ას-345-638-04 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „კ.-მ“ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოვალე შპს „ს.-ის“ მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით მოვალე შპს „ს.-ას“ განმცხადებლის შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ჩათვლით დაეკისრა 817,836 ლარისა და 89 თეთრის გადახდა. ამასთან, მოვალეს განემარტა გადახდის ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა ვალი პროცენტებთან და ხარჯებთან ერთად, თუ კი აღძრულ პრეტენზიას მართებულად მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეტანა სასამართლოში მოტივირებული შესაგებელი, რის საფუძველზეც განმცხადებლის მიერ აღძრული მოთხოვნა განხილული იქნებოდა საერთო სასარჩელო წესით. მოპასუხის შესაგებელის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 31 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ამავე კოლეგიის 2003წ. 22 ოქტომბრის გადახდის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. ამასთან, დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა გადაიზარდა სასარჩელო წარმოებში.
შპს „კ.-მ“ 2003წ. 9 დეკემბერს ახსნა-განმარტებით დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა დაეკისროს შპს „ს.-ზას“ 623.157.39 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდა. აქედან 81.612 ლარი ძირითადი დავალიანების სახით, პირგასამტეხლო 541.545.39 ლარი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „კ.-ის“ სარჩელი შპს „ს.-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. შპს „ს.-ს“ დაეკისრა 623.157 ლარი 39 თეთრის გადახდა შპს „კ.-ის“ სასარგებლოდ. შპს „ს.-ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა შპს „კ.-ის” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია რომ შპს „ს.-სა“ და სს „დ.-ს” შორის 2001წ. 25 ივნისს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. 2003წ. 17 ოქტომბრის ხელშეკრულებით სახელმწიფო დაზღვევამ შპს „კ.-ს“ დაუთმო მოთხოვნის უფლება შპს „ს.-ის“ მიმართ, დადგენილად ცნო ისიც, რომ სს „დ.-ის“ მიერ ქონების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის პოლისი გაიცა 2001წ. 4 ივლისს, რომლის მიხედვით სადაზღვევო ქონების ღირებულება შეადგენს 54.594.537 ლარს, სადაზღვევო პრემია კი 178.612 ლარს. 2001წ. 25 ივნისის ხელშეკრულების დანართის შესაბამისად სადაზღვევო პრემია გადახდილი უნდა ყოფილიყო ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 14.884.33 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2001წ. 4 ივლისის სადაზღვევო პოლისს ¹რკ/1 მტკიცებულების ძალა არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან შეუძლებელია დადგინდეს როდისაა ეს პოლისი შედგენილი ან როდის და ვის ჩაბარდა ის საქართველოს რკინიგზაში. არ გაიზიარა ასევე მოპასუხის წერილობით განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ს.-ა“ 2002წ. 14 იანვრის წერილით მოშალა 2001წ. 25 ივნისის ხელშეკრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს.-მ“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი შედეგით: „სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ ვითარებაში კოლეგია ვალდებული იყო სამართლებრივი შეფასება მიეცა შესაგებელში მითითებული გარემოებებისათვის. სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა რა “ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის „ბ“ პუნქტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო იანგარიშა სადაზღვევო შენატანის 0,1%, მაგრამ ხედველობაში არ მიიღო ამ მუხლის პირველი ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ საჯარიმო სანქცია გამოიყენება, თუ დამზღვევი მორიგ სადაზღვევო შენატანს არ გადაიხდის ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღიდან სამი კვირის ვადაში. კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სკ-ის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, ამასთან, იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს „ს.-სა“ და სს „დ.-ს“ შორის 2001წ. 25 ივნისს დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. სასამართლო კოლეგიამ უგულვებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 135-ე მუხლი, არ უნდა მიენიჭებინა მტკიცებულებითი მნიშვნელობა დაზღვევის პოლისის ასლებს, რომლებიც უთარიღოა, მათი დედნები კი საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო კოლეგიამ ასევე არასათანადოდ შეაფასა სადაზღვევო ხელშეკრულების ე.წ. დანართი, რომელსაც ხელს აწერს მხოლოდ დაზღვევის კომპანიის დირექტორები ამ დოკუმენტის შედგენის დრო გაურკვეველია. მოსარჩელეს არც ამ დოკუმენტის დედანი არ გააჩნია და არც ხელშეკრულებაშია ნახსენები დანართის შესახებ. სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ მოპასუხეს, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლო კოლეგიას ასეთ ვითარებაში უნდა გამოეტანა არა გადაწყვეტილება, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმის განხილვის მთავარი სხდომა კოლეგიაში დანიშნული იყო 2004წ. 18 თებერვალს. მხარეებს ეცნობათ სხდომის დღის შესახებ. დანიშნულ დროს სასამართლოში გამოცხადდა მოსარჩელე მხარე შპს „კ.-ი“, არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ს.-ა“, რომელსაც უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე სასამართლომ საქმე განიხილა არსებითად მოპასუხის მონაწილეობის გარეშე და მიიღო გადაწყვეტილება. სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება“ და სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომის ოქმის მიხედვით არ ირკვევა მოსარჩელე ითხოვდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლოს არ დაუსვამს შეკითხვა მოსარჩელისათვის სურდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. თუ მოსარჩელე მოითხოვდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სასამართლოს უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადაედო საქმის განხილვა. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არსებითი გადაწყვეტილების მიღებას კანონი ითვალისწინებს მხოლოდ 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში, როცა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ესე იგი სასამართლომ ჩათვალა რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ასეთ პირობებში კი მხარის გამოუცხადებლობის დროს არსებითი გადაწყვეტილების მიღება კანონის თანახმად არ დაიშვება.
პალატა თვლის, რომ კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლი რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოყვა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. კოლეგიამ მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო ნაცვლად საქმის გადადებისა, მიიღო არსებითი გადაწყვეტილება რითაც მხარეს მოუსპო საშუალება ედავა მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ და ამით მიეღწია საქმის მისი დასწრებით განხილვისათვის. გარდა ამისა საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეებს შორის არსებობდა თანხის გადახდის შესახებ ერთი ვალდებულება თუ რამოდენიმე და ამის მიხედვით გაარკვიოს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების დროს დროის ერთი და იგივე პერიოდზე რამოდენიმეჯერ ხომ არ არის დარიცხული თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელძმღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.