საქმე # 330100119003154457
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №214აპ-21 ქ. თბილისი
ს–ი თ., 214აპ-21 31 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,
რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 ივლისს, საღამოს საათებში, თ........ში, ........., მე-.. მ/რ-ნი, კორპუსი №..., ბინა №...-ში, ალკოჰოლით მთვრალმა თ. ს–მ, ოჯახური კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ე. ს–ზე, კერძოდ: თ. ს–მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში და უკბინა მარჯვენა ხელზე, რამაც გამოიწვია ე. ს–ს სხეულის დაზიანება და ფიზიკური ტკივილი. ე. ს–მ შეძლო მეუღლისგან თავის დაღწევა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, განაცხადა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც თ. ს–ი დააკავეს ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით თ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით თ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
თ. ს–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის დანიშვნას შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი დანაშაულებრივი ფაქტის - ოჯახური ძალადობის არსებობის დადგენისათვის, კერძოდ: დაზარალებულმა ე. ს–მ მყისიერად გადათქვა მის მიერ თ. ს–ს დანაშაულში მამხილებელი ინფორმაცია, ხოლო სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ ძნელია მოვლენათა თანმიმდევრული ბმის განხორციელება. არასრულწლოვანმა მოწმეებმა - თ. ს–მ და ნ. ს–მ უარყვეს მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, სხვა თვითმხილველი კი 2019 წლის 8 ივლისს სოინოვების ოჯახში განვითარებულ ინციდენტს არ ჰყოლია.
9. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს. მოწმეების - პატრულ-ინსპექტორების, ა. ა–სა და ვ. ო–ს ჩვენებებით, მართალია, ისინი მყისიერად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ძალადობის ფაქტი არ დაუნახავთ. ასევე, თ. ს–ს მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობის თვითმხილველი არ ყოფილა მოწმე ხ. გ–ი-ა–ი. დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია; ისინი თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დაზარალებულმა ე. ს–მ განმარტა, რომ თ. ს–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახეში და უკბინა ხელზე. პოლიციელების განმარტებით, მათ დაზარალებულმა აჩვენა ნაკბენი ადგილი, აშკარად ეტყობოდა დაზიანების კვალი. ე. ს–მ აღნიშნულ დაზიანებასთან დაკავშირებით კი მიუთითა სამსახურში შემთხვევამდე ერთი კვირის წინ მიღებული ტრავმის შესახებ.
10. საქმეში არ მოიპოვება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც, სავარაუდოდ, მითითებული იქნებოდა დაზიანების მორფოლოგია და განსაზღვრული იქნებოდა მისი მიღების ხანდაზმულობა, მითუფრო, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის - თ. გ–ის განმარტებით, გამოძახების ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ საპატრულო პოლიცია და ე. ს–ი, შვილებთან ერთად. ქალბატონი იყო აღელვებული, აცხადებდა, რომ არ საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, არ უჩიოდა არაფერს და არ მისცა ექიმებს შემოწმების საშუალება. მისივე განმარტებით, ე. ს–ს სხეულზე გარეგნულად არ აღენიშნებოდა დაზიანებები. ასეთ ვითარებაში, ოჯახური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად შემაკავებელი ორდერი და სსიპ ,,112-ში‘‘ გაკეთებული შეტყობინებები (სსიპ ,,112-ში‘‘ შესული ზარი არ ადასტურებს კონფლიქტის დეტალებს) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ. ს–მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე