Facebook Twitter

საქმე # 020100118002628821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №32აპ-21 ქ. თბილისი

ჩ–ა ზ., 32აპ-21 18 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კონსტანტინე არნანიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე რედაქცია) და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ო. ბ–ს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, ქ.ზ.......ში, ..........ას ქუჩაზე რ............ის ქუჩის მიმართულებით მოძრავი „სპორტ-ცბრ“-ს მარკის მოტოციკლი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........., რომელსაც მართავდა ო. ბ–ა, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.7 (ბ) მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მოძრავ „დაიჰაცუს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......, რომელსაც მართავდა ზ. ჩ–ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ო. ბ–ამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზ. ჩ–ა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გაუქმდა ზ. ჩ–სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აგვისტოს №12/1123-18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზ......ის რაიონის სოფელ .....ში (საკადასტრო კოდით .......) უნდა მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

გამართლებულ ზ. ჩ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი და ობიექტური სასჯელის დანიშვნას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების (მათ შორის: ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები) საფუძველზე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას საქმისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით საკითხებთან დაკავშირებით.

9. საქმეში არსებული დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასაბუთებულად გამოირიცხა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებები, ზ. ჩ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა.

10. საქმის მასალებში არსებულ - დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ - სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ჩატარებული კვლევები, გამოყენებული მეთოდოლოგია, ტექნიკური გამოთვლები, რეკონსტრუირებულია ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორია, დადგენილია შეჯახების კუთხე. აღნიშნული დასკვნის და ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების ჩვენებების თანახმად, მოტოციკლის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს (იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია), რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება). კერძოდ:

11. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დ. გ–მ განმარტა, რომ ექსპერტიზის ფარგლებში მათ მიერ (ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტ ზ. თ–სთან ერთად) განისაზღვრა შეჯახების კუთხე - დაახლოებით 30 გრადუსი - და საქმის მასალების მიხედვით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში საგზაო სატრანპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული ავტომობილ „დაიჰაცუს“ მძღოლზე და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა, არ აღმოჩნდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა მოტოციკლის მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნის დარღვევამ.

12. ექსპერტ დ. გ–ს განმარტებით, ავტომობილის შეჯახების კუთხეს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა და მისი განსაზღვრა აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით ის განსაზღვრული არ ყოფილა.

13. მოწმის განმარტებით, თუ ავტომობილი პირველი სამოძრაო ზოლიდან დაიწყებდა მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულებას, შეჯახებისას ნაცვლად 30 გრადუსიანი კუთხისა, შექმნიდა 70-80 გრადუსიან კუთხეს. აქედან გამომდინარე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა არ შეიძლება განვითარებულიყო ისე, როგორც მოტოციკლის მძღოლი განმარტავს.

14. მოწმის განმარტებით, ვინაიდან, ავტომობილი და მოტოციკლი მოძრაობდნენ ერთ სამოძრაო ზოლში, კანონი ავტომობილის მძღოლს აძლევდა საშუალებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეესრულებინა მარცხნივ მოხვევის მანევრი (როდესაც საპირისპირო ზოლში მანქანა არ იმყოფებოდა). ამასთან, ავტომობილის მძღოლი არ იყო ვალდებული გაეთვალისწინებინა იმავე სამოძრაო ზოლში მის უკან მოძრავი მოტიციკლი. შეჯახების მომენტში ავტომობილის მძღოლს არ გადაუკეტია მოტოციკლის სამოძრაო ზოლი, ვინაიდან ზ. ჩ–ა მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლი და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად ავალდებულებდა მოტოციკლის მძღოლს, დაეცვა დისტანცია მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან.

15. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ზ. თ–მ დაადასტურა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გზის სავალ ნაწილზე ხაზები არ არის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასეთ დროს მძღოლმა თვალის ზომით უნდა მოახდინიოს გზის სავალი ნაწილის გაყოფა. იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მოძრაობდა ავტომობილი და მოტოციკლი, იმ სამოძრაო გზაზე ორი სამოძრაო ზოლია ავტომობილი მთლიანად მოძრაობდა მეორე სამოძრაო ზოლში, იმავე ზოლში მოძრაობდა მოტოციკლიც. ავტომობილი მოტოციკლისთვის წარმოადგენდა მის წინ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. როდესაც ერთ სამოძრაო ზოლში მოძრაობს ორი სატრანსპორტო საშუალება, წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას აქვს უფლება შეასრულოს ნებისმიერი მანევრი და დისტანციის დაცვის ვალდებულება აქვს უკან მოძრავ მძღოლს. ერთ სამოძრაო ზოლში არც გასწრება შეიძლება და არც გვერდის ავლა. განსახილველ შემთხვევაში ორივე სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა ერთი სამოძრაო ზოლი, სადაც გავლის უპირატესობით წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება სარგებლობდა.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

17. ამდენად განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კონსტანტინე არნანიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე