საფუძვლით: გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მორიგების საფუძველზე შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება მასსა და მოპასუხეს შორის. დავის საგანს წარმოადგენდა ბინიდან წილის გამოყოფა. იმის გამო, რომ განჩინებაში არაფერია ნათქვამი კიბისა და აივნის ფართის (35 კვ.მ-ის) მიკუთვნებაზე, მოსარჩელემ მოითხოვა ამ ფართზე საკუთრების უფლების ცნობა. დამატებითი სარჩელით კი მოითხოვა სახლის წინამდებარე საეზოვე მიწის მიკუთვნება, ასევე _ მიჯნის აღდგენა და ფანჯრის ღიობების ამოქოლვა.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის განჩინების, ასევე ამავე სასამართლოს 1996 წლის ¹1/104 გადაწყვეტილების გაუქმება და გ. მ-ის ბინიდან გამოსახლება.

თელავის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. მ-ს საკუთრებით უფლებით მიეკუთვნა სადავო კიბე და 35 კვ.მ-ის აივანი, ხოლო საეზოვე მიწის მიკუთვნებაზე სარჩელს უარი ეთქვა. ე. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მხარეები არ მორიგებულან კიბისა და 35 კვ.მ-ის აივნის მიკუთვნების თაობაზე, ხოლო საეზოვე მიწის ნაკვეთის გაყოფის თაობაზე _ მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს საეზოვე მიწის ნაკვეთის 1/3. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო კიბე და აივანი გ. მ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილის არსებითი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლის ნაწილთან არ არის შეხებაში.

სასამართლომ იმსჯელა შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მხარე არ მიუთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე ან ბათილობის საფუძველზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ს 422-423-ე მუხლებით.

გ. მ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც საეზოვე ფართის დაბრუნების ნაწილში უარი ეთქვა სარჩელს. სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაყოფილი ეზო მხარეთა შორის გაიმიჯნა, მაგრამ ე. მ-მა მიჯნა დაარღვია და მთელ სიგრძეზე მიითვისა 1 მ. სიგანის მიწის საეზოვე ნაკვეთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საეზოვე მიჯნის აღდგენისა და ფანჯრის ღიობების ამოქოლვაზე.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ-ებს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მხარეთა შორის სადავო ეზო გაიყო 3 ნაწილად და თითოეული გახდა 1/3-ის მესაკუთრე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს სადავო მიწაზე გააჩნიათ საკუთრების საზიარო უფლება. სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთზე მხარეთა შორის რაიმე მიჯნა არ აღმართულა. ასევე დადგენილია, რომ ე. მ-მა სხვა მესაკუთრეებთან შეუთანხმებლად თავისი წილი მიწის საეზოვე ნაწილი ღობით გამოყო. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საზიარო საგნის სარგებლობის წესი მხარეთა შეთანხმებით არ დადგენილა, მიჯნის აღდგენის თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ფანჯრის ღიობის ამოქოლვა იმ მოტივით, რომ იგი ე. მ-ის კუთვნილი ეზოს მხარეს გამოდის.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა 953-ე, 958-ე მუხლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქმის მასალებით (მათ შორის თანდართული ფოტოებით) ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთებს შორის მიჯნა (ღობე) აღმართულია, მაგრამ მოპასუხემ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილი – 3 მ. მიწა მიითვისა ეზოს მთელ სიგრძეზე. სარჩელის მოთხოვნა კი სწორედ იმ მიჯნის აღდგენაა, რომელიც ზუსტად გამოყოფდა მისი მიწის ნაკვეთს მოპასუხის ნაკვეთისაგან. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეზე მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაცოიო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საზიარო საგნით სარგებლობის წილზე უფლების შემცირების დაუშვებლობა და მიჯნის თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა. სარჩელის საფუძვლად მითითებულია გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები მორიგდნენ, რომ მთლიანი ეზო გაიყოს სამ ტოლ ნაწილად. გ. მ-ს წილად ხვდა მიწის საეზოვე ნაკვეთის საერთო ფართის 1/3 წილი, ე. მ-ს ამავე განჩინებით უნდა გაევლო მავთულბადის ღობე მხარეთა შორის არსებულ საზღვარზე. როგორც სარჩელით ირკვევა, სადავო ღობე გავლებულია არა დადგენილ საზღვარზე, არამედ საზღვრის მიღმა ისე, რომ მოსარჩელე ამჟამად მისი კუთვნილ წილზე ნაკლებს ფლობს.

სასამართლომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა 953-ე და 958-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ საზიარო უფლებების წარმოშობისა და საზიარო საგნის მართვის წესის გადასვლას უფლებამონაცვლეზე.

პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლომ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საზიარო საგნის (საეზოვე მიწის ნაკვეთი) სარგებლობის წესი მხარეთა შორის განსაზღვრული არ არის. აღნიშნული წესი განისაზღვრა გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მიეკუთვნა საერთო საკუთრებიდან 1/3 და დადგინდა მიჯნის აღმართვის ვალდებულება. სსკ-ს 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით აღნიშნული გარემოებები აღარ საჭიროებენ მტკიცებულებას.

სარჩელის საფუძვლებიდან გამომდინარე, როგორც ირკვევა, მოპასუხემ დადგენილი წესი დაარღვია, მოსარჩელე ითხოვს დარღვეული უფლების – სასაზღვრო მიჯნის თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენას.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის მოთხოვნა, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს.

საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დანიშნოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რათა წილის შესაბამისად, დადგენილ იქნას მიჯნის ამჟამინდელი ადგილმდებარეობით დაირღვა თუ არა 1/3-ის მქონე მესაკუთრის უფლება, რომ სრულად ფლობდეს ნივთს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სამოქალაქო სამართლის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება საეზოვე მიჯნის აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.