ას-352-639-04 14 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 აგვისტოს გ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს «.. ..-ის” რუსთავის სამმართველოს მიმართ მიუღებელი ხელფასის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994წ. 4 აპრილიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. 2003წ. 1 აგვისტოს მდგომარეობით მას მისაღები აქვს ხელფასი 671 ლარისა და 44 თეთრის ოდენობით. გ.ძ-მა არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, მაგრამ მას ხელფასი არ მისცეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე 671 ლარისა და 44 თეთრის დაკისრება.
2003წ. 10 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციამ არასათანადო მხარედ ცნობის შესახებ.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 სექტემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით, კერძოდ, სს «.. ..-ის” რუსთავის სამმართველო შეიცვალა «.. ..-ით.» ამავე სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის განჩინებით «რ-ი» ჩართულ იქნა თანამოპასუხედ, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობა, საქმის განსჯადობით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 671 ლარისა და 44 თეთრის მოსარჩელისათვის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა «.. ..-ამ” და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ძ-მა სარჩელი აღძრა სს «.. ..-ის” რუსთავის სამმართველოს მიმართ, რომლის სამართალმემკვიდრეს 2003წ. 5 თებერვლისათვის წარმოადგენდა საზოგადოების ფილიალი რუსთავში.
სსკ-ის 16-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ.ძ-მა სარჩელი აღძრა განსჯადობის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით საქმეში სათანადო მოპასუხის სახით ჩაერთო აპელანტი ორგანიზაცია, სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «.. ..-ამ» და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის მე-16 მუხლი, რადგან აღნიშნული დავა გამომდინარეობდა არა იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, არამედ თავად იურიდიული პირის _ სს «.. ..-ის» საქმიანობიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ... აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ანუ სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სსკ-ის მე-16 მუხლის სასამართლოს მიერ არასწორად გამოყენების თაობაზე. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემული დავა განსჯად სასამართლოში იქნა განხილული, რადგან სარჩელი თავდაპირველად აღძრული იყო სს «.. ..-ის” რუსთავის სამმართველოს მიმართ, რომლის სამართალმემკვიდრეს 2003წ. 5 თებერვლიდან წარმოადგენს ამ საზოგადოების ფილიალი რუსთავში.
სსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელი არ გამომდინარეობს ფილიალის საქმიანობიდან, რადგან იგი დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზიაა (საქმის გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით). კასატორი არ ასაბუთებს თავის მოსაზრებას, თუ რატომ უნდა წარედგინა მოსარჩელეს სარჩელი სხვა სასამათლოში და არა რუსთავის სამოქალაქო სასამართლოში, მაშინ, როცა საქმეში არსებული მასალებით სასამართლოს მიერ დადგენილია განსჯადობის საკითხი.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სსკ-ის მე-16 და 22-ე მუხლებთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაცო პალატის 2004წ. 23 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.