Facebook Twitter

საქმე # 110100119003307316

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N319აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ი ჯ., 319აპ-21 20 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ილია გელბახიანის

ადვოკატ –ტ. კ–ს

მსჯავრდებულ - ჯ. ბ–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ–ს და ტ. კ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე და საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ჯ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით. ჯ. ბ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან - 2020 წლის 20 ნოემბრიდან.

2. ჯ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 აგვისტოს, ქ. ..........ში, ...........ს ქუჩაზე, 16:20 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ. ...........ში, დ. ..............ის ქუჩა N..-ში მცხოვრებმა ჯ. ბ–მ ფიზიკურად იძალადა ს..........ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში რეგისტრირებულ დ. ტ–ს ძე ტ–ზე. კერძოდ: მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ. ტ–მ მარცხენა თვალზე მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, საერთო შრომის უნარის მყარი - 35%-ით დაკარგვით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ბ–მ და მისმა ადვოკატებმა - გ. ტ–მ და ტ. კ–მ, რომლებმაც მოითხოვეს განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ჯ; ბ–თან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სასჯელის შემცირება.

5. 2021 წლის 14 მაისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საჩხერის რაიონულ პროკურატურას შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

6. 2021 წლის 14 მაისს პროკურორმა ილია გელბახიანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს შორის 2021 წლის 14 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ ჯ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი.

7. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ–მ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე ჯ. ბ–ს მიმართ.

8. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ილია გელბახიანმა, მსჯავრდებულმა ჯ. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ. კ–მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ილია გელბახიანსა და მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ჯ. ბ–ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ადვოკატებისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს. სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ჯ. ბ–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. ჯ. ბ–ი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ჯ. ბ–ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ. ბ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გაკეთებულია სწორად. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

7. ჯ. ბ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ დ. ტ–ს გამოკითხვის ოქმის, მოწმეები: მ. გ–ს, ე. ც–ს, ლ. გ–ს, დ. მ–ს, ლ. ტ–ს, ლ. კ–ს, ზ. წ–ს, მ. შ–ს გამოკითხვის ოქმების, დ. ტ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

9. ამდენად, საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორების ჯ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას და საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ილია გელბახიანსა და მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს შორის;

4. ჯ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალოს პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი.

მსჯავრდებულ ჯ. ბ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2020 წლის 12 ნოემბრიდან;

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. მსჯავრდებულ ჯ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ყ–ს და ტ. კ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენის გაუქმების შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე