Facebook Twitter

საქმე # 010100120003683265

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №177აპ-21 ქ. თბილისი

ი. ი., 177აპ-21 17 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ი–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბ.........ში, ზ. ........ს ქუჩის №....-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისათვის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ნასამართლევმა და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი. ი–მ, თმის მოქაჩვით და სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ი. ი–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ი. ი–უ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ი. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გამართლებულ ი. ი–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ი. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ი. ი–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები არის ირიბი. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნის თანახმად, ი. ი–ს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მაგალითად, 269-ე, მე-13, 82-ე მუხლები) იმპერატიული დანაწესებიდან გამომდინარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე