ას-355-641-04 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან დამხმარე ფართის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... მდებარე სახლის 53/367 ნაწილი ირიცხებოდა შ. ა-ას სახელზე.
1994წ. 12 მაისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შ. ა-ამ აღნიშნული სახლის ნაწილი გაასხვისა კ. ნ-ზე, რომელმაც 1994წ. 14 ივლისის ხელშეკრულებით გაასხვისა მ. მ-ეზე _ იმავე დღეს შედგენილ განცხადებაში მ. მ-ემ მიუთითა, რომ თანახმა იყო, 44 კვ.მ. სარდაფი გადაეფორმებინა შ. ა-ას შვილ ე. ა-ას. აღნიშნული განცხადება დამოწმებულია სანოტარო წესით.
2001წ. აპრილში მ. მ-ემ სარჩელი აღძრა შ. ა-ას წინაამდეგ და მოითხოვა სადავო სარდაფის გამოთავისუფლება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო სარდაფი არის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მან სარდაფი შეიძინა ბინასთან ერთად, მაგრამ არ უსარგებლია, რადგან იგი უკავია ბინის ყოფილ მეპატრონეს _ შ. ა-ას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1993 წელს მას უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ბინა სადავო სარდაფთან ერთად, რაც აღინიშნა პრივატიზაციის ხელშეკრულებაში. 1994 წელს მან ბინა სარდაფის გარეშე მიჰყიდა კ. ნ-ს, რომელმაც ამავე მდგომარეობაში გაასხვისა მოსარჩელეზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მისცემდა მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, გამოეთხოვა მისგან სარდაფი.
თბილისი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სარდაფი არ შესულა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და მოსარჩელეს სარგებლობაში არ გადასცემია.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით მოსარჩელემ შეიძინა საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულებაში არ არის დაკონკრეტებული ყიდვა-გაყიდვის საგანი, აგრეთვე, მითითებული ფართი მოიცავს თუ არა სარდაფს ხელშეკრულებით არ დგინდება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დამხმარე ფართისაგან დამოუკიდებლად არ შეიძლებოდა საცხოვრებელი ფართის გასხვისება, რადგან სარდაფი არის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარდაფი არის დამოუკიდებელი არასაცხოვრებელი ფართი და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სარდაფი არ განიხილებოდა ნივთის შემადგენელ ნაწილად.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ასევე ხანდაზმულად. განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 183-ე და 128-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ახალი სკ-ის 128-ე და 183-ე მუხლები, ძველი სკ-ის 150-ე მუხლი. ასევე არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 1993წ. 18 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით შ. ა-ას, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...... მდებარე 53 კვ.მ. სამი ოთახი, დამხმარე სათავსები: შემოსასვლელი 8,2 კვ.მ, სამზარეულო 7 კვ.მ სააბაზანო _ საპირფარეშო 5,5 კვ.მ, ლოჯია 10 კვ.მ, საკუჭნაო 5 კვ.მ, სარდაფი 44 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულება ქ. თბილისის ტექბიუროში რეგისტრირებულ იქნა 1993წ. 19 აგვისტოს. 1994წ. 12 მაისს შ. ა-ამ საცხოვრებელი სახლის 53/367 წილი მიჰყიდა კ. ნ-ს. შ. ა-ას სადავო სარდაფი კ. ნ-ისათვის არ მიუყიდია. თავის მხრივ, კ. ნ-მა 1994წ. 14 ივლისს ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 53/367 წილი სარდაფის გარეშე მიჰყიდა მოსარჩელე მ. მ-ეს. არც კ. ნ-სა და არც მ. მ-ეს სადავო სარდაფის ღირებულება არ გადაუხდიათ, მოსარჩელეს სადავო სარდაფი საკუთრებაში არ გადაცემია. ამ სარდაფს დღემდე ფლობს და სარგებლობს მოპასუხე. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ მოსარჩელეს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. იგი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სადავო სარდაფი მისი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილია. სკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილია, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი). ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი ყოველთვის მეორე ნივთთანაა დაკავშირებული და ამ ნივთების კავშირით იქმნება ერთიანი ნივთი. როცა ნივთების კავშირით არ იქმნება ერთიანი ნივთი, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა ნივთებზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკუთრების უფლებით. სადავო სარდაფი მდებარეობს ცალკე და მოსარჩელის ბინასთან არა აქვს კავშირი, სარდაფისა და ბინის კავშირით არ იქმნება ერთიანი ნივთი და მათ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარდაფი ცალკე უფლების ობიექტია.
სკ-ის (1964წ.) 237-ე მუხლის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს, გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო მყიდველი კისრულობს, მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა. დადგენილია, რომ 1994წ. 14 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბინა, მოსარჩელემ უარი განაცხადა სარდაფის შეძენაზე, რის გამოც მოსარჩელეს სარდაფი არ გადაცემია და მას არ გადაუხდია სარდაფის ღირებულება, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.