¹ას-34-336-04 30 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ-ას საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ..... მდებარე 77-ე ბინა. ე. გ-ასა და ნ. ლ-ას შორის ამ ბინის თაობაზე 1993წ. მარტში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და აღირიცხა ნ. ლ-ას საკუთრებაში. ბინის გაყიდვის შემდეგ ე. გ-ა საცხოვრებლად დარჩა ამ ბინაში. ნ. ლ-ამ 2001წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. გ-ას მიმართ და მოითხოვა კუთვნილი ბინიდან მისი გამოსახლება. ე. გ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ლ-ას მიმართ და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა მას არ ეკუთვნის; ასევე მან მოითხოვა ნოტარიუსი ბ-ისაგან მორალური ზიანის ანაზღაურება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. გ-ა გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ..... ბინა 77-დან. ე. გ-ას შეგებებულ სარჩელს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ნოტარიუს ს. ბ-ისათვს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვებულ იქნა უცვლელად.
ე. გ-ას წარმომადგენელმა გ. ი-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის განჩინებით ე. გ-ას წარმომადგენელი გ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ლ-ას სარჩელი ე. გ-ას გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ე. გ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ე. გ-ას და ნ. ლ-ას შორის ქ. თბილისში ... ნასყიდობის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹77-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ე. გ-ას სახელით გაკეთებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. სადავოა, ეკუთვნის თუ არა ეს ხელმოწერა მის ქალიშვილს ა. ტ-ას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარი ე. გ-ასთვის ცნობილი იყო გარიგების შინაარსი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და არსად არ არის მითითება იმის შესახებ, რომ გარიგება ე. გ-ას ეთარგმნა. ვინაიდან ე. გ-ას მხრიდან ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, გარიგება ბინის გასხვისების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს დაუდგენელი პირი _ ბათილია.
ნ. ლ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან სადავო არ არის, რომ ბინის მესაკუთრეა ნ. ლ-ა, ხოლო ე. გ-ას არ გააჩნია ნივთის ფლობის უფლება. უსაფუძვლოა ე. გ-ას შეგებებული სარჩელი, რადგან სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება პასუხობს სკ-ის 183-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ჩანაწერით, ვინაიდან ე. გ-ას არ შეეძლო ხელმოწერა, მის ნაცვლად მისივე თანდასწრებით ხელს აწერს შვილი ა. ტ-ა. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისში, ... მდებარე ¹77-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ე. გ-ას სახელით ქართულ ენაზე გაკეთებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2001წ. 20 ივნისის დასკვნის თანახმად სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე სავარაუდოა, რომ ხელმოწერა არ არის შესრულებული ა. ტ-ას მიერ. ამდენად სადავოა, ეკუთვნის თუ არა ეს ხელმოწერა ე. გ-ას ქალიშვილს ა. ტ-ას.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ნ. ლ-ას საკასაციო პრეტენზიას დასაბუთებულად და დამატებითად იმის შესახებ, რომ სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ჩანაწერით, ვინაიდან ე. გ-ას არ შეეძლო ხელმოწერა, მის ნაცვლად მისივე თანდასწრებით ხელს აწერს შვილი ა. ტ-ა. აღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარი ე. გ-ასთვის ცნობილი იყო გარიგების შინაარსი, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და არსად არ არის მითითება იმის შესახებ, რომ გარიგება ე. გ-ას ეთარგმნა. ვინაიდან ე. გ-ას მხრიდან ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია, გარიგება ბინის გასხვისების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს დაუდგენელი პირი _ ბათილია. სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ე. გ-ამ, როგორც ბინის გამყიდველმა, გამოხატა ნება თავისი ბინის გასხვისების თაობაზე.
პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინაიდან ე. გ-ასა და ნ. ლ-ას შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, შესაბამისად სადავო ბინაზე ნ. ლ-ას საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია. სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად ნ. ლ-ას არ აქვს უფლება მოითხოვოს სადავო ბინიდან ე. გ-ას გამოსახლება.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ნ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.