ბს-133-125(კ-06) 14 ივნისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):
1. ოზურგეთის სოფ. ..... საკრებულო
2. ხ. ჭ-ა
დავის საგანი _ კომლის ჩანაწერის გაუქმება, კომლიდან ამოწერა, ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 17 მაისს ნ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ოზურგეთის რაიონის სოფელ ..... საკრებულოსა და ხ. ჭ-ას მიმართ და სოფელ .... ვ. და ა. ჩ-ის კომლში ხ. ჭ-ას ჩაწერის გაუქმება, ხ. ჭ-ასა და მისი ოჯახის წევრების აღნიშნული კომლიდან ამოწერა და საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ .... გარდაიცვალა მამამისი _ ვ. ჩ-ე, ხოლო 2004 წლის აპრილში ბებია _ ა. ჩ-ე. ვ. და ა. ჩ-ებს ოზურგეთის რაიონის სოფელ .... გააჩნდათ საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი და მოძრავი ქონება. ვ. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის მეთაური მოსარჩელის ბებია გახდა. მოსარჩელის თქმით, როგორც მამა და ბებია ჰპირდებოდნენ, მათი ქონება მას უნდა დარჩენოდა, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომლში ჩაწერილი იყო მამამისის გერი _ ხ. ჭ-ა, ხოლო თვითონ მოსარჩელე, მიუხედავად მამისა და ბებიის ხშირი შეთავაზებისა, კომლში არ ყოფილა ჩაწერილი. ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობდა და სწავლობდა ქ. ბათუმში, საჭიროდ არ ჩათვალა კომლში ოფიციალურად ჩაწერა, რადგან ვერ წარმოედგინა, თუ აღნიშნულ ქონებაზე რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, რამდენადაც კომლში მამისა და ბებიის გარდა არავინ იყო ჩაწერილი და მემკვიდრეობაც მასზე გადავიდოდა.
ნ. ჩ-ის მითითებით, ხ. ჭ-ა და დედამისი _ მ. ჭ-ა კომლის წევრების სიცოცხლეში კომლში არ იყვნენ ჩაწერილები, რადგან ვ. და ა. ჩ-ები აღნიშნულზე უარს აცხადებდნენ. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ მოსარჩელის მამა მის დედასთან არ განქორწინებულა, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სიცოცხლის ბოლომდე, რათა მ. ჭ-თან ხელი არ მოეწერა და კომლში არ ჩაეწერა იგი.
მოსარჩელის მტკიცებით, კომლში ხ. ჭ-ას ჩაწერა მოხდა მოსარჩელის მამის და ბებიის ნების საწინააღმდეგოდ, მათგან ფარულად და უკანონოდ, ვინაიდან წერილობითი თანხმობები, რაც დაადასტურებდა მათ თანხმობას აღნიშნულზე და აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ ხ. ჭ-ა კომლის წევრი გამხდარიყო, არსად მოიპოვებოდა.
მოპასუხე ხ. ჭ-ამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ნ. ჩ-ე სოფელ ..... არასოდეს ყოფილა ჩაწერილი და დაბადებიდან ქ. ბათუმში ცხოვრობდა, ხოლო თვითონ 13 წლის ასაკიდან სოფელ .... ცხოვრობდა, სწავლობდა დაბა ურეკში, 1992 წელს შეირთო ცოლი, ვ. ჩ-ემ კი, საკუთარი სურვილითა და განცხადების საფუძველზე, იგი ჩაწერა კომლში, რაც კომლში ხ. ჭ-ას მეუღლის ჩაწერის საფუძველიც გახდა. მართალია, ხ. ჭ-ას დედა და ვ. ჩ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ აღნიშნულ გარემოებას ხელი არ შეუშლია კომლში მისი ჩაწერისათვის, რადგან, ჩ-ების კომლში ისიც ცხოვრობდა და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ჩ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ ...., საკოლმეურნეო კომლში ცხოვრობდნენ მოსარჩელე ნინო ჩხაიძის მამა _ ვ. ჩ-ე და ბებია _ ა. ჩ-ე. ვ. ჩ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ჩ-თან გარდაცვალების დღემდე, თუმცა მასთან არ ცხოვრობდა. ვ. ჩ-ის რეგისტრირებული მეუღლე ცხოვრობდა ქ. ბათუმსა და სოფელ ...., საკოლმეურნეო კომლში ჩაწერილი არ ყოფილა. ქორწინებიდან მათ ჰყავდათ ორი შვილი _ ნ. და ნ. ჩ-ები, რომლებიც ასევე ცხოვრობდნენ დედასთან ქ. ბათუმში და ვ. ჩ-ის კომლში არ ყოფილან ჩაწერილი. ვ. ჩ-ე 1984 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ .... მცხოვრებ მ. ჭ-თან, რომელსაც ჰყავდა შვილი _ ხ. ჭ-ა. ისინი 1984 წლიდან ცხოვრობდნენ სოფელ ...., ვ. ჩ-ის კომლში. შესაბამისი საკომლო წიგნებითა და სოფელ .... საკრებულოს გამგებლის მიერ 2005 წლის 11 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ ხ. ჭ-ა ვ. ჩ-ის კომლში 1992 წელს ჩაეწერა. ის ფაქტი, რომ ხ. ჭ-ა 1986 წლიდან ცხოვრობდა ვ. ჩ-ის კომლში, დგინდებოდა სოფელ .... სასოფლო საბჭოს ¹2 საკომლო წიგნის ჩანაწერებით. მოცემული საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ვ. ჩ-ე 2003 წელს, ხოლო ა. ჩ-ე _ 2004 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც კომლის მეთაური ხ. ჭ-ა გახდა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხ. ჭ-ა იყო ვ. ჩ-ის კომლის ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, ვ. და ა. ჩ-ების გარდაცვალებით ვერ გაიხსნებოდა სამკვიდრო, რადგან კომლის წევრებად დარჩნენ ხ. ჭ-ა, მისი მეუღლე და შვილი, ხოლო აღნიშნული კოდექსის 1323-ე მუხლის შესაბამისად, კომლში საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნებოდა კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა კომლიდან ხ. ჭ-ას ამოწერისა და საცხოვრებელი სახლიდან მისი გამოსახლების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება ნ. ჩ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი _ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 312-ე მუხლი და 123-ე მუხლის პირველი ნაწილი, აგრეთვე, დაარღვია აღნიშნული ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი _ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 1323-ე მუხლი, ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 122-ე მუხლი და «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტიც _ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
კასატორი აღნიშნავს, რომ მამის _ ვ. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 1336-ე მუხლის თანახმად, ვ. ჩ-ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრე იყო 4 პირი _ კასატორი, მისი და, დედა და ბებია, რომლებმაც, ფაქტობრივად, მიიღეს სამკვიდრო ქონება აღნიშნული კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი რიგის კანონით მემკვიდრე იყო კასატორი და მისი და, ხოლო კასატორს მისი ბებიის სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი მართვით.
კასატორის მტკიცებით, ხ. ჭ-ა და მისი ცოლ-შვილი კასატორის მამისა და ბებიის ყოფილ კომლში ჩაწერილები არ ყოფილან, რადგან მოპასუხეებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს აღნიშნულ კომლში ჩაწერის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. არასწორია გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხსენებულ კომლში ხ. ჭ-ასა და მისი ცოლ-შვილის ჩაწერის ფაქტი ცნობილი იყო ვ. ჩ-ვის, ვინაიდან ... თემის საკრებულოს 1992-2000 წლების საკოლმეურნეო წიგნებში ვაჟა და ანეტი ჩხაიძეების საკოლმეურნეო კომლის ჩანაწერების ბოლოს ვ. ჩ-ის სახელით შესრულებული ხელმოწერები არ ეკუთვნის ვ. ჩ-ეს.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ. ჭ-ა 1992 წლის 16 მარტს ამოეწერა ლანჩხუთის რაიონის სოფელ .... ოზურგეთის რაიონის სოფელ .... და არა სოფელ ..... საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, სოფელ .... მდებარე 9000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ირიცხება არა კომლის, არამედ აწ გარდაცვლილი ვ. ჩ-ის საკუთრებად. მოპასუხეებმა ვერ წარუდგინეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულება სოფელ .... ვ. ჩ-ის კომლის საკუთრებაში რაიმე უძრავი ქონების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 1323-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.
კასატორის განმარტებით, მოპასუხე .... თემის საკრებულომ მოპასუხე ხ. ჭ-ა თავისი ცოლ-შვილით ვ. და ა. ჩ-ების კომლში ჩაწერა ამ უკანასკნელთა თანხმობის გარეშე, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ.) 123-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მათი კომლში ჩაწერა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ბათილია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება _ დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია რეგლამენტირებული. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებულ ცნებას აკონკრეტებს და ადგენს, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
მოცემულ დავაში ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხ. ჭ-ას და მისი ოჯახის კომლის წევრებად ჩაწერის გაუქმება, მათი კომლიდან ამოწერა და სადავო ბინიდან გამოსახლება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა არსებითად ეხება კომლის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოპოვებისა და წევრების გარდაცვალებისას მემკვიდრეობის მიღების წესს, რაც თავისი ბუნებით კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას წარმოადგენს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" ორგანული კანონი სოფლის საკრებულოს ან გამგეობის კომპეტენციაში კომლის რეგისტრაციისა და საკომლო წიგნის წარმოების ფუნქციას არ ითვალისწინებს. საკომლო დავთარს რაისაბჭოს აღმასკომი აწარმოებდა, რომელიც ,,საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ" 25.12.68 წლის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას ახდენდა და რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას. ამჟამად მოქმედი ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად კი, საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და რეგისტრაციიდან მოხსნას შინაგან საქმეთა ორგანოები ახორციელებენ.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 22.09.92 წლის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93 წლის ¹29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, საკოლმეურნეო კომლის სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა და იგი საკომლო მეურნეობად ჩამოყალიბდა, რომელიც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით, ფერმერულ მეურნეობას წარმოადგენს და მისი ძირითადი დანიშნულებაა არა დამხმარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვა. ფერმერული მეურნეობა «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» 22.03.96 წლის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. აღნიშნული ნორმა 14.06.2000წ. კანონით გაუქმდა, დღემდე არც საადგილმამულო წიგნი შექმნილა. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" კანონის 21.2 მუხლი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება, რაც გულისხმობს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და საადგილმამულო მეურნეობაზე, კომლის წევრობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობები სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოწესრიგდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადღეისოდ კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი, თავისი ბუნებით არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტს. იგი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებას და მოვალეობას. საკომლო წიგნში ჩანაწერი, სამართლებრივად, ტექინვენტარიზაციის ბიუროში ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მსგავსია, რომელსაც უფლებაწარმომქნელი მნიშვნელობა არ აქვს. დავთარში რეგისტრაციის სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლებისწარმომქმნელი კერძო-სამართლებრივი ხასიათის მატერიალურ-სამართლებრივი, ქონებრივი-საოჯახო ურთიერთობებით, რის გამოც არ არის მართებული სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, რაც პროცესუალური კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიიჩნევა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ კი სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ძე საქმის განხილვისას სასამართლოს წინაშე აყენებდა საკითხს საქმეში წარმოდგენილი, 1992 წლის 3 ივლისის ¹3/8@განცხადებაზე გაკეთებული წარწერის: «ჩაუწერეთ პასპორტში» (ს.ფ 62) და საკომლო წიგნში ყოველწლიურად განხორციელებული ვაჟა ჩხაიძის ხელმოწერის (ს.ფ. 58) სიყალბის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართლია, კასატორს კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა არ მოუთხოვია, მაგრამ, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ საკითხზე ეჭვის წარმოქმნისას, სასამართლოს თავად შეეძლო დაენიშნა ექპერტიზა და დაედგინა, ხ. ჭ-ას და მისი ოჯახის კომლში ჩაწერაზე კომლის უფროსი _ ვ. ჩ-ე იყო თუ არა თანახმა. ნიშანდობლივია, რომ კომლის წევრების: ვ. ჩ-ისა და ა. ჩ-ის წერილობითი თანხმობები ხ. ჭ-ას კომლში ჩაწერის შესახებ არ მოიპოვება და სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ ზემოხსენებულ 1992 წლის 3 ივლისის ¹3/8@განცხადებასა და საკომლო წიგნზე დააფუძნა. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ხსენებული გარემოებაც უნდა გამოიკვლიოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი საქმე ადმინისტრაციული კატეგორიის დავას არ განეკუთვნება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად განსჯად სასამართლოს გადაეგზავნოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.