საქმე # 330100120003831734
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №213აპ-21 ქ. თბილისი
შ–ი ვ., 213აპ-21 28 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ვ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის აგვისტოში, თ...........ში, ..........ის ქ.N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ვ. შ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ი. ხ–ზე, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნულმა ძალადობამ ი. ხ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2020 წლის 22 ივლისს, შუადღის საათებში, თ.........ში, ..........ის ქ.N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ვ. შ–მ იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - ი. ხ–ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულმა ძალადობამ ი. ხ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2020 წლის 22 ივლისს ვ. შ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ი. ხ–სის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ვ. შ–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2020 წლის 24 ივლისს, შუადღის საათებში, ვ. შ–მ ტელეფონის ნომრიდან 995 ....... რამდენჯერმა დაურეკა მსხვერპლს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი. ხ–ს, რითაც არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ვ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის აგვისტოსა და 2020 წლის 22 ივლისის ეპიზოდები).
ვ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 25 ივლისიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ვ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო დაცვის მხარე - ვ. შ–ს სრულად გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ვ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
8. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის დანაშაულის კატეგორიის და სახის მიუხედავად. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. ხ–მ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მამხილებელი ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. მოწმე ე. გ–ს მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია კი არ წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მამხილებელ მტკიცებულებას, ვინაიდან მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, როგორც მისთვის არის ცნობილი, ი. ხ–სა და მის მეუღლეს 2019 წლის ივლისში პოლიკლინიკაში მოსვლიათ კონფლიქტი, რის გამოც გამოძახებული ჰყოლიათ საპატრულო პოლიცია, მაგრამ რით დასრულდა აღნიშნული ფაქტი, მან არ იცის (ვ. შ–ს კი ბრალად წარდგენილი აქვს 2019 წლის აგვისტოში ჩადენილი ძალადობის ფაქტი); რაც შეეხება 2020 წლის 22 ივლისის ძალადობის ფაქტს, ე. გ–მ აღნიშნულის შესახებ იცის დაზარალებულისგან.
10. ი. ხ–სის მიერ სსიპ 112-ისთვის შეტყობინების და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს ი. ხ–სის ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო.
11. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, დაზარალებულმა ი. ხ–მ მიუთითა ადგილები, სადაც 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის 22 ივლისს მისმა მეუღლემ - ვ. შ–მ მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტუნებელ განაჩენს (მათ შორის როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება, ვითარების აღდგენა და რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ექსპერიმენტის დროს არ ამოღებულა. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მართალია რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N 315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20 ). მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
12. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.
13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე