საქმე # 190100120003911779
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №198აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ე გ., 198აპ-21 18 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 28 ივლისს, დღის საათებში, ქალაქ რ............ში, .........ს ქუჩა №.....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ–მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ყ–ს ხელები მოუჭირა ყელზე, შემდეგ კი მუშტი ჩაარტყა თავში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით მ. ყ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 30 ივლისს, დღის საათებში, ქალაქ რ.......ში, ........ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ–მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ყ–ს მარცხენა მკლავზე რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სააბაზანო ოთახის კარი. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით მ. ყ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ რ.....ში, .....ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ–ე დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ყ–ს ჯანმრთელობის დაზიანებით: თავის გახევით, სახის ჩამოღებით და შუაზე გადახსნით, რა დროსაც მ. ყ–მ განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენით გ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორ ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ. ბ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა მ. ყ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, კერძოდ:
9. არასრულწლოვანი მოწმის მ. ძ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის 7 წლის და ცხოვრობს ........ში დედასთან - მ. ყ–სთან, ბებოსთან - რ–სთან, ძმა - ს. ბ–სთან ერთად. ისინი სანის მამასთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა დაშორდნენ. მოწმის განმარტებით, მას არ სურს ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ დაშორდნენ, ასევე, არ ისურვა საუბარი იმაზე, უბრაზდებოდა თუ არა გ. ბ–ე მ. ყ–ს.
10. მოწმე რ. გ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს .......ში, შვილიშვილთან - მ. ყ–სთან და მის ორ შვილთან - მ. ძ–სთან და ს. ბ–სთან ერთად. 2020 წლის 27 ივლისს გაიკეთა ოპერაცია გულზე და ცხრამეტი დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მ. ყ–სგან იცის, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს, მათთან გ. ბ–ე და დეიდამისი - მ–ი მისულან და მისთვის მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გ–ი დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, რაც 112-ში განუცხადებია. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და 30 დღის განმავლობაში აუკრძალეს გ. ბ–ს მ. ყ–სთან მისვლა, მიახლოვება და ყველანაირი კომუნიკაცია. მოწმის განმარტებით, მ. ყ–ი და გ. ბ–ე დაშორებულები იყვნენ, რისი მიზეზიც იყო გ. ბ–ს მხრიდან მ. ყ–ის სიტყვიერი შეურაცხყოფა სრულიად უმიზეზოდ. მისი თანდასწრებით გ. ბ–მ ერთხელ მიაყენა მ. ყ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა რამდენჯერმე, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. მათ შორის კონფლიქტს სხვა დროს არ შესწრებია, თუმცა მ. ყ–სგან იცის, რომ გ. ბ–მ არაერთხელ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე ფიზიკურიც. როგორც მ. ყ–სგან არის მისთვის ცნობილი, გ. ყ–მ მას ორსულობისას ერთთვიანი თანაცხოვრების დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანითაც დასდგომია მძინარეს თავზე.
11. ამდენად, არასრულწლოვანი მოწმე საერთოდ არ საუბრობს კონფლიქტის შესახებ, ხოლო მოწმე რ. გ–ს ჩვენება 2020 წლის 9 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით ირიბი ჩვენებაა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება სადავო ქმედებით დაზარალებულმა განიცადა თუ არა საფუძვლიანი შიში.
12. რაც შეეხება კასატორის აპელირებას საინფორმაციო ცენტრ „112“-ში გაკეთებულ შეტყობინებასა და შემაკავებელ ოქმზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული ინფორმაციის წყარო არის ერთი და იგივე პიროვნება - დაზარალებული მ. ყ–ი, რომელმაც სასამართლოს ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ბ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა.
16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე