ას-357-665-04 21 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: მიუღებელი ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ნ.-ი შპს „კ.-ში“ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სპეციალისტად 1998წ. 14 ნოემბრიდან, სპეციალისტის გასამრჯელო შეადგენდა თვეში 170 ლარს.
ვ. მ.-ი ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა სპეციალისტად 1998წ. 11 ნოემბრიდან, გასამრჯელო შეადგენდა თვეში 350 ლარს.
რ. კ.-ი ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა 1998წ. 12 ნოემბრიდან სპეციალისტად, გასამრჯელო შეადგენდა თვეში 350 ლარს.
გ. გ.-ე 1998წ. 11 ნოემბრიდან მუშაობდა სპეციალისტად, გასამრჯელო შეადგენდა თვეში 550 ლარს.
ი. ე.-ე მუშაობდა 1998წ. 11 ნოემბრიდან სპეციალისტად, გასამრჯელო შეადგენდა თვეში 550 ლარს.
დ. წ.-ე 1998წ. 11 ნოემბრიდან მუშაობდა შრომითი ვადიანი ხელშეკრულებით, გასამრჯელო შეადგენდა თვეში 890 ლარს.
გ. მ.-ი ასევე მუშაობდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, გასამრჯელოს ოდენობა შეადგენდა 870 ლარს. გ. მ.-ი სპეციალისტად მუშაობის პარალელურად მუშაობდა შპს „კ.-ის“ დირექტორად, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2000წ. ივლისში. როგორც სპეციალისტად, ასევე დირექტორად მუშაობისას იღებდა ერთ ხელფასს თვეში _ 870 ლარს.
მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს შპს „კ.-ის“ წინააღმდეგ და აღნიშნეს, რომ 1998წ. ნოემბერში მოპასუხესთან გააფორმეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. 2000წ. ივნისიდან მოპასუხემ მათ შეუწყვიტა ხელფასის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხადდებოდნენ სამუშაოზე და ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2000წ. 1 ივნისიდან 2003წ. 1 ნოემბრამდე ანუ სარჩელის აღძვრამდე მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის გაუცემელი ხელფასისა და შვებულების თანხის _ 171050 ლარის დაკისრება, მათ შორის:
გ.მ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 35670 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა 4 350 ლარი, სულ 40020 ლარი;
დ.წ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 36490 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა _ 4 450 ლარი, სულ _ 40940 ლარი;
ი. ე.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 22550 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა _ 2750 ლარი, სულ _ 25300 ლარი;
გ.გ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 22550 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა _ 2750 ლარი, სულ _ 25300 ლარი;
რ.კ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 14350 ლარი _ სულ _ 16100 ლარი;
ვ. მ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 14350 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა _ 1750 ლარი, სულ _ 16100 ლარი;
მ.ნ.-მ მოითხოვა მიუღებელი ხელფასი _ 6070 ლარი, მიუღებელი შვებულების თანხა _ 850 ლარი, სულ _ 7820 ლარი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გ.მ.-ის შრომის ხელშეკრულების ვადა გავიდა 1999წ. 22 აგვისტოს. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2000წ. 22 აგვისტომდე. 22 აგვისტოს შეწყდა გ.მ.-ის შრომითი ურთიერთოდა შპს „კ.-თან“. აქედან გამომდინარე, გ.მ.-ის მოთხოვნა 2000წ. 1 აგვისტოდან მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დანარჩენ მოსარჩელეებთან შრომის ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა გავიდა 2000წ. 11-14 ნოემბერს და აღნიშნული ვადა არ გაგრძელებულა. უფრო მეტიც შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის ფაქტობრივად შეწყდა 2000წ. 9 აგვისტოს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დ.წ.-ისა და გ.გ.-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2000წ. შემდეგ ხანდახან ასრულებდნენ ავსტრალიური მხარის დავალებებს. რადგან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა შპს „კ.-ის“ პარტნიორად 50% წილის მფლობელად ავსტრალიური კომპანია „ბ.-ის“ რეგისტრაცია და, შესაბამისად, გაუქმდა ავსტრალიური კომპანიის მხრიდან დანიშნული შპს „კ.-ის“ დირექტორის რეგისტრაცია, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ასევე 2000წ. 3 ივლისის განჩინებით შეჩერდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის დადგენილება შპს „კ.-ის“ სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვლილებების თაობაზე. ამდენად, ავსტრალიური კომპანიის დირექტორების რეგისტრაცია გაუქმდა და მოსარჩელეები მათ დავალებებს ვერ შეასრულებდნენ, რადგან ისინი არაუფლებამოსილ პირებს წარმოადგენდნენ.
აღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ „შრომის კანონთა“ კოდექსის 204-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი დავის გადასაწყვეტად მიმართვის ვადა.
აღნიშნული საფუძვლებით, სააპელაციო პალატამ 2004წ. 13 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
კასატორი გ. მ.-ი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გ.მ.-ი არ გამოცხადდა, ხოლო დანარჩენმა კასატორებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
მორიგების აქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
„1. „მუშაკი“ უარს ამბობს თავის საკასაციო საჩივარზე, ხოლო „კ.-ი“ იღებს ვალდებულებას გადაუხადოს „მუშაკს“ 4 თვის კომპენსაცია 10.680 ლარის ოდენობით.
2. „მუშაკი“ წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე კისრულობს ვალდებულებას ყოველგვარი სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო ბაჟის ჩათვლით;
3. „კ.-ი“ კისრულობს წინამდებარე შეთანხმების დადებიდან 3 თვის ვადაში, რომელიც იწურება 2004წ. 1 სექტემბრამდე, განახორციელოს 10,680 ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
„მუშაკი“
ივლის, 2004წ
აგვისტო, 2004წ.
სექტემბერი
2004 წ.
ჯამი:
დ. წ.-ე
1,066.66
1,066.66
1,066.66
800X3=3200
გ. გ.-ე
666.66
666.66
666.66
500X3=2000
ს. ე.-ე
666.66
666.66
666.66
500X3=2000
რ. კ.-ი
466.66
466.66
466.66
350X3=1400
ვ. მ.-ი
466.66
466.66
466.66
350X3=1400
მ. ნ.-ი
226.66
226.66
226.66
170X3=680
4. „კ.-ი“ უფლებამოსილია გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გადაუხადოს „მუშაკს“ საკომპენსაციო თანხა. ასეთ შემთხვევაში „კ.-ის“ ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად.
5. მხარეები თანახმანი არიან გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში საქმე აღძრან სასამართლოში გამარტივებული წესით.
6. მხარეები იღებენ ვალდებულებას არ გაასაჩივრონ წინამდებარე მორიგების აქტის არც ერთი პუნქტი, მათ შორის თანხის გადახდის გრაფიკი.
7. მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე მორიგების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. თუ „კ.-ი“ დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ გრაფიკს (დარღვევად ჩაითვლება თუ გრაფიკით გათვალისწინებული დროისათვის არ არის სრულად გადახდილი თანხა). ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05%;
9. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრებენ და არ გახდიან მომავალში სადავოდ მორიგების პირობებეს;
10. მხარეები აღიარებენ, რომ არა აქვთ ერთმანეთის მიმართ სხვა პრეტენზიები გარდა წინამდებარე მორიგებაში აღნიშნულისა;
11. მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან.
12. მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე რვა იდენტურ ეგზემპლარად თითოეული მხარისათვის. ამათგან უპირატესი ძალა ენიჭება სასამართლოში არსებულ ეგზემპლარს“.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2004წ. 9 ივლისის მორიგების აქტს და თვლის, რომ კასატორების (გარდა გ.მ.-ისა) მოთხოვნა მორიგების აქტის დამტკიცებისა და მათი მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მორიგების აქტის მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტი არ უნდა დამტკიცდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მხარეებს განუმარტავს, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, იგი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე (სსკ-ის 264-ე მუხ. მე-3 ნაწ.) სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია (სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწ.) მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მხარეებმა ახალი საქმე კი არ უნდა აღძრან, არამედ უფლება აქვთ, მიმართონ სააღსრულებო ორგანოებს და მოითხოვონ ამ განჩინების იძულებითი აღსრულება. სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს.
მორიგების აქტის დანარჩენი პუნქტები არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მათი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა დ.წ.-ის, გ.გ.-ის, ს.ე.-ის, რ.კ.-ის, ვ.მ.-ისა და მ.ნ.-ის ნაწილში. რაც შეეხება გ.მ.-ის საკასაციო საჩივარს, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ გ.მ.-ს შრომის ხელშეკრულება შპს „კ.-თან“ გაფორმებული ჰქონდა 2000წ. 22 აგვისტომდე, 22 აგვისტოს მისი შრომითი ურთიერთობა მოპასუხესთან შეწყდა. ის გარემოება, რომ გ.მ.-ი აგრძელებდა მოპასუხესთან მუშაობას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, ვერ დადასტურდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
კასატორის მითითება, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კასატორი თავად არ აღნიშნავს საკასაციო საჩივარში, თუ რატომ არის გასაჩივრებული განჩინება უკანონო. კასატორი აღნიშნავს, რომ დასაბუთებულ კასაციას წარმოადგენს უმოკლეს ვადაში, მაგრამ მიუხედვად იმისა, რომ არაერთხელ იქნა მოწვეული სასამართლო სხდომაზე, იგი არ გამოცხადდა და არც დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა. სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა არის შრომის ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო პალატა თვლის, რომ გ.მ.-მა ვერ დაამტკიცა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების (გ.მ.-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 273-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 თებერვლის განჩინება გ. მ.-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
დაკმაყოფილდეს დ. წ.-ის, გ. გ.-ის, ს. ე.-ის, რ. კ.-ის, ვ. მ.-ის, გ. ნ.-ისა და შპს „კ.-ის“ დირექტორის შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
„1. „მუშაკი“ უარს ამბობს თავის საკასაციო საჩივარზე, ხოლო „კ.-ი“ იღებს ვალდებულებას გადაუხადოს „მუშაკს“ 4 თვის კომპენსაცია 10.680 ლარის ოდენობით.
2. „მუშაკი“ წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე კისრულობს ვალდებულებას ყოველგვარი სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო ბაჟის ჩათვლით;
3. „კ.-ი“ კისრულობს წინამდებარე შეთანხმების დადებიდან 3 თვის ვადაში, რომელიც იწურება 2004წ. 1 სექტემბრამდე, განახორციელოს 10,680 ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
„მუშაკი“
ივლისი,
2004წ
აგვისტო,
2004წ.
სექტემბერი
2004 წ.
ჯამი:
დ. წ.-ე
1,066.66
1,066.66
1,066.66
800X3=3200
გ. გ.-ე
666.66
666.66
666.66
500X3=2000
ს. ე.-ე
666.66
666.66
666.66
500X3=2000
რ. კ.-ი
466.66
466.66
466.66
350X3=1400
ვ. მ.-ი
466.66
466.66
466.66
350X3=1400
მ.ნ.-ი
226.66
226.66
226.66
170X3=680
4. „კ.-ი“ უფლებამოსილია გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გადაუხადოს „მუშაკს“ საკომპენსაციო თანხა. ასეთ შემთხვევაში „კ.-ის“ ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად.
5. მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე მორიგების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. თუ „კ.-ი“ დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ გრაფიკს (დარღვევად ჩაითვლება თუ გრაფიკით გათვალისწინებული დროისათვის არ არის სრულად გადახდილი თანხა). ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05%;
7. მხარეები აღიარებენ, რომ არა აქვთ ერთმანეთის მიმართ სხვა პრეტენზიები გარდა წინამდებარე მორიგებაში აღნიშნულისა;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 თებერვლის განჩინება დ. წ.-ის, გ. გ.-ის, ს. ე.-ის, რ. კ.-ის, ვ. მ.-ისა და მ. ნ.-ის სარჩელების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.