Facebook Twitter

საქმე # 010100120003502842

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №148აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე რ., 148აპ-21 24 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევირს მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბერის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბრის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 იანვარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 იანვარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რ. ბ–ე და ი. გ–ე 2005 წელს დაოჯახდნენ, იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, რ. ბ–ე აღმოჩნდა პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც, 2007 წლის 24 აპრილს, რ. ბ–ე და ი. გ–ე განქორწინდნენ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2019 წლის აპრილის თვიდან, მიუხედავად იმისა, რომ რ. ბ–ე და ი. გ–ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ დაიწყეს ერთიანი თანაცხოვრება. თანაცხოვრების პირველი კვირიდან, ალკოჰოლით მთვრალი რ. ბ–ე, უმიზეზოდ, 2019 წლის ივნისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, საღამოს საათებში, ხ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი. გ–ეს, 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი მ. ბ–ს თანდასწრებით და ასევე არასრულწლოვან შვილს - მ. ბ–ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედას, ლანძღავდა, მოიხსენიებდა აუგად, უყვიროდა, რა დროსაც ი. გ–ე და მ. ბ–ე განიცდიდნენ დამცირებასა და ტანჯვას. იმის გათვალისწინებით, რომ ი. გ–სა და მისი არასრულწლოვანი შვილის - მ. ბ–სათვის მიუღებელი იყო მსგავს გარემოში რ. ბ–სთან ერთად ცხოვრება, რ. ბ–ს საცხოვრებელი სახლიდან 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გადავიდნენ საცხოვრებლად ...........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ............ში, სადაც 2020 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19:45 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა რ. ბ–ე, რომელმაც არასრულწლოვან შვილს - მ. ბ–ს და ი. გ–ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედა, მოიხსენია სალანძრავი სიტყვებით, რა დროსაც დაზარალებულებმა განიცადეს დამცირება და ტანჯვა.

2019 წლის ნოემბერში, დაახლოებით 20:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა რ. ბ–ემ ი. გ–ეს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - მ. ბ–ს თანდასრებით, აგინა დედა, რის შემდეგაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის თუ სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც ი. გ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის ნოემბერში, დღის მეორე ნახევარში, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა რ. ბ–მ თავის შვილს, 2005 წლის 15 მარტს დაბადებულ მ. ბ–ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 19:45 საათზე, ............ის მუნიციპალიტეტის სოფელ ............ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა რ. ბ–ე, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის - მ. ბ–ს თანდასწრებით ი. გ–ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მძლავრად მოქაჩა ხელით თმა, წააქცია და დაუწყო ცემა ხელების თავში დარტყმით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდგომ ი. გ–ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოჭრიდა ყელს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით: რ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რომან ბოლქვაძემ და მსჯავრდებულმა რ. ბ–მ. პროკურორმა საჩივრით ითხოვა რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

მსჯავრდებულმა რ. ბ–მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი რ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

7. რ. ბ–ემ წერილით ითხოვა გამართლება. ვინაიდან მსჯავრდებულის მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფორმით, ამასთან, დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის ვადა, სასამართლო არ იმსჯელებს აღნიშნულზე.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ რ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. ბ–სათვის მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დასადასტურებლად. კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის ეპიზოდებისა და სისტემატურ შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ი. გ–სა და არასრულწლოვან მ. ბ–ს ჩვენებები.

11. ი. გ–ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა შვილის გამო ითმენდა და ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინების შემდგომ შეურიგდა ყოფილ მეუღლეს და მასთან ერთად განაგრძო თანაცხოვრება იმ იმედით, რომ რ. ბ–ე გამოსწორდებოდა. თუმცა, ის კვლავ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენჯერმე სცემა, მათ შორის: 2019 წლის ნოემბერში არასრულწლოვანი შვილის - მ. ბ–ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მანვე მ. ბ–ს გაარტყა სახეში ხელი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მიერ ხელის დარტყმისას განიცდიდა ტკივილს, ამასთან, მისი საქციელის გამო თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

12. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მ. ბ–ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის ნოემბერში ცხოვრობდა რ. ბ–ს მშობლების სახლში, სოფელ წინსვლაში. ერთ-ერთ დღეს, ღამით, ნასვამმა მამამ დაარტყა ხელი, რაც ძალიან განიცადა, მიიღო სტრესი და ჩაიკეტა. დაკარგა მამასთან ურთიერთობის სურვილი.

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, რ. ბ–სთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ეს უკანასკნელი ხშირად სვამდა, ჰქონდა ცუდი ხასიათი. 2019 წლის ნოემბერში მას და ი. გ–ეს აგინა, ჯერ ი. გ–ეს დაარტყა ხელი სახის არეში ერთხელ, შემდეგ კი - მას. დაზიანება არ მიუღია, თუმცა განიცადა ტკივილი და იტირა. ზოგადად, მამის ლანძღვა-გინებაზე განიცდიდა ტანჯვას.

13. გარდა ამისა, ი. გ–ემ და მ. ბ–ემ დაადასტურეს 2020 წლის 6 იანვარს რ. ბ–ს მიერ ი. გ–ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

14. კონფლიქტის ერთი მხარის ჩვენება, თუ ის არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით, არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების ოჯახის წევრებმა, მართალია, დაადასტურეს 2020 წლის 6 იანვარს რ. ბ–ს მიერ დაზარალებულ ი. გ–ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რაშიც დამნაშავედ იქნა ცნობილი რ. ბ–ე, მაგრამ მითითებული დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედებების დადასტურება, დაზარალებულების ჩვენებებთან ერთობლივად, ვერ ქმნის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების და ამით ტანჯვის გამოწვევის უტყუარად დადგენის საფუძველს. მითუფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს მხოლოდ ი. გ–ს მიმართ ძალადობა და მუქარა და არა - მ. ბ–ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. ბრალდების მხარის მტკიცებულებით ვერ დასტურდება 2019 წლის ნოემბერში რ. ბ–ს მიერ დაზარალებულების მიმართ ჩადენილი ძალადობა.

15. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - ს. გ–ს, მ. გ–ს, ც. გ–ს, ნ. ბ–ს, ტ. ვ–ს, ი. ა–ს ჩვენებებით. დასტურდება რ. ბ–ს მხრიდან 2019 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რამაც დაზარალებულების ტანჯვა გამოიწვია.

16. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მითითებული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი უშუალოდ ფაქტებს თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

17. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: ,,იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულისათვის ტანჯვის მიყენებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ტანჯვა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ,,მსჯავრდებული სისტემატურად ძალადობდა დაზარალებულზე, არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით მისი დამნაშავედ ცნობისათვის“.

18. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

19. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

20. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში რ. ბ–ს მიმართ განაჩენებით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტი განავრცოს იმ ქმედებებზე, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).

21. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე