Facebook Twitter

ას-341-631-04 21 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ს. ჟ.-მ 2000წ. 25 სექტემბერს ვ. ბ.-ისაგან შეიძინა ქ.თბილისში ... მდებარე ¹26 ოროთახიანი ბინა.

მყიდველი 2001წ. 2 მარტს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ბინის მესაკუთრედ.

2002წ. აპრილში ს. ჟ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვ. ბ.-ისა და ა. წ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ქ.თბილისის გლდანი ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ვ. ბ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ვ. ბ.-მ, რომელიც კვლავ არ გამოცხადდა 2004წ. 28 იანვრის სხდომაზე.

სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2003წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ვ. ბ.-მ სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მხარეები შეთანხმდნენ დავის მორიგებით დამთავრების შესახებ შემდეგი პირობებით:

ვ. ბ.-ე და ა. წ.-ე ს. ჟ.-ს 2004წ. 21 ნოემბრამდე გადაუხდიან 3750 აშშ დოლარს, რის სანაცვლოდ გაუქმდება ს. ჟ.-სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო ოროთახიან ბინაზე.

ს. ჟ.-ა თანახმაა მოპასუხეებისგან მიიღოს 3750 აშშ დოლარი და გაუქმდეს მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. თანხის გადახდისთანავე ბინა აღირიცხება ვ. ბ.-ის საკუთრებად. მოპასუხეების მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვევაში მოხდება სადავო ბინიდან მათი გამოსახლება.

მხარეებს განემარტათ დავის მორიგებით დამთავრების შედეგები, კერძოდ, რომ საქმის წარმოება შეწყდება და აღარ ექნებათ უფლება, იმავე დავაზე კვლავ მიმართონ სარჩელით სასამართლოს.

საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, მხარეებს შორის 2004წ. 21 მარტის მორიგების აქტის დამტკიცება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება.

ვ. ბ.-სა და ა. წ.-ს ს. ჟ.-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 2004წ. 21 ნოემბრამდე 3750 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადახდისთანავე გაუქმდეს 2000წ. 25 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში ქ.თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინის მესაკუთრედ კვლავ აღირიცხოს ვ. ბ.-ე.

ვ. ბ.-სა და ა. წ.-ის მხრიდან მორიგების პირობის დარღვევის შემთხვევაში ისინი გამოსახლებულ იქნან ქ.თბილისში, ... მდებარე ოროთახიანი ბინიდან.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.